კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი: შესაძლებელია, მომავალში ჩვენ კიდევ გვყავდეს სხვა „გახელაძეები“.

28 ივლისი, 2021
 ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი 

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქ კირილეს შუამდგომლობით შეიწყალა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში რუსეთის პატრიარქს დახმარების წერილით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის, ვადიმ გობოზოვის შეწყალება მოითხოვა, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში განზრახ მკვლელობის მუხლით იხდიდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვადიმ გობოზოვი ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის გადმოცემამდე რამდენიმე დღით ადრე შეიწყალა. იგი დე ფაქტო მთავრობას 13 ივლისს გადასცეს. მომდევნო დღით კი პროცესი ზაზა გახელაძის გათავისუფლებით გაგრძელდა. 

ზაზა გახელაძემ გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი ერგნეთის ბლოკ-საგუშაგოსთან გააკეთა, მის დასახვედრად ერგნეთში საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა. გახელაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, რუსეთის ხელისუფლების გარდა, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.

„მე ვერ ვეტყვი რუსეთს მადლობას, რადგან მათ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამიტაცეს“, - თქვა ზაზა გახელაძემ. 

თუმცა, რუსეთის პატრიარქს და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ: „მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში: საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ეკლესიას და უშუალოდ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა, რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ჩართულობა და ოსურ მხარესაც, რომელმაც, ასე ვთქვათ, შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს".

ზაზა გახელაძეს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მისი გათავისუფლება დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მოლაპარაკებების პროცესი ამ ერთი წლის განმავლობაში ჩიხში არაერთხელ შევიდა. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით humanrights.ge შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

- როგორ ფიქრობთ, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვისი დამსახურებაა: ხელისუფლების, საპატრიარქოს თუ უბრალოდ, გაცვლა მოხდა? 
- გვაქვს როგორც გაცვლის ელემენტები, ისე ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან ჩართულობა, რამაც საერთო ჯამში დადო შედეგი. სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძის ოჯახმა ხმა ამოიღო და დაიწყო პროტესტის სახით უკმაყოფილების გამოხატვა. ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან უკვე მოჰყვა აქტიურობა და პროცესში საპატრიარქოს ჩართვაც. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ გახელაძე გობოზოვში გაცვალეს, რადგან გობოზოვი რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, გახელაძეს მაინც გაათავისუფლებდნენ. 

- გახელაძის და გობეზოვის გაცვლამ, ფართო ხედით რომ შევხედოთ, რა შეცვალა ქართულ- ოსურ ურთიერთობებში? კრიზისი გააღრმავა თუ ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობა გაამარტივა? 
- გახელაძის და გობოზოვის გათავისუფლების ეპიზოდი, ქართულ-ოსური ურთიერთობებისთვის შეიძლება გამოყენებულიყო როგორც სამშვიდობო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ არ აღნიშნა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა. შესაძლებელია მომავალში ჩვენ კიდევ გვყავდეს სხვა „გახელაძეები“. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეფასებინა მათი ჩართულობაც, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი იყო. საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა მოგუდულად, მხოლოდ საკუთარ თავთან, რაც შეეხება გობოზოვს შეეცადნენ, რომ ეს ფაქტი საერთოდ დაემალათ. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არ აღუნიშნავს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დადებითი მონაწილეობა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში. ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა გახელაძე, რის გარეშეც ვერ მოხდებოდა გათავისუფლება., ამიტომ ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვაეს კარგი მომენტი, დამთბარიყო ურთიერთობები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის.
 
- იმ ფონზე, როდესაც ირაკლი ბებუა და  გენადი ბესტაევი რჩებიან უკანონო პატიმრობაში, რა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება? არ თვლით, რომ შერჩევითი იყო საქართველოს პატრიარქის ღია წერილი რუსეთის პატრიარქის მიმართ, როდესაც მხოლოდ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ითხოვდა დახმარებას და არაფერს წერდა ბებუასა და ბესტაევზე?
 - სამწუხაროდ ჩვენი 2016 წლის გამოცდილება საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა, მათ საპატრიარქოსთვის უნდა ეთხოვათ, რომ საქართველოს პატრიარქის წერილში, რომლითაც ის რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხში შუამდგომლობას სთხოვდა, საუბარი ყოფილიყო არა მხოლოდ გახელაძეზე, არამედ ცხინვალის ციხეში მყოფ გენადი ბესტაევზე და აფხაზეთში მყოფ ირაკლი ბებუაზეც. ეს იყო მოკლევადიანი წარმატებისთვის მოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა სწორი გათვლები და არ დაიწყო მუშაობა უფრო ფართო მასშტაბიან შედეგზე, ვიდრე ეს იყო ერთი ადამიანის გამოყვანა.

ახალი ამბები