კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს შეხვდნენ

11 მაისი, 2022
Humanrights.ge 

2022 წლის 11 მაისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილს შეხვდნენ და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელეს.  

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, ბრალად წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. ხოლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის  ბრალდება მოეხსნა. 

2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, ირაკლი ოქრუაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების ორ დოკუმენტს. მეორე დოკუმენტი (“ერთობლივი განცხადება”) მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებდა. დოკუმენტით აღიარებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში „უმაღლესი სტანდარტი“ უნდა იყოს დაცული. მინიშნებულია იმაზეც, რომ შეთანხმებით, ამჟამადაც და მომავალშიც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციაზე რეაგირება აუცილებელია. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებიც და ამ მხრივ, სავარაუდო პოლიტიკური მოტივებისა და შერჩევითი სამართლის საფუძველზე დაპატიმრებული პირების გათავისუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტი - პრეზიდენტის მიერ შეწყალების კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება, როგორც სამართლებრივი პრობლემის გამოსწორების შესაძლებლობა. 2020 წლის 9 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ იგი საჭიროდ ჩათვლიდა, რომ შეწყალება უნდა განხორციელდეს, მიიღებდა შეწყალების აქტს.

შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმეს მოსამართლე ვეფხვია ლომიძე განიხილავდა. 

2022 წლის 18 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან, იმ დროისათვის, უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა. 

დაცვის მხარის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა და გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გამამტყუნებელ განაჩენში განვითარებული მსჯელობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის უკანონო საფუძვლები. 

დაცვის მხარე არ ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და, ამჯერად, ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიმდინარეობისას, გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეში არაერთი სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთა. გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ 4 პოლიციელი მოწმის ჩვენებას. ნეიტრალური მტკიცებულებების სახით კი, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და სამართლებრივად პრობლემური ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლომ გვერდი აუარა ნორმის თავისებურებას და დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური ნიშნების იდენტიფიცირებისა და შეფასების გარეშე, ბრალდებულის ქმედება ძალადობად დააკვალიფიცირა, როცა სსკ-ის 225-ე მუხლის მიზნებისთვის „ძალადობა“ უფრო მეტი ინტენსივობის ფიზიკურ ზემოქმედებად უნდა განიმარტოს, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ პირობებში.

ამასთან, იმ უამრავი ადამიანიდან, ვისთან ერთადაც ირაკლი ოქრუაშვილი „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობდა, სამართალდამცავებმა მხოლოდ ოქრუაშვილი შეარჩიეს ბრალდებულად და დააკავეს. შესაბამისად, მხოლოდ მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო მყოფი აქციის სხვა მონაწილეების იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იყო. მსგავსი მიდგომით ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის წესით დევნა, შეიძლება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციადაც შეფასდეს. ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდო პოლიტიკური მოტივით, დააკავეს მისი პირადი მძღოლი და ოჯახის ახლობელი, კობა კოშაძე.

ახალი ამბები