კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს

21 ივლისი, 2022
გიორგი დვალიშვილი, შიდა ქართლი
ფოტოზე: თამაზ შიოშვილი
გორის მუნიციპალიტეტის ე.წ. გამყოფი, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კვლავ აქტუალურია. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფდებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ამ ვიზიტებისას არაერთი პრობლემაა გამოვლენილი.

მაგალითისთვის, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა კვლავ აწუხებთ მოქალაქეებს სოფელ ერგნეთში, ხურვალეთსა და ზარდიაანთკარში. ამას ემატება „მცოცავი“ ოკუპაცია და გაძვირებული საწვავი, რის გამოც გლეხები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მასობრივი მიგრაცია - ადგილზე ახალგაზრდებს იშვიათად თუ ნახავთ. „სოფლები მოხუცების იმედად არის დარჩენილი“, - ამბობს ოკუპაციის პირისპირ მარტო დარჩენილი სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

იცნობს თუ არა გორის მუნიციპალიტეტის მერია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ პრობლემებს, მოგვარდა თუ არა წინა წლებში  ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და რომელი სოციალური პროგრამებით სარგებლობა შეუძლია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას - ამ საკითხებთან დაკავშირებით, humanrights.ge გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამაზ შიოშვილს ესაუბრა.

-    ბატონო თამაზ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონკრეტულად რას აკეთებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის?
-    არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანაბრად ემსახურება მუნიციპალიტეტს. თუმცა, უწყებისთვის, როგორც ქვეყნის ხელისუფლებისთვის, პრიორიტეტად რჩება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება.

-     სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა კვლავ აქტუალურია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრს სოფელ ერგნეთში უთხრეს, რომ სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ, იგივე პრობლემა დაასახელა ზარდიაანთკარის მოსახლეობამაც. ზოგიერთ სოფელში იყო სასმელი წყლის პრობლემაც, ამ მიმართულებით თუ გეგმავს გორის მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს?
-    გორის მუნიციპალიტეტს, მათ შორის საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს სარწყავი წყლით სამელიორაციო სამსახური უზრუნველყოფს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 26  სოფლიდან სარწყავი წყალი შეფერხებით მიეწოდება  მხოლოდ 2 სოფელს (ბერშუეთი, კირბალი). აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივები სარწყავის წყლის დეფიციტის დროს სარგებლობენ ალტერნატიული საშუალებებით. რაც შეეხება სასმელ წყალს, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე ყველა სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

-    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში საბავშვო ბაღი არ არის, აღსაზრდელები მეზობელ სოფელში დადიოდნენ საბავშვო ბაღში, მაგრამ ზერტშიც შეფერხდა სააღმზრდელო პროცესი. 2019 წელს გორის მერიამ ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადა, რომ კირბალში დაგეგმილი იყო საბავშვო ბაღის მშენებლობა. არის თუ არა კვლავ უწყების დღის წესრიგში ეს საკითხი და რა ხდება ზერტის საბავშვო ბაღთან დაკავშირებით?
-    კირბალში, კონტიგენტის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღის მშენებლობა არ იგეგმება. სოფლის აღსაზრდელებს ემსახურება მეზობელი სოფლის, ზერტის საბავშვო ბაღი. კირბალელი ბავშვების ტრანსპორტირებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო. ამჟამად, ზერტის საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესს ნაქირავებ ფართში აგრძელებს. სოფელში იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით.

-    მოგვარდა თუ არა, გუგუტიანთკარში დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემა?
-  დღემდე, გორის მუნიციპალიტეტისთვის არავის მოუმართავს გუგუტიანთკარში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

-     აქვს თუ არა გორის მერიას სოციალური პროგრამები, რომლებიც გათვლილია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის?
-    გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით სარგებლობენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, მათ შორის - საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები.

-    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი აქტუალურია მასობრივი მიგრაცია. ახალგაზრდები არ ჩერდებიან ადგილზე, რადგან ფიქრობენ, რომ განვითარების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ადგილზე. მერიას აქვს ახალგაზრდული პროგრამები, არიან თუ არა ინფორმირებულები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები და არიან თუ არა ისინი მერიის აღნიშნული პროგრამების ბენეფიციართა შორის?
-    მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება პროექტები, რომლებშიც ახალგაზრდები აქტიურად  არიან ჩართულები, მათი ნაწილი ცხოვრობს საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ისინი აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. პროექტის მიზანი თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

-  რაც შეეხება, საგზაო ინფრასტრუქტურას, რამდენად პრიორიტეტულია მერიისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები? არის თუ არა წელს დაგეგმილი კონკრეტული სამუშაოები ამ სოფლებში?
- გორის მუნიციპალიტეტისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლებისთვის, პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ სოფლებში მოასფალტდა შიდა გზების ნაწილი, მოეწყო წყლის სისტემები, სტადიონები, სკვერები, ტრენაჟორები, გარეგანათება. ამ ეტაპზე, მეჯვრისხევში მიმდინარეობს სკოლის რეაბილიტაცია, მეჯვრისხევსა და ერგნეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა, ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების რეაბილიტაცია და ა.შ. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები გრძელდება.

ახალი ამბები