კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

DRI-ს ინიციატივა - საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116 სოფელს მიენიჭოს სპეციალური დასახლების სტატუსი

23 ოქტომბერი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116 სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების მონიტორინგისას ორგანიზაციამ დაადგინა, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე უხდებათ ცხოვრება. ამას ემატება გატაცებების და უკანონო დაკავებების მუდმივი შიში, ასევე - მცოცავი ოკუპაციის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების პრობლემაც. ადგილობრივების უმრავლესობა არ არის დასაქმებული, რაც მათ სიღარიბეს განაპირობებს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წლიდან წლამდე ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად არ აქვს არც პროგრამა და არც პოლიტიკა. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორს, უჩა ნანუაშვილს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება მიაჩნია. სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, ითხოვს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დადგენილი შეღავათები.

 „საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სოციალურ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში გაიზარდა მიგრაცია. ვაწყდებით პრობლემებს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ადამიანები არიან ბორდერიზაციის მსხვერპლები. ზოგიერთმა დაკარგა მიწის ნაკვეთი, უძრავი თუ მოძრავი ქონება, ხდება გატაცებები და უკანონო დაკავებები. ბევრ სოფელში დღემდე ხელმისაწვდომი არაა როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყალი, მოსაწესრიგებელია შიდა გზები. ზოგიერთ დასახლებაში არ ფუნქციონირებს სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. სწორედ ამ მიზეზების გამო, ძალიან ბევრი ადამიანი გადადის სხვა რეგიონში საცხოვრებლად. სავალალო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან. იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არის განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც ბორდერიზაციას და ოკუპაციას უკავშირდება, ჩნდება საჭიროება, ამ სოფლებზე იყოს განსაკუთრებული ხელშემწყობი სტატუსი მინიჭებული, რათა ადგილობრივებმა ისარგებლონ სპეციალური შეღავათებით. სწორედ ამიტომ, მომზადდა მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ მინისტრის სახელზე, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მიენიჭოს სპეციალური დასახლების სტატუსი, რათა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რასაც დღეს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა. სულ არის 116 სოფელი. მათი საჭიროებები განსხვავდება დანარჩენ საქართველოში არსებული მდგომარეობისგან. მიმართვაც, შესაბამისად, მთლიანად ეყრდნობა ამ 116 სოფელში არსებულ პრობლემებს“, -ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 Humanrights.ge-იმ უჩა ნანუაშვილს, ასევე, სთხოვა სამთავრობო კომისიის მუშაობის შეფასება, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. „ამ კომისიის გავლით ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოვყოფ. ასევე იყო უცხოური დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამებიც. თუმცა, საერთო ჯამში, დავინახეთ, რომ ამ ყველაფერმა ვერ მოიტანა რეალური ცვლილებები და არსებითად ვერ შეცვალა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლების სოციალ-ეკონომიკური პირობები. სწორედ ამიტომ საჭიროა, ამ სოფლებს ჰქონდეს განსხვავებული სტატუსი. მიმაჩნია, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, რადგან ამ სოფლებს ნამდვილად აქვთ განსხვავებული, სპეციალური მდგომარეობა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წინადადებას მხარს უჭერს კონფლიქტოლოგი და 2012-2016 წ.წ. მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, რომელმაც დეპუტატობის პერიოდში არაერთხელ დააყენა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ სოსო ვახტანგაშვილი მმართველი გუნდის წევრი იყო მის ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია.

 როგორც სოსო ვახტანგაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები გატარდა, ხშირ შემთხვევაში გადაიდგა საკმაოდ რეალური ნაბიჯებიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის სისტემაში მოყვანილი: „მნიშვნელოვანია, იყოს მეტი კომუნიკაცია, სამინისტროს წარმომადგენლები ინტენსიურად უნდა ახორციელებდნენ ვიზიტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და ადგილზე ეცნობოდნენ ადგილობრივების საჭიროებებს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება, პირველ რიგში, სისტემაში მოიყვანს ყველა ღონისძიებას, რომელიც ამ სოფლებში უნდა ჩატარდეს. მოსახლეობას ექნება სახელმწიფოსგან დაწესებული სისტემური შეღავათები და არა კეთილი ნება რომელიმე მინისტრის და მაღალჩინოსნის. წლიდან წლამდე ბიუჯეტში იქნება გარკვეული მზაობა იმისთვის, რომ მოსახლეობას გადაეჭრას კონკრეტული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადავჭერით ისეთი საკითხები, როგორიცაა გაზის და წყლის მიწოდება, რჩება მაინც ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, რაზეც მუშაობაა საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან სისტემური მიდგომა მოგვცემს იმ შედეგს, რომ ამ პრობლემებზე მუშაობა გაასმაგდება. ყველა ის საკითხი რომელიც იქნება მოსახლეობისთვის აქტუალური, მოექცევა ყურადღების ცენტრში უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის მხრიდან, რომელიც თავისი კეთილი ნების საფუძველზე გაესაუბრება ადგილობრივებს. ეს საკითხი არ უნდა ატარებდეს ქველმოქმედებით ხასიათს. პირიქით - ეს დახმარებები უნდა იყოს მუდმივი და სისტემური. უნდა არსებობდეს ბიუჯეტში თანხა, სპეციალური დახმარებები და შეთავაზებები“. 

Humanrights.ge დაინტერესდა, ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ აფასებენ DRI-ს ინიციატივას. გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივის ასე ცალსახად დადებითად ან უარყოფითად შეფასება რთულია: „გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მხრიდან ისედაც უამრავი დახმარება თუ პროექტი განხორციელდა და ხორციელდება. მაგალითად, ჩვენს მუნიციპალიტეტში არის სამოქალაქო ბიუჯეტი. გამოყოფილია 100 000 ლარი. მოსახლეობას აქვს საშუალება, თავად განსაზღვროს, რაში დაიხარჯება ეს თანხა. საზღვრისპირა სოფლებს ისედაც აქვს განსაკუთრებული სტატუსი მინიჭებული, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ისინი დიდი დახმარებით სარგებლობენ, რაც გამოიხატება თუნდაც ელექტროენერგიაზე და გაზზე შეღავათების მიღებაში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ინიციატივა კარგია, მაგრამ დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული, რას გულისხმობს „მეტი დახმარება“. დღევანდელი მოცემულობით მთავრობა ისედაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეთ შეღავათები და ეს გაგრძელდება მომავალშიც“. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით უკვე მიმართა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ინციატივას ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. ახლა ჯერი მთავრობაზეა. მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ხელისუფლების ქველმოქმედების იმედად იქნება, თუ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რომელიც ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

ახალი ამბები