კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წაღკაძორის დიალოგი

2 აგვისტო, 2021
  გოგა აფციაური 

სომხეთის მაღალმთიან კურორტ წაღკაძორის ერთ-ერთ სასტუმროში ქართულ-ოსურ-აფხაზური დიალოგი წუთიერი დუმილით დაიწყო. მონაწილეებმა პატივი მიაგეს ცხინვალელი პოლიტოლოგის, სამოქალაქო აქტივისტის, დინა ალბოროვას ხსოვნას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. გამხსნელი თემაც კოვიდპანდემია და დაზარალებული მოსახლეობა იყო. კორონავირუსმა მხარეებს შორის დიალოგიც კი შეწყვიტა. ბოლოს ის ორი წლის წინ გაიმართა, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), პროგრამა Zivik-ის მხარდაჭერით შეძლო ამ შეხვედრის ორგანიზება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასაუბრო თემები იმაზე მეტი დაუგროვდათ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი წარმოიდგენდა.


პანდემია, ჩაკეტილი გზები, უხარისხო ჯანდაცვა, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა, ადამიანის უფლებები - ამ თვალსაზრისით, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალში საგანგაშო მდგომარეობაა, სადაც აქტივისტებს ორგანიზაციებს უხურავენ, სცემენ და სისხლის სამართალში აძლევენ.

ერთ-ერთმა ცხინვალელმა მომხსენებელმა ისიც კი მოითხოვა, იქნებ გაეროს ეგიდით ჩვენთან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია შეიქმნასო. სოხუმსა და ცხინვალში სამოქალაქო აქტივიზმი სახიფათოა. 5 ივლისის შემდეგ საქართველოშიც სახიფათო ხდება. დიალოგის ფასილიტატორი მოწვეული უცხოელი ექსპერტი იყო, რომელიც ყველა მხარეს ყურადღებით უსმენდა, შეხვედრის მესამე დღეს კი ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მოგვარების გამოცდილება გაგვიზიარა. 

კაი ფრიტხოფ ბრანდ იაკობსენი-ნორვეგიელი ექსპერტი, მშვიდობის მშენებელი, გაეროს ეგიდით მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილშია ნამყოფი და ცდილობს, დიალოგების მეშვეობით, კონფლიქტის მხარეებს საერთო შეხების წერტილები აპოვნინოს.  კაი ბრანდ იაკობსენი 4 დღე ქართველების, ოსებისა და აფხაზების დისკუსიას, კამათს, იდეებსა და ურთიერთობას აკვირდებოდა. პირველი, რაც გააკეთა, დიდ ფურცლებზე სამ ენაზე - ქართულად, აფხაზურად და ოსურად - დაგვაწერინა „წახკაძორის დიალოგი“. ბოლოს საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და თქვა, რომ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში დიალოგის მონაწილეებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. 

„ვთვლი, რომ ეს იყო დიდი პატივი, შევხვედროდი და ვყოფილიყავი ყველასთან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ დიალოგში. ადამიანების მზაობიდან გამომდინარე, მოეყოლათ საკუთარ თემზე, მოესმინათ ერთმანეთისთვის, დაეთმოთ დრო და ჩაღრმავებოდნენ მნიშვნელოვან საკითხებს, პრობლემებს ერთობლივად. გამოიკვეთა, რომ საკმაოდ ბევრია მათ შორის საერთო. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც თითოეულ მათ თემში განსხვავებულია და არის საკითხები, რომლებსაც ყველა მათგანი იზიარებს. და ის მთავარი ელემენტი, რაც გამოიკვეთა, არის ყველა მონაწილის საერთო სურვილი, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ვფიქრობ, გასაოცარი და გასახარია ის, რომ არა მხოლოდ საერთო თემებზე საუბარია შესაძლებელი, არამედ უკეთეს მომავალზეც, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“. 

დიალოგის ბოლო დღე იდეების გაცვლას და საპროექტო წინადადებების განხილვას დაეთმო. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის იდეაა, შეიქმნას ჟენევის დისკუსიების პარალელური პროცესი, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამივე მხრიდან ჩაერთვებიან. ჟენევის დისკუსიის ფორმატში ამჟამად ორი ჯგუფია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული. პოლიტიკური უთანხმოებების გამო, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაც ვერ ხერხდება. ჯერ ისევ ჩაკეტილია გზები, ადამიანების უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, ამიტომ, ზაქარეიშვილის იდეის მიხედვით, ჟენევა პლუსის მონაწილეებმა პოლიტიკურ აქტორებს საკუთარი ხედვა უნდა შესთავაზონ ამა თუ იმ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. იდეა სამივე მხარის წარმომადგენლებს მოეწონათ და მასზე მუშაობა გაგრძელდება.

„მხარეები თანხმდებიან, შეხვდნენ ერთმანეთს და ამ სამმხრივმა კონტექსტმა გამოიწვია მოსაზრება, რატომ არ შეიძლება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატის ვარიანტი აითვისონ და დაეხმარონ ჟენევის ფორმატს და ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. აშკარად ჩანს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ჩემი აზრით, ჰუმანიტარული საკითხები მკვდარი წერტილიდან ვერ იძვრის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ურთიერთნდობის დონეზე გარკვეულ შეთანხმებებს მივაღწიოთ. რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და ეს ბუნებრივია, მაგრამ რაზეც ვთანხმდებით, ის შედეგები მაინც გადავცეთ ჟენევის მონაწილეებს და ვაჩვენოთ, რომ ქართველ, ოს და აფხაზ მონაწილეებს განსხვავებული აზრი აქვთ, ვიდრე ჟენევის დისკუსიაში მონაწილე პოლიტიკოსებს, და ამით დავეხმაროთ ეძებონ გამოსავალი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ადამიანის უფლებები უნივერსალურია ყველგან და ყოველთვის. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებები სამივე მხარის წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი აზრით, ჟენევა პლუსის დისკუსიებზე სწორედ ადამიანის უფლებები უნდა იყოს მთავარი თემა.

„შესაძლოა ბევრ საკითხზე გვქონდეს განსხვავებული აზრი, ბევრ თემაზე ვიკამათოთ, მაგრამ ადამიანის უფლებები არის ისეთი სტანდარტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ხშირად ვხედავთ, რომ ეს საკითხები პოლიტიკოსების ყურადღების ქვეშ ვერ ხვდება და მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ხმა მისწვდეს ყველას, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, ვინც პირველ რიგში ზარალდება იმ პოლიტიკით და იმ ომით, რომელიც დღეს ჩვენ შორის არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით როგორც ოსების, ისე აფხაზების მხრიდან, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ერთად, მომზადდეს კონკრეტული რეკომენდაციები და შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს“, - თქვა უჩა ნანუაშვილმა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტებს სამოქალაქო-სამშვიდობო დიალოგებში მონაწილეობის გამო ადგილობრივი ხელისუფლება დევნის და ისინიც ცდილობენ, რომ მათი იდენტიფიკაცია არ მოხდეს, წაღკაძორის დიალოგის  ერთ-ერთი მონაწილე, ცხინვალელი ახალგაზრდა კაცი ანონიმურობის დაცვით, ინტერვიუზე დაგვთანხმდა. აი რა თქვა ალანმა (სახელი შეცვლილია) 

„პირველ რიგში, როგორც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, ჩემი მომავალი მაინტერესებდა. მაინტერესებდა, რას ფიქრობენ ადამიანები და როგორ ხედავენ მომავალს. მაინტერესებდა, ეს ადამიანები როგორ ხედავენ კონფლიქტების გადაჭრის გზებს ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების სასიკეთოდ. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას დიალოგის მეშვეობით. ომით, რომელიც ორჯერ გვქონდა, ვერაფერიც ვერ გადავწყვიტეთ. პირიქით, ვითარება უფრო მძიმდება. როგორმე საზოგადოებებამდე უნდა მივიტანოთ აზრი - და ეს ადვილი არ არის - იმის შესახებ, რომ ხვალინდელი დღე მხოლოდ მშვიდობაზე და ჩვენზეა დამოკიდებული. აქამდე არ ვიცოდი, რას ფიქრობდნენ ადამიანები საქართველოდან, ამიტომ ჩამოვედი, რომ გამეგო და დიალოგის გარკვეული გამოცდილებაც დამეგროვებინა“, - მიპასუხა ალანმა.

- ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რა არის, რისი გადაჭრაც სასწრაფოა-მეთქი, ვკითხე.

„ჩემი აზრით, ჩაკეტილი საზღვარი. ეს არის უდიდესი პრობლემა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. დაკონსერვებულებივით ვცხოვრობთ. ეს ჩაკეტილობა კი მრავალ უსამართლობას წარმოშობს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან. უსამართლობა და განუკითხაობაა ხშირად. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და არ მინდა ეს ხდებოდეს. ჩაკეტილ საზღვრებში დაბალია განათლების ხარისხიც. ჩვენი ახალგაზრდები კი გადიან რუსეთში და იღებენ იქ უმაღლეს განათლებას, მაგრამ მე მინდა, რომ მათ განათლება ევროპაშიც მიიღონ. გარკვეული ადამიანების სიბრიყვის გამო, ბრიყვული ამბიციების გამო ისე მოხდა, რომ ორი ყველაზე უფრო ნათესაური ერი წაგვაჩხუბეს. ომის მერე ცხინვალში ბევრი ამბობს, რა გვაქვს სალაპარაკო ქართველებთან, მათ რაზე უნდა მოველაპარაკოთო? მეც ამ საზოგადოებაში გავიზარდე, მაგრამ რაც წლები გადის, ვხვდები, რომ ჯდომა, გლოვა და ამ ქვაბში მოხარშვა არ არის გამოსავალი. აუცილებელია მოძრაობა, ცვლილებები, საუბარი. ეს უკვე სულ სხვაა და მე ამას ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ“, - მითხრა ალანმა. 

წაღკაძორის დიალოგის მონაწილეები ახლა სოციალური ქსელების მეშვეობით ინაჩუნებენ ურთიერთობას და იმ საპროექტო იდეების განხორციელებაზე მუშაობენ, რომლებიც პირველ რიგში მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად არის მნიშვნელოვანი. 

სტატია მომზადდა პროექტის „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს.

ახალი ამბები