კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ხაზთან

25 სექტემბერი, 2021
 ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია. ამომრჩეველი და საარჩევნო სუბიექტები პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ. პარტიების კარდაკარის კამპანიები ყველა სოფელში ჩასვლას და ამომრჩევლის პრობლემების გაცნობას ეხება. ამ მხრივ, მმართველი პარტიისგან განსხვავებით ოპოზიციას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლასა და საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე პრობლემები ექმნება. 

ანი ბალიაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მეორე ნომერია, ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლაზე ხელი შეუშალეს, მიზეზად კი სამართალდამცველებმა განუმარტეს რომ სოფლებში გადაადგილებისას მათი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული. 

„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვიზიტისას, რამდენჯერმე შეგვექმნა პრობლემა, ერთ-ერთ მაგალითად, შემიძლია, გავიხსენო სოფელი ხურვალეთი, როდესაც იქ მყოფმა პოლიციამ გარკვეული დროის მანძილზე შეგვაყოვნა, მაშინ როდესაც რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდა სოფელში. მიმაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლა და კანდიდატების არასათანადო პირობებში ჩაყენება. ჩვენთვის ძალიან გართულდა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლა, ვინაიდან ვართ პარტიის სახეები. ჩვენი დანახვისთანავე პოლიცია იწყებს ტელეფონით რეკვას და თანხმობის მიღებამდე ჩვენი სოფლებში შესვლა ვერ ხერხდება“, - აცხადებს ანი ბალიაშვილი.
„ნაციონალური მოძრობის“ მსგავსად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილებასათან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი პაპუნა კობერიძეც. 

პაპუნა კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი: „ჯერ არ ვყოფილვართ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასულები. ბოლო ერთი კვირა მოვიტოვეთ ამ სოფლებში კამპანიის ჩასატარებლად, მაგრამ გასულ არჩევნებზე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სოფლებში შესვლაზე პრობლემა შეგვექმნა. იმედია, წელს მსგავსი შეფერხება აღარ გვექნება“. 

ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მერობის კანდიდატი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უპრობლემოდ შედიოდნენ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი დავით რაზმაძე გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება ოპოზიციის გადაადგილების საკითხს, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გვამისამართებს, რადგან სწორედ ამ უწყებასთან შეთანხმების შედეგად ხდება შესვლა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. 

Humanrights.ge დაინტერესდა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, რა პრობლემებზე საუბრობენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები. დავით რაზმაძე ამბობს, რომ მათ პრობლემებზე ხელისუფლება სათანადოდ რეაგირებს და რაც  ადგილობრივებს აწუხებთ, მოკლე ვადაში მოუგვარდებათ: „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა და მათი საჭიროებები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ცალსახად პრიორიტეტია. რა თქმა უნდა ჩვენ ვახორციელებთ შეხვედრებს ადგილობრივებთან. ადმინისტრაციული საზღვრის განაპირა სოფლებზე ცენტრალურ ხელისუფლებას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა პროექტებით დავეხმაროთ მოსახლეობას. თითქმის ყველა სოფელში მოგვარებულია სარწყავი წყლის პრობლემა, მოხდა გაზიფიცირება, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ოპოზიცია ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე მიუთითებენ.

ანი ბალიაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი: „სტრესშია ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ერიდებიან სახლებიდან გამოსვლას და ოპოზიციის კანდიდატებთან გასაუბრებას, რადგან მათ კარგად იციან, რომ ჩვენ დაგვყვება პოლიცია, გვითვალთვალებს სუსი, შესაბამისად ჩვენთან გასაუბრების შემდეგ მათზე შეიძლება მოხდეს ზეწოლა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია კამპანიის წარმოება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვიზიტებისას გამოიკვეთა უამრავი პრობლემა. მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაშია. ადგილობრივებს მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება, ვინაიდან მათი სახლები ახლოსაა გამყოფ ხაზთან. მრავალ სოფელში დღესაც მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. მაგალითად, სოფელ ხურვალეთში უკვე წლებია, მოსახლეობას სარწყავი წყლის და ტრასპორტის პრობლემა აწუხებს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. პირველ რიგში, ჩვენთვის პრიორიტეტია უსაფრთხოება, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. უნდა გაძლიერდეს სოფლის მეურნეობა და მოხდეს მცირე ბიზნესებისთვის ხელის შეწყობა, რათა მოსახლეობას გაუჩნდეს შემოსავლის წყარო. გასული წლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის განწყობები რადიკალურად შეცვლილია. ხალხი დაიღალა ხელისუფლების უნიათობით. ამომრჩევლები ძალიან გაბრაზებულები არიან და ცალსახად იგრძნობა ოპოზიციური განწყობები“. 

პაპუნა კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. უნდა განხორციელდეს დამატებითი სოციალური პაკეტები. ადგილობრივებისთვის თანხები უნდა გამოიყოს არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ერთ-ერთ მთავარ და საერთო პრობლემას მიგრაცია წარმოადგენს. ადგილობრივები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, ხშირია გატაცებები. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მიმაჩნია მთლიან პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების განთავსება, რომლებიც ოკუპანტების ქმედებებს დააფიქსირებს და მათი მხილება უფრო ადვილი გახდება. გარდა მიგრაციისა, ამ სოფლებში ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიცაა - უმუშევრობა. ადგილობრივები ხშირად მიგრაციის მიზეზად სწორედ შემოსავლის წყაროს არქონას ასახელებენ“. 

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში, 13 წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დამწვარი სახლები ისევ დაზიანებულია. ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებაზე ომმა დიდი გავლენა მოახდინა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ომის შედეგებთან გამკლავება და საკუთარი რესურსით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება უჭირთ. ადგილობრივები ყველა არჩევნებს იმედის თვალით უყურებენ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ახალი ამბები