კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

 'გირჩი - მეტი თავისუფლების'  ყოფილი წევრი და მისი მეუღლე ჯარიმას აღარ გადაიხდიან

13 იანვარი, 2022
 
Humanrights.ge

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დადგენილებით დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული საჩივარი და გააუქმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრის, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური კოალიციიდან ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის და მისი მეუღლის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მათზე დაკისრებული ჯარიმები 1500 და 500 ლარის ოდენობით. 

2021 წლის 25 ნოემბერს იმედა კლდიაშვილი გადაადგილდებოდა მისი მეუღლის ნათია კიკაძის  სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, დააჯარიმა 1500 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მ-4 ნაწილით.  ასევე, დააჯარიმეს მისი მეუღლე, ნათია კიკაძეც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 211-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომანქანის გადაცემას იმ პირისთვის, ვისაც მართვის უფლება არა აქვს. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმედა კლდიაშვილს დადგენილ ვადაში ჰქონდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სახდელი, რითაც მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 6 თვის ვადით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული სახდელი ჩერდება, თუკი იგი დადგენილ ვადაშია გასაჩივრებული და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სწორედ ამ ჩანაწერს ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული საჩივარი, რაც დააკმაყოფილა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

წინაისტორია:
თავის მხრივ, იმედა კლდიაშვილისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა უკავშირდება 2021 წლის 2 ნოემბრის ინციდენტს სამართალდამცველებთან, როდესაც „გირჩი - მეტი თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელი სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირებისთვის ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებამდე იმედა კლდიაშვილმა უარი თქვა, დამორჩილებოდა სამართალდამცავების მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომლის შესასვლელი ჩახერგილი ჰქონდა თავისი ავტომანქანით. კლდიაშვილის ეს მოქმედება ინიცირებული იყო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ საპროტესო აქციის ფარგლებში. ამ ფორმით, კლდიაშვილი და მისი პარტიული კოლეგენი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აპროტესტებდნენ 2021 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებს. საპატრულო ეკიპაჟის მოთხოვნას - გადაეყენებინა კუთვნილი ავტომანქანა, კლდიაშვილი არ დაემორჩილა. მასზე გამოიცა ამდინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შემდეგ, როდესაც საპატრულო ეკიპაჟმა უკვე იცოდა, რომ იმედა კლდიაშვილი არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნებს, განიზრახეს სხვა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე  კიდევ ერთი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება და  პოლიტიკოსს მოსთხოვეს ალკოტესტის გაკეთება. კლდიაშვილმა მათ განუმარტა, რომ საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ ჩაიტარებდა ყველანაირ გამოკვლევას, რაც საჭირო იქნებოდა იმის დასადასტურებლად, რომ არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა იმედა კლდიაშვილის განმარტება არ გაითვალისწინეს და მის მიმართ გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და რითაც იმედა კლდიაშვილს ადმინისტრაციულ სახდელად დაეკისრა 6 თვით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება. 2021 წლის 4 ნოემბერს იმედა კლდიაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 2021 წლის 10 ნოემბრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის დადგენილებით, იმედა კლდიაშვილს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ჩაიბარა 2021 წლის 12 ნოემბერს). ეს უკანასკნელი დადგენილება კი გაასაჩივრა 2021 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 25 იანვარს გაიმართება, სადაც იმედა კლდიაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაიცავს.

ახალი ამბები