კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბირქენდი ირჩევს „კირხ ბირს“ 

7 ოქტომბერი, 2021
თინათინ მოსიაშვილი 

მიუხედავად იმისა, რომ 25 წელზე მეტია, ჟურნალისტი ვარ, პოლიტიკა და არჩევნები ჩემი მთავარი თემა არასოდეს ყოფილა. თუმცა ხანდახან, ცხადია, დამიწერია ამ პროცესზეც. 

ადრე ერთი-ორჯერ მთხოვეს, არჩევნებზე დამკვირვებლად წავსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამჯერად სიამოვნებით მივიღე ადამიანის უფლებათა ცენტრის შემოთავაზება და ინტერესი, პირველ ყოვლისა, ერთნიკური უმცირესობებით დასახლებულმა რეგიონმა გამიჩინა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემატიკაა.   

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლისა და დამკვირვებლის სტატუსით ვესწრებოდი მარნეულის რაიონის N22 ოლქის N11 საარჩევნო უბანზე, სოფელ საბირქენდში. 
 
სოფელი და ამომრჩევლები 

საბირქენდი მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემის სოფელია. მდებარეობს მარნეულიდან 5 კილომეტრში, მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირზე. 

2014 წლის აღწერის შედეგებით, სოფელში ცხოვრობს 3403 ადამიანი. ამავე აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის 99,7% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. 

როგორც კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა მითხრეს, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობა და უმუშევრობაა.  

სოფელში  2 საარჩევნო უბანია: N11 და N12.  

მართალია, კომისიის წევრებთან საკმაოდ გაჭირდა დაზუსტება (მოვისმინეთ 1280, 1600), მაგრამ გარეთ გაკრულ სარჩევნო სიაში 1599 ამომრჩეველი იყო მითითებული. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს მარნეულის მუნიციპალიტეტში 10 დამკვირვებელი ჰყავდა. ყველანი ქალაქ მარნეულში და რამდენიმე სოფელში გავნაწილდით (ყიზილაჯლო, აზიზქენდი, თეზაქენდი, საბირქენდი). 

ვიცოდი, რომ საბირქენდი ალგეთის თემში შედიოდა, მაგრამ მდებარეობა ზუსტად არ ვიცოდით. სოფელს სოფლის აღმნიშვნელი ბანერიც არ აქვს. კითხვა-კითხვით მივაგენით სოფელსაც და საარჩევნო უბნებსაც. ხალხმრავლობის გამო მივაქციეთ ყურადღება, თორემ შეიძლება არც გვეფიქრა, რომ იქ რაიმე საჯარო სივრცე და მითუმეტეს საარჩევნო უბანი იყო.
 
ძებნის გამო უბანზე ცოტა დამაგვიანდა, კენჭისყრის პროცესი დაწყებული იყო. უბნის ეზოშიც ხალხი ირეოდა. პროცესი დარღვევევით დაწყებულა. ეს შემდეგ საუბრისას აღმოვაჩინეთ. 

საარჩევნო გარემო 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლში საუბარია საარჩევნო უბანზე, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს უბანი, სადაც ამომრჩეველი მიდის და პოლიტიკურ ნებას გამოხატავს. 

საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი განთავსებულია სკოლებში, საბავშვო ბაღებში (რამდენად სწორია საგანამათლებლო დაწესებულებების არჩევნებისთვის გამოყენება, ეს კიდევ სხვა საკითხია), რაიმე საჯარო დაწესებულებაში. 

კარგია, რომ მოვხვდი საბირქენდში. სხვა შემთხვევაში შეიძლება ვერც წარმომედგინა, ასეთი მძიმე სივრცეში მოქალაქეები თუ მივიდოდნენ თავისუფალი ნების გამოსახატავად. 
 „ახალი სკოლა შენდება და მერე იქ გადავალთ“, - გვითხრეს კომისიის წევრებმა.
 
როგორც მერე ვნახე, N12 უბანზეც - ყოფილი მარკეტის შენობაში, საკმაოდ მცირე ფართი და სივიწროვე იყო, მაგრამ ვფიქრობ, N11 უბანზე უფრო რთული პირობები აღმოჩნდა. შენობის გარემონტების რა გითხრათ და მცირე დალაგება მაინც იყო შესაძლებელი.  
 
N11 უბანი განთავსებული იყო ყოფილი საჩაიეს შენობაში. დაახლოებით 50 კვ. მეტრის ოთახში. ოთახი ფარდით იყო გაყოფილი და უკანა ნაწილი ანტისანიტარიის ბუდედ იყო ქცეული. ჭერზე აკრული პლასტიკატები ჩამოშლილი იყო. 

ტალახიანი და ნაგვით სავსე იყო შენობის წინა და უკანა ეზო. 
შენობის უკან საპირფარეშოში არ შეისვლებოდა. ამიტომ კომისიის წევრები და დამკვირვებლები მეზობლად მდებარე სახლში გავდიოდით. 
 
საარჩევნო უბნის ეზოში არსებული საპირფარეშო
 
არ იყო წყალი, არ იყო ერთჯერადი ჭიქები წყლის, ჩაის ან ყავის დასალევად (მერე კომისიის წევრებმა მოიტანეს მინერალური წყლები და გაზიანი სასმელი). 

საბედნიეროდ, წყალი წაღებული მქონდა და ზურგანთაში აღმომაჩნდა ერჯერადი ჭიქები, თორემ კომისიის წევრები თავის ტკივილის წამალს წყალსაც ვერ მიაყოლებდნენ.  

არ დამავიწყდება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა გაოცებული სახეები, როდესაც ამ საარჩევნო უბანზე შემოდიოდნენ. 

კოვიდრეგულაციების დაცვა

უბანზე კომისიის წევრების უმეტესობას პირბადე ეკეთა, მაგრამ - წესის დარღვევით. ზოგს არც ეკეთა. 

რამდენიმე ზეპირი შენიშვნის მერე ჩანაწერი შევიტანე წიგნში, რომ კომისიის წევრები არ იცავდნენ პირბადის ტარების წესს. ასევე, არ იცავდნენ დისტანციას. 

ჯერ შიგნით მცირე სივრცეშიც ჭირდა დისტანციის დაცვა - განსაკუთრებით, როცა ბევრი ამომრჩეველი მოაწვებოდა ხოლმე უბანს. რაც შეეხება გარე სივრცეს, ამის გაკონტროლება სრულიად შეუძლებელი ხდებოდა. ამომრჩევლები ტალახში დგომას მცირე კიბეზე ჩახუტებულად დგომას ამჯობინებდნენ. 

დამკვირვებლები და „დამკვირვებლები“ 

სანამ საარჩევნო კომისიაზე ვიტყოდე რამეს, დამკვირვებლებზე ვიტყვი.  
რადგან  „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი ქენან ომაროვი ამ სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა და, ასე, 11 საათისთვის მოვიდა ხმის მისაცემად.  მანამდე ბევრი ჟურნალისტი მოვიდა უბანზე (მათ შორის ადგილობრივი და რეგიონული ტელევიზიები). 
უბანზე მოვიდნენ „ევროპის არჩევნების ქსელის“, ეუთო-ოდირის, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები. 

რაც შეეხება უბნის დამკვირვებლებ, „ნამდვილი“ დამკვირვებლებიდან უნდა დავასახელო:  „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე აბრამიშვილი, რომელიც ადგილზე დამხვდა, მაგრამ მასაც ცოტა დაეგვიანებინა და უბანი გახსნილი დახვედროდა. მოგვიანებით, სადღაც 13 საათისთვის   შემოგვიერთდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია ბლიაძე. 

უბანზე, როგორც შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე გადაადგილდებოდა უამრავი ბეჯიანი ადამიანი.  
საკმაოდ პასიური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი დამკვირვებელი.  სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არავინ იყო.  
შემდეგ გარეთ მოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელმაც აგიტაციის წესის დარღვევისთვის პოლიცია გამოიძახეს. 

რაც შეეხება სხვა დამკვირვებლებს, უბანზე 26-ზე მეტი ჟურნალისტი და დამკვირვებელი (მათ შორის ერთჯერადად შემოსული) იყო რეგისტრირებული. სამწუხაროდ, სიაში არ იყო მითითებული, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. 

ნაწილი მალავდა საკუთარ ბეჯს, ან ქურთუკის შიგნით ეკეთა ან საერთოდაც არ ეკეთათ და ჯიბეში ჰქონდათ. 

რამდენიმე დამკვირვებელი აქტიურად იყო ჩართული კომისიის მუშაობაში, მაგალითად, აცილებდნენ ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინამდე და უმოწმებდნენ მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებს.  

ერთი ახალგაზრდა კაცი ძალიან მასპინძლური იერით ტრიალებდა უბანში. არ ეცვა კომისიის წევრის ფორმა, მაგრამ აკეთებდა მათ საქმეს: კაბინამდე აცილებდა, ხან კაბინაშიც შეყვებოდა ამომრჩევლებს. ის თავიდან პირბადის გარეშე იყო. თუმცა მოვთხოვე, პირბადე მოერგო. 

- კომისიის წევრი ხართ? - ვკითხე რეხას. 
- არა.
- პარტიიდან ხართ? 
- კი, 41, - მიპასუხა. 
თუმცა, გაიკეთა ბეჯი, რომელზეც ჩემთვის უცნობი ძალიან ვრცელსახელიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მითითებული. 

„განათლების მუშაკთა, სტუდენტთა...  და პროფკავშირის ცენტრი“ (სამწუხაროდ, სრული დასახელება ვერც დავიმახსოვრე). მსგავსი ბეჯით ერთად ან ცალ-ცალკე კიდევ 1-2 ადამიანი ტრიალებდა. 

ასევე, უბანზე იყვნენ დამკვირვებლად გაფორმებული, მაგრამ სინამდვილეში - ადამიანები, რომლებიც დამკვირვებლის ფუნქციას არ ასრულებდნენ და ბეჯზე ეწერათ: „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, „დაიბრუნე და გაერთიანე საქართველო“ და მსგავსი... ყველას წაკითხვას ვერც ვახერხებდით. 

ხშირად უბანზე რამდენიმე ერთნაირბეჯიანი ადამიანი შემოდიოდა, განსაკუთრებით - ბოლოს, ხმის დათვლის პროცესში. 

საარჩევნო კომისია 

როგორც გაირკვა, წლებია, N11 უბნის კომისიის თავმჯდომარე ბახადურ გამიდოვია. ის არ ფლობდა სახელმწიფო ენას და საერთოდ, სულ რამდენიმე წევრი საუბრობდა ქართულად.  უბანში მთელი პროცესი აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. 

როცა რამის დაზუსტება გვინდოდა, თავმჯდომარის მოადგილე, გაცილებით აქტიური - ასლიდან გაიბოვი ან კომისიის ახალბედა მდივანი ქეინიულ მეხტიევა გვეხმარებოდნენ. ისინი ქართულად საუბრობდნენ. 

კედელზე გამოკრული იყო კომისიის 17 წევრის სია. 

ასევე ხმების დათვლისას აღიარეს, რომ კიდევ სამი ადამიანი არ იყო. ამდენად, კომისიის 17 წევრის ნაცვლად ადგილზე იყო 13 კაცი.
 
ხმის მიცემა და ამომრჩევლის აქტიურობა  

უბანზე ერთიანი საარჩევნო სიის მიხედვით დარეგისტრირებული იყო 1599 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის სიაში - 46. უბანზე მიღებული ჰქონდათ 1300 ბიულეტენი.

12 საათისთვის უბანზე მოსული იყო 312 ადამიანი, 3 საათისთვის 575 და 5 საათისთვის - 641. 
ძალიან დიდი აქტივობაც არ იყო, მაგრამ პერიოდულად კიბეზე და ეზოში იყო ხალხმავლობა და რიგი. 

დილას ძირითადად მამაკაცი ამომრჩეველი ჭარბობდა, სადღაც 11-12 საათისთვის  წამოვიდნენ ქალები. ქალთა აქტიურობა, ასევე, შეინიშნებოდა ასე 6-7 საათისთვის. 

ეზოში აქტიურობდნენ აქტივისტ-კოორდინატორები. ისინი ეხმარებოდნენ და „აკვალიანებდნენ“ ამომრჩეველს. 

დამკვირვებელი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ბეჯი ეკეთა, ხელზე აწერინებდა ან პატარა ფურცლებზე უწერდა ან აწერინებდა ნომრებს. დავინტერესდი, რას იწერდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სიაში მათი საარჩევნო ნომერი. 

მთლიანად უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 767-მა კაცმა, რაც მთლიანი ამომრჩევლის 47,9 პროცენტს შეადგენს, ანუ თითქმის ნახევარმა, რაც ცუდ შედეგად ნამდვილად არ ჩაითვლება.  
 
გადასატანი ყუთის სიაში იყო 46 ამომრჩეველი, უმეტესად - ასაკოვანი ადამიანები. ყუთი წაღებიდან დაახლოებით სამ საათში მოიტანეს.  

ყუთის მოტანის შემდეგ კომისიის მდივნის მაგიდასთან სუფთა ბიულეტენებს შორის  აღმოჩნდა რამდენიმე შევსებული ბიულეტენი სადაც „41“ იყო შემოხაზული. დამკვირვებლებმა ამ ბიულეტენების ჩამოჭრა მოვითხოვეთ. 

რამდენჯერმე იყო უპასპოსტოდ შემოსვლის მცდელობა. 

ოფიციალურად ან არაოფიციალურად „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედი ადამიანები პერიოდულად იკარგებოდნენ, როგორც ჩანს - ამომრჩევლების მოყვანას ცდილობდნენ. 
იმ წვიმან-ტალახიან ამინდში სახლის სუფთა ჩუსტებით მოსული ქალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმეტესობა მანქანით მოჰყავდათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ვიღაცას მოჰყავდა ორგანიზებულად. 

ხმების დათვლის პროცედურა 

8 საათზე უბანი დაიხურა.
კომისია კენჭისყრის შედეგების დასათვლელად მოემზადა. 
თავმჯდომარემ ზეპირად დავალების მიცემა და მთვლელების გამოვლენა დააპირა. 
დამკვირვებლებმა გავაპროტესტეთ ზეპირი დავალებების მიცემა - ვუთხარით, რომ საჭირო იყო წილისყრის პროცედურის ჩატარება. 
აქ თავმჯდომარემ და მოადგილემაც აღშფოთება გამოხატეს - ხალხი დაღლილია, რა წილისყრა, სწრაფად დავთვალოთ და მორჩაო. 
თუმცა, იძულებულნი გახდნენ წილისყრისთვის მომზადებულიყვნენ. ამ დროს გაირკვა, რომ დილაც ყოველგვარი წილისყრის გარეშე, თავმჯდომარის მითითებული პოზიციებით დაიწყეს.  
 
კომისიის წევრებს ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აუხსნა, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ წილისყრის პროცესი. სწორედ აქ აღმოვაჩინეთ, რომ არჩევნებს ესწრებოდა 13 წარმომადგენელი. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ქორწილში იყო, ვიღაც უბრალოდ არ მივიდა. 

წილისყრის შედეგად გამოვლინდა 5 მთვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩაწერი კეთდებოდა, თვლის პროცესი გარკვეული პროცედურული დარღვევებით დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. ოლქის წარმომადგენლები ადგილზე მოვიდნენ.
  
მათი უშუალო ჩარევით უკვე საკმაოდ იოლად და ოპერატიულად მოხერხდა ხმების დათვლა. 
ოლქის წარმომადგენლის მეთვალყურეობით გაგრძელდა ოქმის შევსების პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების გადასატანად მომზადება. 

შესაძლებელია, მანამდე უბანზე რაიმე დარღვევა  გამოგვეპარა, მაგრამ თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ უშუალოდ ხმის დათვლამ ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩაიარა (წილის ყრის შემდეგ პირველი მთვლელის ფუნქცია კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შეხვდა).  

„კირხ ბირ, ქირხ ბირ, ქირხ ბირ, ბეშ, კირხ ბირ“, (ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი) - დაახლოებით ასე აცხადებდა პირველი დამთვლელი და შესაბამისად უნაწილებდა სხვებს, რომ პარტიების მიღებული ხმები დაეთვალათ.  

ბიულეტენების დათვლისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა ხელმოწერაც მეტი იყო (767), ვიდრე ადგილზე არსებული ბიულეტენები (შესაბამისად: 754, 760 და 766), 

საოლქო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, რადგან  მოსული ამომრჩევლების რაოდენობა მეტი იყო გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობაზე, გადათვლის საჭიროება აღარ იყო.
 
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ N11 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ მშვიდ გარემოში, დარღვევები იყო, მაგრამ როგორც შემდეგ, ოლქის წარმოამდგენელმა და ორგანიზაციების იურისტებმა განმარტეს, ამ დარღვევებისთვის არ ღირდა ან ხმების გადათვლაზე ან უბნის შედეგების გაუქმებაზე საუბარი.  

ოქმები და მასთან დაკავშირებული პრობლემები 

იქ ვერ შევნიშნე, მაგრამ ცესკოს ვებგვერდზე რომ ვნახე ატვირთული N11  უბნის ოქმები (მარნეულში ამ უბნიდან მგონი ყველაზე ადრე წავიდა ოქმები და ორი მათგანი ძალიან მალე აიტვირთა, თუმცა ღამის 3 საათზე ჯერ კიდებვ არ იდო მესამე), აღმოვაჩინე, რომ მერის ბიულეტენზე თავმჯდომარის გვარი შეცდომით იყო მითითებული. 

მდივანი ახალბედა, ცოტა დაბნეული ქალი იყო. როგორც ჩანს, მას შეეშალა. ხოლო თავმჯდომარემ, რომელიც ვერც ენას ფლობდა და ვერც დიდი კომპეტენციით გამოირჩეოდა, ვერ შენიშნა, სხვა გვარი რომ ეწერა და ისე მოაწერა ხელი.
ადგილზე ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა საშუალება, ოქმების ასლები გადაგვეღო. მხოლოდ ერთი გადაიღეს (და ეს მივაწოდეთ კიდეც კოორდინატორს). 
მიზეზად გვითხრეს, რომ ქსეროქსის აპარატი გაფუჭდა. 

არჩევნების შედეგები 

მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებზე სამი ბიულეტენი რიგდებოდა.  
როგორც ზემოთაც აღინიშნა N11 უბანზე 1599 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 767-მა კაცმა 
მერის არჩევნებში წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი: 
N2 – ახმამედ იმამკულიევი - 5 ხმა  
N5 – ელდარ მუსტაფაევი - 82 ხმა 
N41 - ქენან ომაროვი  - 650 ხმა 
ქენანის გამარჯვებას შეიძლება, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ის საბირქენდელია. სწორედ იმ საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც ჩვენ ვიყავით. 
მაჟორიტარობის კანდიდატები:  
N2 – ამილ გასუმოვი - 6 ხმა  
N5 – ელდარ იუსუბოვი - 108 ხმა 
N25 – ჯემალ კარაევი - 3 ხმა 
N41 - მახირ ბაირამოვი  - 618 ხმა 
პროპორციული არჩევნების შედეგები ასე გამოიყურებოდა: 
N1 – „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 23 ხმა 
N2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“ - 5 ხმა 
N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 111 ხმა
N6 – „ევროპელი დემოკრატები“ - 1 ხმა
N8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0 ხმა 
N10 – „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 0 ხმა 
N25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 2 ხმა 
N36 –  „გირჩი“ - 1 ხმა
N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 594 ხმა 
სამივე არჩევანი საბირქენდელმა ამომრჩეველმა (N11 უბანზე, ისევე, როგორც მარნეულის ბევრ სხვა უბანზე) „კირხ ბირის“ ანუ 41-ის სასარგებლოდ გააკეთა და სამივეგან ამ პოლიტიკურმა ძალამ სხვა საარჩევნო სუბიექტებს საგრძნობლად გაუსწრო.    

დასკვნის მაგიერ

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც ყველაზე მეტი დარღვევა სწორედ მარნეულში იყო: დამკვირვებლები და კოორდინატორი ეკა ქობესაშვილი უკან წამოსვლისას ყვებოდნენ, რომ ვიღაცას დაარტყეს, ვიღაც ტუალეტში ჩაკეტეს, ვიღაცას ჭიკარტი დაუდეს, ვიღაცას ხელს უშლიდნენ მუშაობაში, ან უბნიდან ცოტა ხნით გასულს ბიულეტენები დახვდა ჩაყრილი. ერთ უბანზე, სწორედ იქ, სადაც ხელი გაარტყეს დამკვირვებელს, გარეთ ადამიანი დაჭრეს. 

ჩვენს უბანზე მთლად ასეთი ამბები არ მომხდარა. თუმცა, დამკვირვებლის უბანზე ყოფნა აშკარად, არსად მოსწონდათ, რადგან დამკვირვებელი საარჩევნო კომისიას კომფორტის ზონას ურღვევს. 

ახალი ამბები