კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები არჩევანის გარეშე

2 ნოემბერი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იქ მცხოვრებლებს თავის გასატანად, ხშირ შემთხვევაში, საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ. ასე მოხდა 28 ოქტომბერსაც, როდესაც ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი, სამ ადგილობრივთან ერთად, ოკუპირებული ლოპანის მიმდებარედ, ტყეში შეშის მოსატანად წავიდნენ. ხუთივე მათგანს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა იმის საშუალებას არ აძლევდა, რომ თავი ასეთ საფრთხეში არ ჩაეგდოთ და შეშა ეყიდათ. ლოპანის მიმდებარედ ტყეში წასულ ადგილობრივებს ოკუპანტები დაადგნენ თავს. მათ  ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე დააკავეს და ოკუპირებულ ცხინვალში წაიყვანეს, დანარჩენები ტყის მასივში დაიმალნენ და ასე დააღწიეს თავი უკანონო პატიმრობას. 

ერთ-ერთი გატაცებულის - ზაზა მელიქიშვილის მამა გვიყვება, რომ შეშას ტყის მასივის იმ ნაწილში აგროვებდნენ, რომელიც ოკუპირებული არ არის, იგი შორი-ახლოდან უყურებდა, თუ როგორ გადმოვიდნენ შეიარაღებული საოკუპაციო ფორმირებები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი შვილი მეგობართან ერთად დააკავეს. 

„ოთხი ადამიანი ვმუშაობდით. ორი ხე მოვჭერით. მძღოლი ქვემოთ გველოდებოდა. ხმა რომ არ გაგვცა ვალერი გაგნიძემ, ჩემი ბიჭი, ზაზა  ჩავიდა დაბლა. გავიგონე, რომ თქვა - არ მესროლოთო. ჩვენ შეგვეშინდა. მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. უკან ტყის გავლით დავბრუნდით. რუსები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ  და იქიდან მოხდა გატაცება. ყველაზე ძნელი იყო, როდესაც მე ვუყურებდი, როგორ დააკავეს ჩემი შვილი და მისი მეგობარი და ვერაფერს ვაკეთებდით", - ამბობს ზაზა მელიქიშვილის მამა, ბონდო მელიქიშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ამბობენ, რომ წელს მოსავალიც ვერ აიღეს, გაზაფხულის ყინვებმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. 

,,ჩემი მეუღლეც იყო ტყეში წასული შეშის მოსატანად. მან მოიტანა ამბავი, რომ ოკუპანტებმა ჩვენი შვილი და მისი მეგობარი დააკავეს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია. ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული. არავინ ჩვენზე არ ფიქრობს. სახლისთვის შეშის მოსატანად იყვნენ წასულები. ფული რომ გვქონდეს ან  სამსახური, შეშას ვიყიდდით და ასე წვალება მაინც აღარ მოუწევდათ", - ამბობს ზაზა მელიქიშვილის დედა ლია მელიქიშვილი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამატებით ოკუპაციას პერიოდულად ახორციელებს. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ გასულ წელს შეშა იმ ტერიტორიიდან მოიტანეს, სადაც ოკუპანტებმა მათი თანასოფლელები დააკავეს.

„სადაც ახლა ოკუპანტები გადმოვიდნენ, ეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა. ყოველ წელს იქედან მოგვაქვს შეშა. გასულ წელს მეც იქედან მოვიტანე, მაგრამ როგორც ჩანს, რუს სამხედროებს მოსახლეობის დაშინება უნდათ, რომ ტყეში აღარ შევიდეთ და სწორედ ამიტომ დააკავეს ეს ბიჭები. უკიდურესი სიღარიბეა სოფლებში. თუ ტყეში აღარ შეგვიშვებენ, გამოდის, რომ ზამთარში გავიყინებით. შეშას ვერ ვიყიდით. აქ მცხოვრებლების უმრავლესობას არ გვაქვს ამის საშუალება. ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როდესაც გატაცება მოხდება. მანამდე არავინ კითხულობს, ჩვენს მდგომარეობას, როგორ ვცხოვრობთ და როგორ გადაგვაქვს ზამთრის თვეები. მე პირადად, არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, რადგან ვერ ვიყიდი შეშას. აქ 5 თვე მაინც გვჭირდება გათბობა და არ გვაქვს მაგის საშუალება, რომ 2000 ლარის შეშა ვიყიდოთ", - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ზაზა მელიქიშვილმა და ვალერი გაგნიძემ ცხინვალის იზოლატორში 24 საათი გაატარეს. ორივე მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს, ერგნეთის ბლოკ საგუშაგოსთან 29 ოქტომბერს გადმოსცა. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ორივე მოქალაქემ 30 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის არჩევნების მეორე ტურში არჩევანი გააკეთეს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზამთრის ცივი თვეების გადასატანად შეშის მოსატანად კვლავ მოუხდებათ ნახევრად ოკუპირებულ ტყეში წასვლა, რადგან მათ სხვა არჩევანი 28 ოქტომბერსაც არ ქონდათ, როდესაც შეშის მოსატანად წასულები ოკუპანტების სამიზნე გახდნენ.

ახალი ამბები