კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყელში გაჩხერილი ბურთი

15 ნოემბერი, 2021
მიხეილ ჯახუა

ამ ბოლოს აფხაზურ-ქართულ-ოსური დიალოგი იმდენად იშვიათი შემთხვევაა, რომ ყოველი ასეთი შესაძლებლობა რაღაც ახალი პროცესების საწყისად უნდა იქნეს აღქმული. ყოველი ასეთი შეხვედრა ჩვენი კონფლიქტების ახლებურად დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას იძლევა. უფრო მეტად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეძლო, მოეპოვებინა ოსური და აფხაზური მხარის ისეთი ნდობა, რომ ისინი მათ ორგანიზებულ სემინარს დასწრებოდნენ.

ამგვარი შეხვედრების მიმართ ხშირად გამიგია კრიტიკული, პესიმისტური დამოკიდებულება, ბევრს უჩნდება კითხვა: „რა მოაქვს ამ შეხვედრებს?“ „რას ცვლის ისინი?“ ამგვარი მიდგომა კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩვენში არსებული ნიჰილიზმის გაგრძელებაა. არ ვიცი, ამ განწყობის შესახებ რა სმენია სემინარზე მოწვეულ ტრენერს, რომელმაც 5 დღის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადა თავად და ჩვენც მაქსიმალურად დაგვხარჯა კონკრეტული იდეებისა და პოზიციების შესაჯერებლად.

რამდენიმედღიან სემინარს უძღვებოდა კაი ფრიტჯოფ ბრანდ-იოკობსენი. მისი უამრავი რეგალიის ჩამოთვლა ალბათ გაჭირდება, თუმცა ის რომ მსოფლიოში განთქმულ  მშვიდობის მშენებელს (მშვიდობის აქტივისტს), 5-დღიანი შეხვედრის განმავლობაში ყველა „კაიდ“ მოვიხსენიებდით, კარგად წარმოაჩენს მის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს. მან შეძლო ჩვენთვის შეექმნა თავისუფალი სივრცე. მასთან კომუნიკაციისას ხშირად შემიმჩნევია - ამხელა გამოცდილებისა და ცოდნის მატარებელი ადამიანი საუბრისას როგორ გაგრძნობინებს, რომ შენგან რაღაცას სწავლობს, მის თანასწორად მიაჩნიხარ და გმატებს რწმენას, რომ დიდებულ საქმეს ემსახურები.

მთელი სემინარიც ასეთი სულისკვეთებით მიჰყავდა. ეს სემინარი სწორედ ამაზე იყო, ჩვენი შესაძლებლობების დაჯერებაზე, იმის რწმენაზე, რომ რეალურად არის შესაძლებელი შეხვედრის სლოგანად არჩეული ფრაზის განხორციელება - „მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა, მისი შექმნაა“. 

დაუსწრებლად გაცნობა...
უცნაურია, მაგრამ შეცვლილი მომავლის განცდა პირველივე სესიაზე დამეუფლა. გაცნობის სესიაზე, ტრადიციულად, გვერდით მჯდომს ვესაუბრები ხოლმე. აქაც ასე მოვიქეცი. საუბარში ჩემს თანამოსაუბრეს სახე შეეცვალა და ჩემი ცხოვრების ისეთ დეტალებზე ჩამეკითხა, რაზეც შეიძლება, ოჯახის წევრებთანაც არ მისაუბრია. შემდეგ კი მითხრა, რომ ჩემი ინტერვიუ მოუსმენია სოხუმში ჩატარებული „ბერგჰოფის სადისკუსიო შეხვედრის“ ფარგლებში. პირველად დავინახე ასე ნათლად იმ არაპირდაპირი დიალოგის (აუდიოინტერვიუს ჩაწერა და განხილვა) ძალა, რაშიც ბოლო წლებია, ვმონაწილეობ. მე ჩემი სათქმელი მიტანილი მქონდა ერთ კონკრეტულ ადამიანამდე, რომელიც ჩემთან შეხვედრამდე უკვე მიცნობდა.

„ოფიციალური“ ნაწილი
სემინარის დღის წესრიგი მრავალფეროვნად იყო აწყობილი. მასში თანაბრად იყო გამოყოფილი დრო მშვიდობის მშენებლობის თეორიულ და პრაქტიკულ ბაზისებზე. მონაწილეებმა ნათლად დავინახეთ, რამდენად დიდ ინფორმაციას ვფლობთ კონფლიქტების შესახებ და ნაკლებს - სამშვიდობო პროცესებზე; მეტი ვიცით მხედარმთავრებზე და ნაკლები - მშვიდობის მშენებლებზე; მეტს ვხარჯავთ კონფლიქტის ინფრასტრუქტურაზე და ნაკლებს - მშვიდობის ინფრასტრუქტურაზე; საგანმანათლებლო სივრცე სრულად დაცლილია მშვიდობის სწავლებისგან.

როგორც თეორიული დისკურსი, ისე მოყვანილი პრაქტიკული მაგალითები მორგებული იყო ჩვენს კონკრეტულ კონტექსტს. სამივე მხარეს შეგვეძლო, გვეპოვა ის, რაც ჩვენში უნდა გადაგვეაზრებინა და ის, რისი გამოყენებაც შეგვეძლო. გავეცანით ირლანდიის კონფლიქტის კომპლექსურობას და  კენიის 2007-2008 წლების მოვლენებისას სამშვიდობო აქტივიზმის როლს.

შეხვედრის მეორე დღეს გავიყავით სამ ჯგუფად თითოეული საზოგადოების მიხედვით. როგორც წესი, მსგავს შეხვედრებზე ცდილობენ, შერეულ ჯგუფებში გვამუშაონ (ამ სემინარის შემდგომ სესიებზეც ასე იყო), ერთი მხრივ - დიალოგის ხელშესაწყობად, ხოლო მეორე მხრივ - თითოეულ ჯგუფში  ამა თუ იმ საზოგადოების ხმის გასაჟღერებლად. ჯგუფში მოგვიწია იმაზე შეჯერება, თუ რა შეიძლებოდა, ყოფილიყო კონფლიქტის დარეგულირების სცენარი იმ შემთხვევაში თუ სრულად მოხდებოდა რომელიმე საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, ანუ ჩვენ უნდა შეგვეჯერებინა ქართული სცენარი. თითქოს ცხადია, რა გვინდა, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდეთ, ვიცით რო, რა გვინდა? როგორ გვინდა ამ მიზნის მიღწევა? რას ვაპირებთ შემდეგ, რა გეგმა გვაქვს? 

ამ დავალების შესრულებამ გვაჩვენა თუ რამდენად განსხვავებულია ჩვენი პერსონალური შეხედულებები იმისგან, რაც ჩვენი აზრით, შეიძლება, უნდოდეს ჩვენივე საზოგადოებას. ნათლად გამოჩნდა, რომ არ გვაქვს შიდა დისკუსიები ქართულ საზოგადოებაში.

ოსური მხრიდან პრეზენტაცია საკუთარ თავზე აიღო ცხინვალელმა ახალგაზრდა კაცმა.  იგი აგვისტოს ომის დროს სკოლის მოსწავლე ყოფილა და ნათლად ახსოვს ომის პერიპეტიები. ომახიანად და მკვეთრი ხმით დაიწყო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. წინასწარ მომზადებული ფურცელიც არ გაშალა. ზუსტად იცოდა, რისი თქმა უნდოდა. თუმცა, ბოლოსკენ მაინც იმძლავრა ემოციებმა, ხმა აუკანკალდა, ბოდიში მოიხადა და დაასრულა. მოგვიანებით პირად საუბარში მითხრა, რომ ვერაფერი მოუხერხა ყელში გაჩხერილ ბურთს. 

როგორც უკვე ვთქვი, განრიგი მოიცავდა როგორც პოზიტიური სამშვიდობო გამოცდილების გაზიარებას, ისე ჩვენთვის გამოსადეგი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ბევრი საინტერესო წინადადება გაჟღერდა. ყველას მოგვეცა ჩვენი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და ნაუცბათევად მოფიქრებული იდეების დაფიქსირება. ოსმა ახალგაზრდა ქალმა ჯერ თავი შეიკავა რაიმეს თქმისგან, მერე მოიკრიბა მთელი ნებისყოფა და უკვე დაშლილ ჯგუფს გვთხოვა 2 წუთით შეყოვნება, დააზუსტა - ქართველებთან მაქვს სათქმელიო. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი კარგი და საინტერესო რამე, რაც ითქვა, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს, რაც მე უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავსო. მან შეძლო ძალების მოკრეფა და ჩვენამდე თავისი სათქმელის მოტანა, მაგრამ ალბათ - ბოლომდე ვერა, არც მანამდე და არც მერე მე მის სახეზე ღიმილიც კი არ მინახავს.

არაფორმალური დიალოგი
დიალოგის პროცესების ვეტერანადაც კი შეიძლება ჩავითვალო. პირველივე მსგავს შეხვედრაზე ქალბატონი თინა ასათიანმა გვითხრა, რომ ამგვარ შეხვედრებზე ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის უმეტესი ნაწილი სწორედ არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს. ცხადია ჩვენმა ტრენერმა (ფასილიტატორმაც) დიდი დრო გამოგვიყო პირდაპირი დიალოგისთვის, უშუალო საუბრებისთვის, დახურულ ჯგუფში თემატური განხილვებისთვის. 

კაიმ ჩვეულებრივ ამბად გაგვიზიარა ისტორია, თუ როგორ ისადილა დალაი ლამასთან და არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუსთან ერთად. ცხადია, საინტერესო და მრავალმხრივი საუბარი შედგებოდა მშვიდობაზე, მაგრამ ჩვენმა ტრენერმა ეს შეხვედრა დაახასიათა, როგორც ყველაზე მხიარული სადილი მის ცხოვრებაში. არ ვიცი, მათ რაზე ეღიმებოდათ, მაგრამ მსგავს შეხვედრებზე, არაფორმალურ გარემოში, ხშირად შემიმჩნევია ჩემი თავისთვის სარკასტული, თვითკრიტიკული ხუმრობები, ალბათ, უფრო რეალური განცდების დასაფარად და გულისნადების  გადასაცემად. ამ შეხვედრაზე მე მარტო არ ვიყავი ასეთი. ჩვენ ბევრი ვიხუმრეთ...

ორგანიზატორებმა სიურპრიზად შემოინახეს შეხვედრის სპეციალური ვახშმის ადგილი. გვიმასპინძლა ამ ქალაქის ქართულმა რესტორანმა. რესტორნის ქართველ მეპატრონეს არაერთი ოსი და აფხაზი მეგობარი შეფი ჰყოლია სხვა რესტორნებიდან. მასპინძელმა ამაყად წარმოგვიდგინა ოსური ხაბიზგინები და ქალაქში მცხოვრები აფხაზების მიერ გამოგზავნილი ყველი. 

ქართული ჯგუფის ყურადღება კი განსაკუთრებით მიიპყრო სუფრაზე დატანილმა საქართველოს აღწერამ და ლეგენდამ „ღმერთთან დაგვიანებით მისულ ქართველებზე“. ბევრს გვიფიქრია, ალბათ, საიდან მოდის ეს ლეგენდა. თუმცა, ამ ლეგენდის შესახებ ყველაზე საინტერესო რამ ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრაზე შევიტყვე. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე ლეგენდას ჰყვებიან აფხაზები - თურმე, ისინიც გართული იყვნენ, მათაც დააგვიანდათ და მათაც ღვთიურ ადგილას ერგოთ ცხოვრება. 

ახალი ამბები