კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის პატიმრობა უკანონოდ ცნო

9 ნოემბერი, 2021
Humanrights.ge 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის, კახაბერ კვეკვესქირის საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო 2021 წლის 1 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ კახაბერ კვეკვესქირისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა.  

2021 წლის 30 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კახაბერ კვეკვესქირი იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში დამკვირვებლად 67.20 საარჩევნო უბანზე. კახაბერ კვეკვესქირთან ერთად სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად იმყოფებოდნენ ბექა პაპაშვილი, გიორგი მუმლაძე და ალბერტ მერებაშვილი. მათ ამ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აღმოაჩინეს მანქანებში მყოფი პირები სიებით ხელში. მათ, როგორ დამკვირვებლებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინეს ფაქტის/დარღვევის იდენიტიფიცირება და იქვე მყოფ პოლიციას მიმართეს რეაგირებისთვის. პოლიციის მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. 

ცოტა ხნის შემდეგ საარჩევნო უბანთან გამოჩნდნენ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სუბიექტები - მამუკა წოწორია და  ირაკლი ჩიქოვანი. ამას მოჰყვა მათი მხარდამჭერების - მანქანებში მყოფი პირების გააქტიურება, რომლებიც კვლავ 100 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთმა ხელი დაარტყა კახაბერ კვეკვესკირთან  ერთად მყოფ დამკვირვებელს, ბექა პაპაშვილს. ძალადობრივი ინციდენტისას პოლიციამ მამუკა წოწორიას მხარდამჭერი ერთ-ერთი პირიც დააკავა. კახაბერ კვეკვესქირი კი მოწმის სახით დაიბარეს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში. მან პოლიციას უთხრა, რომ მოგვიანებით მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საარჩევნო უბანზე. პოლიციამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და იძულების წესით გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციაში გადაყვანის შემდგომ კი კვეკვესქირს განუმარტეს, რომ ის მოწმედ კი არ იყო წარდგენილი პოლიციაში, არამედ დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უფლება არა აქვს, მოწმის სახით გამოსაკითხი პირი იძულების წესით მიიყვანოს გამოკითხვაზე სასამართლოს შესაბამისი ბრძანების გარეშე, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობდა.

2021 წლის 1 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო კახაბერ კვეკვესქირი და 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2021 წლის 1 ნოემბრის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2021 წლის 8 ნოემბერს  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განიხილა წარდგენილი საჩივარი და დააკმაყოფილა. შესაბამისად,  გაუქმდა 2021 წლის 1 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება კახაბერ კვეკვესქირის მიმართ და შესაბამისად შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოდ იქნა ცნობილი.  

ახალი ამბები