კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთო სივრცე საერთო მიზნისთვის

15 ნოემბერი, 2021
ნინო ჩიხლაძე

მოტივაცია და მოლოდინი
მშვიდობა, მისი ფართო თუ ვიწრო გაგებით, ის მოცემულობაა, რომელშიც დრო და სივრცე ძალადობის, ძალადობრივი კონფლიქტისა და მით უფრო, ომისთვის აღარ რჩება. ძალადობისგან თავისუფალი გარემო ყველაზე ღირებულს - ადამიანის უფლებების პატივისცემას და დაცულობას გულისხმობს. მეტიც, ჩემთვის იგი მშვიდობისა და განვითარების საზომი ინდექსია. ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამასთანავე, არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორია მშვიდობის დონე სახელმწიფოებში, რეგიონებსა თუ სხვადასხვა სოციუმში. 

იმის გასაგებად, თუ რამდენად ღირსეულად, თავისუფლად და დაცულად გრძნობს თავს ცალკეული ინდივიდი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რას ინახავს მათი მეხსიერება კონფლიქტების შესახებ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო მშვიდობის შესახებ სემინარში, რომელიც მათთან პირისპირ შეხვედრისა და კომუნიკაციის იშვიათ შესაძლებლობას მაძლევდა. ვიცოდი, რომ ეს შესაძლებლობა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე და ზოგადად, აფხაზ და ოს ხალხზე არსებული ზოგიერთი სტერეოტიპის გადაფასებაში დამეხმარებოდა და მათზე უფრო რეალისტურ წარმოდგენას შემიქმნიდა, რაშიც არ შევმცდარვარ. არასწორად მიმაჩნდა, რომ ერთხელ მაინც სესიის ხუთი დღის განმავლობაში დაძაბულობა გარდაუვალი იქნებოდა, ქართულ-აფხაზურ-ოსურ კონფლიქტზე, ჩვენს მომავალზე საუბრისას. თუმცა, ყველაზე მეტად სწორედ ის მახარებს, რომ შევცდი. ჩემ მსგავსად ამ შეხვედრაზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომელთათვისაც მთავარი მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთობა, პატივისცემა და დაშვებულ შეცდომებზე სწავლაა. 

როგორღაც ყველამ სწორედ ერთნაირი, საერთო შეფასებით - მშვიდობიანი მომავალი ვისურვეთ და სესიის პირველი დღე იმედიანად დავასრულეთ. მომავლის ხედვის გაზიარების შესახებ დღის ბოლოს ჩატარებული ეს ერთგვარი სავარჯიშო ჩემთვის დაძაბულობისა და დაბნეულობის მომხსნელი აღმოჩნდა. მან მომდევნო დღეებისთვის შემართება, მოტივაცია და თავდაჯერებულობა მომცა. მივხვდით, რომ საერთო სივრცე საერთო მიზნისთვის ვიპოვეთ.   

ტრენერის შესახებ
ეს სივრცე გულრწფელი დიალოგისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა. მონაწილეებთან ერთად იგი ასეთი სესიების ხელმძღვანელმა გახადა. ტრენერი პროფესიონალი და გულისხმიერი პიროვნება იყო, რომელმაც პირველივე წუთიდან მოიპოვა ჩვენი ნდობა. პირადად ჩემთვის, იგი ისეთი ადამიანის სიმბოლოა, რომელსაც ზუსტად ესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობის მშენებლობა და ამასთან, ზუსტად იცის, როგორ იბრძოლოს მისთვის. მან მთელი თავისი ენთუზიაზმით სცადა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.  ყოველ ჯერზე სხვადასხვა რეალური მაგალითით გვაჩვენებდა, რომ დიალოგი, აღიარება, მოსმენა, თანაგრძნობა  და მშვიდობის მშენებლობაში ორმხრივი მონაწილეობა ხელშესახები შედეგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დაგვაფიქრა იმ უნარებზე, რომლებიც მშვიდობის მშენებლობაზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის არის საჭირო. ხუთი დღის განმავლობაში მან მოახერხა მონაწილეთა დაკავშირება და ფასილიტაცია ჩვენი საერთო მომავლის შესახებ დიალოგისთვის. დიალოგისთვის სახელმძღვანელო პრინციპებზე მონაწილეები თავადვე შევჯერდით და ეს იყო პირველი რამ, რაც სესიის განმავლობაში ერთობლივად შევქმენით. სიმბოლურად, ამ შეთანხმებას კონსტიტუცია ეწოდა. 

მთავარი გზავნილები ტრენერისგან
გარდა იმისა, რომ აფხაზი და ოსი მონაწილეების ინდივიდუალურის ისტორიების, დამოკიდებულებების და სურვილების მოსმენა პირადად მსურდა, მინდოდა, ეს პროექტი კონფლიქტების მოგვარებაში ჩემი როლის დანახვასა და გათავისებაშიც დამხმარებოდა. ახლა ამ როლის მნიშვნელობა მკაფიო და ნათელია. ვაცნობიერებ, რომ არა მხოლოდ კონფლიქტის დასრულებაში, არამედ მშვიდობის თანმიმდევრულ მშენებლობაში ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვაკისრია. თუ რატომ, ამაზე პასუხი მარტივია: მომავალი, როგორსაც მას ჩვენ წარმოვიდგენთ, თავად უნდა შევქმნათ და ამისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და ახლა. ეს იყო მთავარი გზავნილი, რითაც მშვიდობის შესახებ სემინარი დაიწყო და რომელიც ხუთი დღის მანძილზე თითოეული დისკუსიის თუ ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას მონაწილეთა მოტივაციის მთავარ წყაროდ იქცა. 

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრება არასაკმარისია იმის გაცნობიერების გარეშე, რომ მცირე წვლილიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ერთ-ერთი მთავარი, რისი  ჩვენებაც ჩვენთვის ტრენერმა არაერთხელ სცადა, იყო საკუთარ თავში რესურსების მუდმივი ძიების საჭიროება, რომ მოქმედებისთვის არასოდეს ველოდოთ სხვას, უფრო კი - მათ, ვისაც ძალაუფლება და შესაბამისად, რესურსიც მეტი აქვთ. წინ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯიც ღირებული და ფასეულია. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა თითოეული მონაწილისგან, როდესაც მესამე ქვეყანაში ჩასვლა და ერთმანეთთან საუბრის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენის და/ან ჩამოყალიბებისთვის, ერთმანეთის გაცნობისთვის და ერთმანეთის ყოველდღიურობის გასაგებად იყო საჭირო. უმეტესად ხომ ჩვენი წარმოდგენები სხვათა მონაყოლს ეყრდნობა და ინფორმაციები დაუზუსტებელი, არასრული და არათანმიმდევრულია. სემინარის ხუთ დღეში ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ზოგიერთი გააზრებული და გადაფასებული ფაქტი, მწამს, რომ მშვიდობის მშენებლობის ხანგრძლივი და რთული პროცესის ღირსეული და მნიშვნელოვანი ელემენტია. ის, რაც ტრენერისგან ასევე ვისწავლეთ, ამ კავშირების შენარჩუნების აუცილებლობაა. მშვიდობის მშენებლობისთვის გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ არის ცალკეული და თითოეულის შედეგს მოფრთხილება სჭირდება.
 
რა გვჭირდება?!
მონაწილეების მზაობა და სურვილი - ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშვიდობის მშენებლობაში, იგრძნობოდა სესიის ფარგლებს გარეთაც, არაფორმალურ გარემოში, სადაც რთულია, იყო მოჩვენებითი. ინდივიდუალურ საუბრებსა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებებში ცალსახად ჩანდა მშვიდობიანი მომავლის შექმნის გულრწფელი სურვილი, რომელიც საერთო დანაშაულის აღიარებით, წარსულის გადააზრების სურვილით იყო შთაგონებული. რამდენჯერმე სემინარის ზოგიერთ მონაწილესთან საუბრისას ძალიან ცხადად ვიგრძენი, რომ მენდობოდნენ და კომუნიკაციის სურვილი ორმხრივი იყო. ვიგრძენი, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვქონდა, მაგრამ დრო არასოდეს გვქონდა საკმარისი. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ასევე ცხადი და ნათელი იყო. ცოტა რამ ვიცოდით ერთმანეთის წარსულის და აწმყოს შესახებ. ღია და გულწრფელი დიალოგისთვის იშვიათად გვეძლეოდა სივრცე. ცხადი იყო, რომ თითოეული ჩვენგანი განვიცდიდით პირდაპირი, ზუსტი წყაროების ნაკლებობას, საიდანაც ისტორიულ მოვლენებს ობიექტურად შევაფასებდით. წყარო, რომელიც ამბის ორივე მხარეს დაგვანახებდა. დამოუკიდებელი, სანდო მედიასაშუალება, რომელიც ერთმანეთის დღევანდელ ცხოვრებაზეც ნათელ სურათს შექმნიდა. ვიგრძენით, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით და ეს დღემდე გრძელდებოდა. სესიის ფარგლებში ახალ ინიციატივებზე როცა ვფიქრობდით, ყველა ჯგუფში ერთხელ მაინც ითქვა ამ პრობლემის შესახებ. ვფიქრობდით ახალი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მუდმივი დიალოგის, ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის საშუალება იქნებოდა. ვფიქრობდით, რომ თავად უნდა შეგვეკრიბა წარსულის ისტორიები, გაგვეანალიზებინა და მათ შესახებ დაგვეწერა. ფილმი გადაგვეღო, რომელიც ნათელ წარმოდგენას შექმნიდა კონფლიქტზე, შეცდომებზე, სამომავლო ხედვებსა და სურვილებზე. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინიციატივების, რომელთა განხორციელება ერთმანეთთან მუდმივი კავშირის ქონის სურვილითა და საჭიროებით იყო ნაკარნახევი. 

საერთო ბევრი გვაქვს
გარდა იმ მიზნისა, რომელმაც მონაწილეები ერთ ქალაქში შეგვკრიბა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, როგორც ადამიანებს. წარსულის კონფლიქტს და ერთმანეთის მიმართ დღემდე არსებულ გაუცხოებას ხელი არ შეუშლია ყოფით საკითხებზე საუბრისთვის, ერთად სეირნობისა და ერთმანეთისთვის გზის ჩვენებისთვის. საუბარი სპორტზე, მუსიკაზე, კულინარიაზე ჩემთვის იმედის მომცემი იყო. მარწმუნებდა, რომ ჩვენ შორის მშვიდობის მიღწევა რეალურია. შეგვიძლია, ვიყოთ ემპათიური, გონიერი და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება. გვაქვს უნარი და სურვილი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ კავშირები. გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც თავად გვაქვს და რომელსაც მესამე პირები გვთავაზობენ. მშვიდობის შესახებ სემინარი ჩემთვის სწორედ ასეთი რესურსი იყო. ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის მადლობას იმსახურებს თითოეული ორგანიზატორი და მონაწილე, რომელთა საერთო სურვილისა და შრომის გარეშე, იგი არ იარსებებდა.   

ახალი ამბები