კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივისტის მიმართ გამოწერილი ჯარიმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა

10 სექტემბერი, 2021
 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო აქტივისტის - სოფიო ბასილაძისათვის დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სოფიო ბასილაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

წინაისტორია: 2020 წლის 30 ნოემბერს სოფიო ბასილაძე ქ. ქუთაისში ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებულ ნაგვის ურნასთან იდგა და ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც, ბუნებრივია, არ ეკეთა პირბადე (პირბადე თან ჰქონდა). ამავე დროს, სოფიო ბასილაძეს საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. მასთან მივიდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი და შეატყობინა, რომ მის სახელზე  საჯარიმო ქვითრის გამოწერას აპირებდა. სიგარეტის მოწევის დასრულებისას ბასილაძემ გაიკეთა პირბადე და ამით დაემორჩილა პოლიციის წარმომადგენლის მოთხოვნას. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველმა მაინც გამოწერა ჯარიმა, რომელიც ბასილაძემ დახია, რადგან ჩათვალა, რომ პოლიციელის ქმედება არასამართლიანი იყო. მისი თქმით, პოლიციელმა მას აგრესიულად და დამცინავად დაუწყო საუბარი - ეუბნებოდა, რომ ქვითრის ნარჩენები ნაგვის ურნაში ჩაეყარა. ამ ყველაფერმა სოფიო ბასილაძის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედა და წარმოთქვა სამართალდამცავის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა. ამ ქმედების გამო პოლიციელმა ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახა და პოლიციელები ერთობლივად ეცადნენ სოფიო ბასილაძის დაკავებას. თუმცა, იქ მყოფი მოქალაქეების და ბასილაძის მეგობრების ჩარევის გამო, ეს ვერ მოახერხეს. 

ღია სივრცეში პირბადის წესის ტარების წესის დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმა რომ მართლაც უკანონო და არასამართლიანი იყო, 2021 წლის 17 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 4211 -ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (ღია სივრცეში პორბადის ტარების წესის დარღვევა) მოსამართლემ უკანონოდ ცნო და გააუქმა ბასილაძისთვის დაკისრებული 20 ლარის ოდენობით ჯარიმა.

რაც შეეხება პოლიციელის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საქმეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებული ქმედებისთვის სოფიო ბასილაძე სამართალდამრღვევად ცნო  და  დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული სააპელაციო საჩივრით საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. 2021 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სოფიო ბასილაძის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით). შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტისათვის დაკისრებული 1000 ლარი ჯარიმაც გაუქმდა. 

სოფიო ბასილაძე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში - Identoba youth. მას ხშირად უწევს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობა და ზოგჯერ - კონფლიქტი, რაც უკავშირდება ლგბტქ თემის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე მუშაობას. ამასთან,  იგი აქტიურად არის ჩართული ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში.  სოფიო ბასილაძე ხშირად გამოხატავს პროტესტს ლგბტქ თემის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის - პოლიციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. 

სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროვოკაციულ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან სოფიო ბასილაძისათვის სიგარეტის მოწევისას პირბადის ტარების წესზე შედავება და ცინიკური დამოკიდებულება, რაზეც ბასილაძემ გამოხატა სამართლიანი პროტესტი. ამას პოლიციელის მხრიდან მოჰყვა ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის გამოძახება და აქტივისტის დაკავების მცდელობა, რაც იქ მყოფი მოქალაქეების და სოფიო ბასილაძის მეგობრების დახმარებით, პოლიციამ ვერ მოახერხა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტისას, სააპელაციო სასამართლოს სექტემბრის გადაწყვეტილებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაც არ დადასტურდა და სოფიო ბასილაძისთვის დაკისრებული ჯარიმაც გაუქმდა. 

საქმის წარმოება შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“ - ფარგლებში.

ახალი ამბები