კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზარდიაანთკარში ომის შედეგად დაზიანებული სახლები ინგრევა

18 ივლისი, 2021
                                                                    ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი
 
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში, ომის შედეგად დამწვარი და დაზიანებული სახლები უყურადღებობისგან ინგრევა. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში, ომის შედეგად დაზიანებული შენობების აღდგენას არაერთხელ დაპირდა. ადგილობრივებიც 2013 წელს სოფელში სწორედ იმ პირობით დააბრუნა, რომ სახლების რეაბილიტაცია მოხდებოდა. ნანა ქოზაშვილი, ერთ-ერთია, რომელსაც დღემდე ომის შედეგად გადამწვარი სახლის ნანგრევებში უწევს ცხოვრება, მისთვის ხელისუფლებას არც კომპენსაცია მიუცია. 
 
„13 წელიწადია ამ დღეში ვართ, 5 წელი საერთოდ ვერ შემოვდიოდით. შემოგვიყვანეს და დღემდე დამწვარი სახლის ერთ პატარა 9 კვ/მ ოთახში ვცხოვრობთ. წყალი ჩამოგვდიოდა. შემდეგ შევაკოწიწეთ რაღაცები და როგორც იქნა, ჭერი გადავხურეთ. მთლიანად სახლებს თუ არ გაგვირემონტებენ, ერთი ოთახიც რომ გაგვიკეთონ, მაგაზეც მადლობელი ვიქნებით, მაგრამ არავინ  არის, ვინც დაგვეხმარება. დაპირებები იყო ყოველ წელს. მოვიდოდნენ, გაზომავდნენ, გვეუბნებოდნენ - გაგიკეთებთო, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ“, - აცხადებს ზარდიაანთკარში მცხოვრები ნანა ქოზაშვილი.
 
ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ადამიანები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული და გადამწვარი სახლების აღდგენას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლები დღითიდღე ინგრევა. რამდენიმე თვის წინ გაბლიშვილების ოჯახი სახლის მეორედ აფეთქებას გადაურჩა. მათი სახლის კედელი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ჩამოინგრა და ჩამოშლილი მასა გაზის მილს დაეცა.
 
ციცინო ელიკაშვილი, ზარდიაანთკარში მცხოვრები: „დაზიანდა გაზის მილი და კიდევ კარგი, გადავრჩით. გაზქურა არ გვქონდა ანთებული, თორემ გაჟონილი აირი სახლს ააფეთქებდა. ჩვენი სოფლის სახლები დაიწვა ომის დროს. ამის მერე წვიმამ, თოვლმა და ქარმა დააზიანა  სახლის დამწვარი კედლები. 11 მარტს კედელი გადმოინგრა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არ მოჰყვა, და გადავრჩით. ასეა დაზიანებული ჩვენი სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, რასაც დროულად უნდა მიხედვა მთავრობისგან“ .
 
2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების თქმით ხელისუფლება მათ არაერთხელ დაჰპირდა, რომ სახლებს გაურემონტებდა, თუმცა ქართული ოცნების მთავრობამ ამ ადამიანებისთვის ომიდან 13 წლის შემდეგაც ვერ მოიცალა. ზარდიაანთკარელებს ადგილობრივი ხელისუფლება, ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონის მიზეზით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ამისამართებს, ცენტრალური ხელისუფლება კი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დასახმარებას ომიდან 13 წლის შემდეგაც ვერ ახერხებს.
 
„ვეხვეწებით მთავრობას და ორი ფიცარი ვერ მოუციათ, რომ გავაკეთოთ ეს სახლები. მპირდებოდნენ და რამდენჯერმე მითხრა გორის მერმა, თავზარაშვილმა, რომ გამომიგზავნიდა, მაგრამ… მთავრობას ჩვენ არ ვადარდებთ და არავის“ , - ამბობს ზოია გაბლიშვილი.
 
უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველეობის პერიოდში არაერთხელ იყო ჩასული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის - ზარდიაანთკარში. ერთ-ერთი საკითხი სწორედ დამწვარი სახლების აღდგენა იყო, რომლის აღდგენის შუამდგომლობითაც ხელისუფლებას მიმართა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არც მაშინ და არც ახლა ნება არა აქვს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთა მდგომარეობა ოდნავ მაინც გააუმჯობესოს, რათა ეს სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს.
 
,,ამ პრობლემაზე, სახალხო დამცველობის პერიოდში, სპეციალური ანგარიშიც მოვამზადე, შემდგომაც არაერთხელ ვეწვიე ზარდიაანთკარს, განსაკუთრებით - იმ ადგილებს, სადაც დღემდე ასეთი არაერთი ოჯახი ცხოვრობს. მოლოდინი არსებობდა წლების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილმა, რამდენიმე ადამიანმა მიიღო კომპენსაცია. დიდ ნაწილს კი, რომელთა სახლებიც იყო დაზიანებული ომის შედეგად, დღემდე არაფერი მიუღია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა კონკრეტული ადამიანების დახმარების ნება. არაერთი რეკომენდაცია  და შეხვედრა იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ფაქტია, იმის მიუხედავად, რომ მოხდა ზარალის დათვლა, სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. ათეულობით ოჯახი ისევ დაზარალებულია  და ვერ ახერხებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას.  აქ საკითხი დგას სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობაზე. სახელმწიფოს რეალურად არ აინტერესებს იქ მაცხოვრებელი ადამიანების მდგომარეობა. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სჭირდება მეტი ზრუნვა და დახმარება, სახელმწიფოსგან დამატებითი პროგრამების განხორციელება. სახელმწიფო კი, ელემენტარულად, მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ვერ ახერხებს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოგვარდა“,  - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
 
„ქართული ოცნების“ დაპირებიდან, რომელიც განადგურებული საცხოვრებელი სახლების აღდგენას ეხებოდა და დღემდე არ შესრულებულა,  8 წელი გავიდა. ხელისუფლების უყურადღებობიდან გამომდინარე, დაზიანებული  სახლები ინგრევა, სოფელი კი მოსახლეობისგან იცლება.

ახალი ამბები