კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცლილი და დაბერებული -  ხურვალეთი ოკუპაციის პირისპირ

29 ივნისი, 2022
გიორგი დვალიშვილი, შიდა ქართლი

სალოცავის გვერდით ლოდი გდია. ზედ ჭაღარა კაცი ზის, ქედის მიღმა ჩამავალ მზეს გაჰყურებს და ამბობს: „იცით, „ხურ“ ოსურად მზეს ნიშნავს“. ქედზე ის სასაფლაო მოჩანს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორად გაიყო - საფლავების ნაწილი გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა.

„ერთი მეტყევე კაცი იყო, ტუაევი ოთარი. როცა გარდაიცვალა, უნდოდათ აქეთ, მეუღლის გვერდით დაეკრძალათ, მაგრამ რუსებმა არ გამოატანეს მაგის ბიჭს მიცვალებული და აი, იქით, ზემოთ დამარხეს“, - გვეუბნება დავით ხუროშვილი, ფეხზე დგება და  ხელის გაწვდენით, ჩვენგან სულ რაღაც 200 მეტრში, ერთ-ერთ საფლავზე მიგვითითებს.

დავითის სოფელი - ხურვალეთი გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში საშუალოდ 350 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა შერეული, ქართულ-ოსური ოჯახებია.

მოსახლეობის მცირე ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს, მაგრამ „მცოცავი ოკუპაციის“, უწყლობის და საწვავის გაძვირების გამო, მოსახლეობამ მეცხოველეობაზე ზრუნვა არჩია. მარტივი არც ეს აღმოჩნდა. საძოვრების ნაკლებობის გამო, პირუტყვის გამოკვება რთულია.

„წვალებისაა ყველაფერი. ახლა საძოვრებზე გვიჭირს, ადრე მაგ მხრივ არაგვიშავდა“, - გვეუბნება დავითი და... „მაშო, მაშო, მოდი მაშო“, - გასძახის ქედის ფერდობზე მობალახე ძროხას. ისიც პატრონისკენ გამორბის.

ქართულ-ოსური მეგობრობა სოფელში მეცხოველეობას ამარტივებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბალახოდ გადასული პირუტყვის დაკარგვის ნაკლებად ეშინიათ. „ჩვენს პირუტყვს ზემოთ დავურეკავთ ხოლმე, იქ სულ ყველასთან შინაურული ურთიერთობა გვაქვს, ორჭოსანი გინდა, წინაგარა გინდა, ძუკაანთკარი გინდა. მე ვცნობ მაგათ საქონელსა, აქ რო ჩამოდიან ჩვენც ავურეკავთ ნებისმიერი ღორია თუ ძროხა არი. ვიცით, რო მაგათი არის, იმათ იციან, რო ჩვენი არი“, - გვეუბნება დავითი და თან „მაშოს“ თავზე ეფერება - ეს არი ჩვენი ოჯახის მარჩენალიო.

„მაშოს“ ყურზე შებმული ნომერი არ უკეთია. დავითი გვეუბნება, რომ ეს ოს მეგობრებზე ზრუნვის გამო გააკეთა. „არ მინდა, რუსებმა იცნონ, რომ ჩვენია და ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ - ქართველებს საქონელს ურეკავენო. ისევ ესე იყვეს უნომროდ. იციან, რო ჩვენებია და გამოგვირეკავენ მაინც“.

ლუდა სალიამ ხურვალეთში 6 წლის წინ სოციალური საწარმო - მოხუცთა თავშესაფარი დააფუძნა. ამბობს, რომ თავშესაფარი ყველაფრით უზრუნველყოფილია, მაგრამ სოფელში უამრავი პრობლემაა.

„ჩემი თავშესაფრისთვის არ ვითხოვ არაფერს. ეს სოფელი მეცოდება, სადაც წვიმის წყალს ელოდებიან, რომ დაიბანონ და სარეცხი დარეცხონ. მე მეგონა, ახალი მერი რომ მოვიდა, ამ საკითხს მიაქცევდა ყურადღებას. მერიამ სამჯერ გამოყო თანხა და წყალი არ აქვს მაინც სოფელს. ერთმანეთთან არის ხოლმე ერთი ჩხუბი და დავიდარაბა ამ წყლის გამო", - აცხადებს ლუდა სალია.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში, როინ ადიკაშვილი აცხადებს, რომ ხურვალეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ გარკვეულ უბნებს წყალი გრაფიკით მიეწოდება. „მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო დიდ ნაწილს 24-საათიანი მომარაგება აქვს. წყლის გრაფიკით მიწოდება გამოიწვია ზაფხულმა. ამ დროს წყლის დებეტი აღარ არის ჭაბურღილში, თორემ გამართულად მუშაობს ყველაფერი. ისე არსად არ არის, რომ საერთოდ არ ჰქონდეთ წყალი. რაც შეეხება სარწყავ წყალს, ქვემო მხარეს სულ არის. ტბა სავსეა. ნადარბაზევის ტბიდან ხდება მომარაგება. დანარჩენი, მცირე ნაწილია, სადაც სახლის წინ აქვთ ბაღები, იმ ადგილს ვერ მიეწოდება“, - აცხადებს როინ ადიკაშვილი.

ხურვალეთში მოსახლეობის ნაწილმა, გაძვირებული საწვავის გამო, მიწის დამუშავებაზე წელს უარი თქვა. არადა, გასულ წლებში სოფელში ხორბალი და ქერი მოჰყავდათ.

„ჩვენს სოფელში ბევრ დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს ნახავთ. ერთი მხრივ არის ოკუპანტების შიში და მეორე მხრივ, 4 ლარი გახდა საწვავი. დაიანგარიშა ხალხმა რა დაუჯდებოდა მოსავლის მოყვანა და გადაიფიქრა, რადგან აზრი არ ჰქონდა“, - ამბობს ნიკოლოზ მელაძე.

როგორც ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს საწვავის სუბსიდირება არ განახორციელა.

„ბუფერული ზონაა, თან მაღალმთიანი სოფლის სტატუსი გვაქვს, მაგრამ ასე უყურადღებოდ არის მიტოვებული ჩვენი სოფელი. ხალხმა რითი ვირჩინოთ თავი?! ამდენ რამეზე იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი და ხომ შეიძლებოდა, საწვავის სუბსიდირება მაინც ყოფილიყო, რომ შეგვძლებოდა მიწის დამუშავება“, - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

საწვავის გაძვირების გარდა, პრობლემაა „მცოცავი ოკუპაციაც". ლუდა სალიას ოჯახი მეუღლის მშობლების დანატოვარ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, რადგან მიწა ძალიან ახლოს არის გამყოფ ხაზთან და იქმნება ინციდენტების საშიშროება. „ძალიან შეავიწროვა სოფელი რუსმა. ერთი ავტობანიდან შემოსასვლელი დაგვრჩა, სხვაგან ყველგან ჩადგნენ და ვართ ასე გაუბედურებულები. იცლება სოფელი, დაბერებულია, შობადობა არ არის", - ამბობს ის.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ხურვალეთს ხშირად სტუმრობს. მაქარაშვილი ამბობს, რომ სოფელში ძირითადად, მოხუცები არიან დარჩენილები: „ელემენტარული საკვების პრობლემაა სოფელში. ძირითადად, მოხუცები არიან დარჩენილი და მათ უჭირთ მიწის დამუშავება. ძალიან დარდობენ და უჭირთ, ყოველდღე რომ ხედავენ, როგორ ცარიელდება სოფელი. იქ არაფერი არ ხდება, არანაირი პერსპექტივა არ არის ახალგაზრდებისთვის. მოხუცების უმრავლესობა, რომელსაც ვხვდები პირველივე დღეს ხარჯავს პენსიას წამლებში, ისიც არ ჰყოფნით ხოლმე. ისეთი სახლებიც ვიცი, რომ მოხუცები მარტო ცხოვრობენ და საწოლიდანაც ვერ დგებიან - ესე ბედის ანაბარა არიან დარჩენილები“.

გორის მერიის განმარტებით, ცალკე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არ არის სოციალური პროგრამები, მაგრამ დახმარების სხვა პაკეტებით ამ სოფლების მოსახლეობასაც შეუძლია ისარგებლოს. ონკოლოგიური ავადმყოფების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დიალიზზე მყოფი ადამიანების სოციალური დახმარება, სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება და ა.შ. - ეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის პუნქტების არასრული ჩამონათვლაია.

ხურვალეთში არსებული პრობლემების ადვოკატირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა ცენტრი. „მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობას ეზღუდება წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე და სარწყავ წყალზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის მიღების ძირითადი წყაროა. არსებობს შემთხვევები, როდესაც მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად საცხოვრებელი სახლები დეფაქტო მთავრობების კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2019 წელს მომზადებულ ანგარიშში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გადის. გამყოფი ხაზის სოფლებში კი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კვლავ აქტუალურია. კითხვაზე -  რაზე სწყდებათ ყველაზე მეტად გული ხურვალეთელებს, დავით ხუროშვილი გვპასუხობს: „ამოდონა შინაურობა დავკარგეთ. ტერიტორიებს ხო ნუღა იტყვი... ჩემი თაობის ხალხი კიდე შევრიგდებით - ერთმანეთისა კარგი გვახსოვს, ერთმანეთს გვერდში ვედექით, პურს ერთადა ვჭამდით, ჭირი-ლხინი განუყოფელი გვქონდა. ახალ თაობას გაუჭირდება შერიგება, თუ ისევ ჩემნაირი და ასაკოვანი არ დაუდგა გვერდში და არ უთხრა, როგორ ვიყავით ერთად“.

ახალი ამბები