კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეხვედრა თელავის მუნიციპალტეტის მერის წარმომადგენლებთან

31 მარტი, 2022
Humanrights.ge

29 მარტს თელავში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მერის მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულები, მათ შორის - ეთნიკურად ოსი მოქალაქეებით დასახლებული სოფლებიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „კონფლიქტით დაზარალებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციის და მოქალაქეობის დაბრუნების პროცესის სამართლებრივი ანალიზი“, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოქვეყნდა. 

ანგარიშზე მუშაობისას, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით, ასევე საქმეების წარმოებისას საჭირო ცნობების მისაღებად, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 1989-1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტის ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში, ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად, 250 კაცმა დატოვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუღაანი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ეთნიკური ოსების მიერ ქონება არ არის მიტოვებული. ისინი პერიოდულად ჩამოდიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ამავე დროს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან საკრებულოსთვის ქონების რესტიტუციის მოთხოვნით არავის მიუმართავს. ეთნიკურად ოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან, ბინადრობის უფლება არ აქვთ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში გაღვივებული კონფლიქტის შედეგად, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საკუთარი სახლები და გადაადგილებულიყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციაში - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდმა ნაწილმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის გამო, დაკარგეს საქართველოსთან მოქალაქეობაზე დამყარებული კავშირი, მაგრამ შეინარჩუნეს ემოციური კავშირი, ასევე ურთიერთობა საქართველოში დარჩენილ ახლო ნათესავებთან. დღესდღეობით მათ ნაწილს აქვს სურვილი, კვლავაც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ისინი ცდილობენ, გამოიყენონ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ ამ პროცესში აწყდებიან სხვადასხვა დაბრკოლებას.

მერის რწმუნებულებმა ისაუბრეს 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგებზე და თანმდევ პრობლემებზე თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად ოსი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართველ დევნილებს, რომლებმაც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო, იძულებით დატოვეს სახლ-კარი და გადაადგილდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დასახელდა ერთ-ერთი დევნილი ოჯახის მაგალითი, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტამდე ცხინვალის რეგიონის სოფელ ზნაურში ცხოვრობდა და ამჟამად მის სახლში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალების შტაბია განთავსებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ ისაუბრა კანონის - „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ მნიშვნელობაზე. ამ კანონის მიღების დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაზარალებული პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია. მიზნიდან გამომდინარე, კანონში გატარებულია შესაბამისი კომისიის პარიტეტულ პრინციპზე დაკომპლექტების მცდელობა. კომისია შედგება 9 წევრისგან - კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან პარიტეტის პრინციპით დანიშნული წევრებისაგან. კომისია, როგორც კვაზი სასამართლო ორგანო, ერთგვარად ინტეგრირებულია სასამართლოს სისტემაში. ამავე დროს, იგი უფრო სწრაფ და ეფექტურ ორგანოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო. დღევანდელი მონაცემებით, კომისია ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუციაც, შესაბამისად, გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. 

სოფელ ჯუღაანში თელავის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულმა ისაუბრა კონფლიქტის დროს მიტოვებული ქონების ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მათ შორის, ერთ-ერთ პრობლემად დაასახელა იმ დროისათვის სიტყვიერი შეთანხმებით გაყიდული უძრავი ქონების სტატუსი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეთნიკურად ოსი მოქალაქეების სოფლიდან იძულებით წასვლისას, მათ არ გაუფორმებიათ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მყიდველებთან, რომლებმაც მათგან ქონება შეიძინეს. შესაბამისად, ეს ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ზოგიერთ შემთხვევაში, კვლავ არის დავის საგანი ძველი მეპატრონეების კანონიერი მემკვიდრეების მხრიდან.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე გაჩაღებული კონფლიქტის შედეგები დღესაც სხვადასხვა ფორმით ვლინდება არა მხოლოდ ახლანდელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება. 

ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დროულად უნდა ამოქმედდეს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია და განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, რის საფუძველზეც შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დაზარალებულთა ქონების რესტიტუცია, ან შესაბამისი კომპენსაცია. მნიშვნელოვანია, რომ რესტიტუციის და კომპენსაციის კანონში შევიდეს ცვლილება, რითაც საქართველოს მთავრობას დაევალება, პროაქტიურად დაიწყოს ეთნიკური ოსების მიერ მიტოვებული საკუთრებების აღწერა. ამასთან, აუცილებელია, შეიქმნას სტატისტიკა, რითაც მოხდება იდენტიფიცირება, თუ რა ქონების ნაწილია სახელმწიფოს საკუთრებაში და რამდენს ჰყავს ახლი მფლობელი/მესაკუთრე.

ახალი ამბები