n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენის დაუსრულებელ მოლოდინში

AUG 30, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

30 ივლისს გორში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წელის ომის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. 

კომისიის სხდომას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ მათ შორის: ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სხდომიდან ორი თვე გადის - ამ დრომდე სოფელ ზარდიაანთკარში არავინ ჩასულა. ომის შედეგად დამწვარი და დაზიანებული სახლების აღსადგენად არც სამუშაოები დაწყებულა და ადგილობრივებისთვისაც არავის მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია.

ზარდიაანთკარში ციცინო ელიკაშვილი ხელისუფლებამ 2013 წელს იმ პირობით დააბრუნა, რომ ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მოხდებოდა. უკვე მე-8 წელია, რაც ხელისუფლებისგან პირობის შესრულებას და ომის შედეგად დამწვარი და დაზიანებული სახლების შეკეთებას ითხოვს. მისთვის განსაკუთრებით იმედის მომცემი იყო სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დაუჭირეს მხარი, რომელიც სოფელ ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციას ეხებოდა. ციცინო ელიკაშვილს, სხვა თანასოფლელების მსგავსად, იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებას და ზარდიაანთკარელები ხელისუფლებისგან უკვე მესამედ არ აღმოჩნდებიან მოტყუებულნი.

„ამ ეტაპზე სოფელში ინფორმაცია არ გვაქვს, როდის აპირებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. ჩვენთან არავინ მოსულა, არავის არაფერი უთქვამს. მოვისმინეთ პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ აღადგენენ სახლებს, მაგრამ უშუალოდ მოსახლეობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირებიდან ორი თვე გავიდა, ჯერჯერობით არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დაგვკავშირებია. სახლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რაც დრო გადის, კედლებს და სახურავებს უფრო მეტად აზიანებს წვიმა, ქარი და თოვლი. როგორც იქნა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, მივაღწიეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა. დიდი მოლოდინი გვაქვს. გვინდა, რომ რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს და აღარ მოხდეს ამ ყველაფრის გადადება“, - ამბობს ციცინო ელიკაშვილი.

რატომ ჭიანურდება, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის დაწყება, ამ საკითხზე, გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს დავუკავშირდით. მერი ამბობს, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე ჯერ კომისიამ უნდა იმუშაოს და აღწერა მოხდეს დაზიანებული სახლების და სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრებლების, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე გორის საბავშვო ბაღის შენობებში რჩებიან. 

„შევქმენით სპეციალური ოქმი, რომელზე ხელმოწერითაც ოჯახები დაგვიდასტურებენ, რომ ბინების გარემონტების შემთხვევაში, ისინი დაბრუნდებიან სოფელში. მას შემდეგ, რაც დაზარალებულები ამ ოქმზე ხელს მოაწერენ, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს საბავშვო ბაღებში. სწორედ ამიტომ დადგა ამ ოქმის შედგენის აუცილებლობა. პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რა უნდა გაუკეთდეს თითოეულ სახლს. ამ ეტაპზე კი ვიწყებთ თითოეულ ოჯახთან კომუნიკაციას, რომ მოხდეს ოქმებზე ხელის მოწერა, შემდეგ კი უკვე რეაბილიტაციის დაწყება”, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელსაც მერის უფლებამოსილება ერთ თვეში ეწურება და უკვე ახალარჩეულ მერს მოუწევს პროექტის გაგრძელებაზე ზრუნვა.

მერაბ მახარაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და მის სამაჟორიტარო ოლქში, ზარდიაანთკარიც შედის, ამბობს, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების მიმართ და ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მალე უნდა დაიწყოს: „5 წლის წინ შეიქმნა რამდენიმე ადამიანისაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია, რომელმაც დაითვალა ზარდიაანთკარში არსებული ზარალი. მოგეხსენებათ, ომის შედეგად დაზიანდა სახლები, გვქონდა დამწვარი და გაძარცვული ბინები. ჩემი ინფორმაციით, კომისიის მიერ დათვლილი ზარალი საშუალოდ 750 000 ლარით განისაზღვრა. უახლოეს მომავალში დაიწყება ამ სახლების რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ის ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში ცხოვრებას, უკვე შეძლებენ დაუბრუნდნენ საკუთარ ბინებს“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიტიური შეფასებების პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში, ნახევრად დანგრეულ სახლებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ სახლების აღდგენის პროექტმა იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც წინა წლებში მოხდა, როდესაც ხელისუფლება ანალოგიურად, ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდა, ზარალის შემსწავლელი კომისიაც შეიქმნა, მაგრამ დაზარალებულებისთვის არც ზარალი აუნაზღაურებიათ და ახლაც დანგრეულ სახლებში უხდებათ ცხოვრება.

ახალი ამბები