კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო დაკავებები და ჩაკეტილი ახალგორი - ერგნეთის შეხვედრის მთავარი საკითხები

30 სექტემბერი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

27 სექტემბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 102-ე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში გამყოფ ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტთან ერთად საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებიც განიხილეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი სწორედ უკანონო დაკავებებზე გაკეთდა. ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქე რჩება - გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი. გოჭოშვილი ოკუპანტებმა 14 აგვისტოს დააკავეს. 

„გელა გოჭოშვილს ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას. საუბარი იყო რაღაც კრიმინალურ აქტივობაზე, მაგრამ დადასტურებულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ე. წ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტ ხანს. ეს სცდება ყოველგვარ ლოგიკას. მოვითხოვეთ მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. ბესტაევთან დაკავშირებით ცხინვალელ მონაწილეებს პოზიცია არ შეუცვლიათ. ბრძოლა მისი დაბრუნებისთვის გაგრძელდება. გაგრძელდება ჟენევის ფორმატში დისკუსია. უკანონოდ დაკავებულებზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე ვსაუბრობთ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუაზეც. მისი საკითხი განიხილება ძალიან მაღალ რეგისტრში და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრაზეა გაჟღერებული. რამდენიმე დღის წინ შედგა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტი სოხუმში და ეს საკითხი იქაც გაჟღერდა. გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ ყველა ადამიანი დაუბრუნდეს თავის ოჯახს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. 

საოკუპაციო ძალების მიერ გელა გოჭოშვილის გატაცების ფაქტს სუსი გარკვეული პერიოდის მანძილზე მალავდა. ის რომ უწყება ნაკლებად პრინციპული და არათანმიმდევრულია ერგნეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამის შესახებ humanrights.ge-სთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა საუბრობს: „ხელისუფლება გვიმალავს ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაციას და საზოგადოებას ამყოფებს ინფორმაციულ ვაკუუმში. გვიმალავს გატაცებების შესახებ სტატისტიკასაც, რასაც მივყავართ იქამდე, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ წლის ბოლოს ვიგებთ შემაჯამებელი ანგარიშიდან. ამის მაგალითი არის თუნდაც ის, რომ 31 ივლისის მდგომარეობით შიდა ქართლის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებების რაოდენობა იყო 28, ხოლო საზოგადოებამ მხოლოდ 5 ფაქტის შესახებ შევიტყვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 23 ადამიანის გატაცების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაგვიმალა. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას დაუმალოს გატაცებების და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. ჩემი ვერსიით, ინფორმაციის დამალვა ხდება იმ მიზნით, რომ საზოგადოების განწყობა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო ნეგატიური არ გახდეს, ვიდრე ის ახლა არის. ინფორმაცია 12 აგვისტოს მომხდარი გატაცების შესახებ სუს-მა ფაქტობრივად თვენახევრის შემდეგ გაავრცელა. მთელი ამ დროის მანძილზე ეს ინფორმაცია დამალული იყო, როგორც იმალება ინფორმაცია სხვა უამრავი გატაცების შესახებ. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რაც უკვე წლებია, გრძელდება. ფაქტების გასაჯაროება თითქოსდა არ ხდება „სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, რაც არის ზოგადი და არაფრის მთქმელი ფრაზა და ამის ნაცვლად უნდა მოხდეს მწვავე რეაგირება, რომ რუსეთმა მიიღოს მწვავე დიპლომატიური პასუხი". 

უსაფრთხოების გარდა, მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებით რთულია ჰუმანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ოკუპირებულ ახალგორში. რაიონის ჩაკეტვის გამო მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებას უკვე ორი წელია, ვერ ახერხებენ. 

როგორც შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა - ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის საკითხზე, ქართული მხარე მუშაობას აქტიურად, ყველა ფორმატში გააგრძელებს. 

ვიდრე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლებს როგორც სამედიცინო ისე სოციალური მიმართულებით, ყოველდღიური პრობლემების წინაშე უხდებათ ცხოვრება.

ახალი ამბები