კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპასუხისმგებლო მოპასუხეები 

23 ოქტომბერი, 2021
ალეკო ცქიტიშვილი

წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაახლა ჩემი ოჯახის სააპელაციო სარჩელის განხილვა ქალაქ თბილისის მერიის და GWP-ს წინააღმდეგ (მესამე მხარე - საგანგებო სიტუაციების სამსახური). 21 ოქტომბერს მორიგი სასამართლო სხდომა დისტანციური წესით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში 2017 წლის დეკემბრიდან მაქვს შეტანილი მაქვს ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, დამცავი ბარიერებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსებას, ასევე - მორალურ კომპენსაციას (50 000 ლარს) ამ ადგილზე ჩემი შვილის, ცოტნე ცქიტიშვილის დახრჩობის გამო. ჩემს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე იცავს. 

პრობლემის სიმწვავეს ნათლად წარმოაჩენს „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.

თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

ქალაქ თბილისის მერია ჯიუტად არ ცნობს სარჩელს და არ სურს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც კანონმდებლობით აკისრია. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სრულიად უპასუხისმგებლო მიდგომით დავას აგრძელებს. სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობს არც GWP, ამიტომ წელიწადნახევრის წინ სამოქალაქო სარჩელი ცალკე შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. როგორც არ უნდა საკვირველი იყოს, ამ სარჩელით მოვითხოვთ, GWP-მ თბილისის ზღვაზე მოაწესრიგოს საკუთარი ტერიტორია იმგვარად, რომ იქ გადასვლა და სახიფათო ადგილამდე მისვლა GWP-ს მხრიდანაც შეუძლებელი იყოს. კერძოდ, აქ მან უნდა დააყენოს სათვალთვალო ვიდეოკამერები და მოაწყოს საგუშაგოები, კომპანიის ღობეზე გადასვლა კი შეუძლებელი უნდა იყოს.

ვიდრე სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა გაიმართებოდა, ზაფხულში თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან სწორედ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით გაკეთდა ბარიერები და ბანერები. ეს ამბავი დოკუმენტირებული მაქვს და როგორც ფოტოებიდან და ვიდეოდან ჩანს, დასაბუთებული ვარაუდით, თბილისის მერია / Tbilisi City Hall და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power შეთანხმდნენ, რომ უნდა დააკმაყოფილონ სასამართლოში შეტანილი სასარჩელო მოთხოვნა და როგორც იქნა, სასამართლო დავიდან მე-3 წელს გააკეთეს მყარი ჯებირი, რკინის მყარი მესერით და ეკლიანი მავთულებით, რომელზეც გადასვლა ადამიანისთვის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power არ აღიარებდა თბილისის ზღვაზე არსებული ამ საბედისწერო ადგილის, ე. წ. ჩანჩქერის მარცხენა მხარეს თავის პასუხისმგებლობას, მესერზე გაკრული ბანერებით ჩანს, რომ ეს მხარეც ამ კომპანიის სანიტარული ზონა და საკუთრებაა. 

აბა, მაშ, რა იყო სადავო?! 
ამას ვამბობდით თავიდანვე, რომ მერიაც და GWP-ც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე.

რა გაირკვა 21 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. 
ქალაქ თბილისის მერიის იურისტმა განაცხადა, რომ მხოლოდ წინა დღეს - 20 ოქტომბერს შეიტყო, რომ ე. წ. ჩანჩქერთან ბარიერები და ბანერები გაკეთდა. თუმცა, იურისტმა განაცხადა, რომ მან არ იცის, ვინ და როდის გააკეთა ეს ბარიერები და ბანერები. 

უცნაურია ხომ?!
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი დაინტერესდა, ქალაქ თბილისის მერიამ გასცა თუ არა ნებართვა ამ კონსტრუქციების გაკეთებაზე. 

მოსამართლის ამ კითხვას GWP-ს იურისტმა უპასუხა - მიუხედავად იმისა, რომ ქმედების განხორციელების ნაწილში არ გვეხებოდა ამ ბარიერების და ბანერების გაკეთება, კანონიც არაფერს გვავალდებულებდა, მაინც გამოვიჩინეთ კეთილი ნება, მოვიღეთ წყალობა, ვართ გულკეთილი კომპანია და რაკი სენსიტიური თემაა, მაღალი სტანდარტით გავაკეთეთ ბარიერებიც და ბანერებიცო. ამავე დროს, GWP-ს იურისტმა ისიც ვერ დამალა, რომ კომპანიას წერილით ქალაქ თბილისის მერიამ მიმართა და თხოვა მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზეც (ჩანჩქერის ერთ მხარეს) გაეკეთებინა იგივე, რასაც თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ჩანჩქერის მეორე მხარეს) აკეთებდა.

ის, რაც გაკეთდა, მართლაც მაღალი სტანდარტით არის გაკეთებული.
სამწუხაროა, რომ ქალაქ თბილისის მერია კვლავ არ აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, ხოლო GWP მხოლოდ წყალობაზე და კეთილ ნებაზე გველაპარაკება. სინამდვილეში, ორივე მოპასუხე მხარე მიხვდა, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ - მოაწესრიგონ კონკრეტული სახიფათო ადგილი, რათა სამომავლოდ აქ აღკვეთონ ტრაგედიებიც და მსგავსი სასამართლო დავებიც აირიდონ თავიდან. 

ქალაქ თბილისის მერიამ უარი თქვა მორიგების შეთავაზებაზეც. თუმცა, წერილობით არ ინება პასუხის გამოგზავნა არც ჩვენთვის და არც სასამართლოსთვის. თურმე, თბილისის მერია ვერ გამოყოფს ნაკვეთს თბილისში პარკურის პარკის მოსაწყობად, რასაც ჩვენ ვთავაზობდით კომპენსაციის სანაცვლოდ. არ ვაპირებ დავას და დისკუსიას ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგადაც შეიძლება ამ შეთანხმებამდე მივიდეთ და ქალაქში არსებობდეს უსაფრთხო პარკურის პარკი, რაზეც ჩემი შვილი ოცნებობდა. არც ქალაქ თბილსის მერიის და საკრებულოს იმ სადავო გადაწყვეტილებებს გამოვეკიდები, რაც უახლესი ისტორიიდან გვახსოვს.

სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლე ლეილა მამულაშვილის მოთხოვნით, მომავალ სხდომაზე მოპასუხე მხარეები წერილობით წარმოადგენენ დოკუმენტებს, რითაც გავიგებთ როდის, ვის მიერ და როგორ გაკეთდა თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, ბარიერები და ბანერები. 

ახალი ამბები