კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან

28 მარტი, 2022
Humanrights.ge
 
15 მარტს ქალაქ ახმეტაში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულები, მათ შორის - ეთნიკურად ოსი მოქალაქეებით დასახლებული სოფლებიდან.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი“. ანგარიშში გამოკვეთილია ორი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება ეთნიკურად ოსი პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესს  და საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წელს მიღებული კანონის - „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ აღუსრულებლობას.
 
ანგარიშზე მუშაობისას, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით, ასევე საქმეების წარმოებისას საჭირო ცნობების მისაღებად, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1989-1992 წლებში (და არა მარტო ამ პერიოდში) რეგულარული ხასიათი ჰქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტიდან ეთნიკურად ოსი მოსახლეობის მიგრაციას, ძირითადად - რუსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში. უმეტესმა ნაწილმა ნებაყოფლობით გაყიდა საკუთრებაში არსებული სახლები, ნაწილი კი, ვისაც სახლ-კარი აქვს, დღემდე რეგულარულად ჩამოდის საქართველოში. ახმეტის მუნიციპალიტეტში (კერძოდ - სოფლებში: კუწახტა, ქორეთი, წინუბანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, ჩაჩხრიალა, საბუე, არგოხი, ფიჩხოვანი, ახალშენი, კოჯორი, ახშნის ველები, არაშენდა) ცხოვრობდა სულ 823 ეთნიკურად ოსი ოჯახი, საცხოვრებელი სახლი გაყიდა და მუნიციპალიტეტი დატოვა 471 ოჯახმა. ამჟამად მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 352 ოჯახი. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ შეხვედრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტები ფლობდნენ, ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ ასეთი სახის სტატისტიკურ ინფორმაციას. სამწუხაროდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, სადაც მსგავსი მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა, ასეთი სახის სტატისტიკა და შესაბამისად - საჯარო ინფორმაცია არა აქვს.
 
მერის რწმუნებულებმა ისაუბრეს 90-იანი წლების კონფლიქტის რეზონანსზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად ოსი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში. ზოგიერთი სოფელი კონფლიქტის მიმდინარეობისას და შემდეგ პერიოდში მთლიანად ან ნახევრად დაიცალა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი იძულებით გადაადგილებული ოსების ნაწილი დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს, ნაწილი კი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მაგრამ ინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან და აქ მცხოვრებ ნათესავებთან.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე გაჩაღებული კონფლიქტის შედეგები დღესაც სხვადასხვა ფორმით ვლინდება არა მხოლოდ ახლანდელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება. ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი სტერეოტიპები და ფობიები. არ არის შესწავლილი ეთნიკურად ოსი მოქალაქეების საჭიროებები და ზარალი, რაც მათ მიადგათ ეთნოკონფლიქტის პარალელურად განვითარებული შევიწროებისას და დევნისას.

როგორც შეხვედრისას გამოიკვეთა, ახმეტის მუნიციპალიტეტშიც არსებობს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ეს პრობლემები საერთოა ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. სახელმწიფო ცდილობს ეს პრობლემები აღმოიფხვრას, მაგრამ რეგისტრაციის პროცესი ჯერჯერობით რთულად და გაჭიანურებულად მიმდინარეობს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეთნიკურად ოს მოქალაქეებს, რომლებიც გასული საუკუნის ეთნოკონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ, სახელმწიფომ პრიორიტეტულად და გამარტივებული წესით უნდა დაუკანონოს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. 

ახალი ამბები