კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას 2200 ლარის ჯარიმა შეუფარდა

10 ოქტომბერი, 2022
 
Humanrights.ge
    
7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეების – კახა კუკავას, არსენ ნადირაძის და მიხეილ საკანდელიძის წინააღმდეგ. მათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას“ ედავებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და სამივე მოქალაქეს კახა კუკავას და მიხეილ საკანდელიძეს 2200 ლარის, ხოლო არსენ ნადირაძეს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებდა სასამართლო პროცესის მონიტორინგს. პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალდება მთლიანად ეფუძნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი და ნივთიერი მტკიცებულებები, რაც მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე მიუთითებდა. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი, დაცვის მხარის მიერ გადაღებული ვიდეომასალაა, რომელიც სრულად ასახავდა გამოსახლების პროცესს.

დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულია, რომ  15 სექტემბერს, თბილისში, ლაითურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს რამდენიმე ათეული მოქალაქე მშვიდობიანად აპროტესტებდა. სიტუაციის ესკალაცია კი მოყვა აღსრულების ბიუროს პოლიციის თანამშრომლების ქმედებას, როდესაც მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს შეკრებილი მოქალაქეების დარბევა. დარბევის დროს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას, რის შემდეგაც იგი დააკავეს. 

როგორც თავად დაკავებულმა კახა კუკავამ ერთ–ერთ სხდომაზე განაცხადა, არც ერთ პოლიციის თანამშრომელს არ განუმარტავს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით იმყოფებოდნენ ადგილზე მისულები და რა საპროცესო მოქმედებებს ასრულებდნენ. მოდავე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განცხადებას, თითქოს მათ მოუწოდეს კახა კუკავას, არ შეეშალა ხელი გამოსახლების პროცესისათვის, დაკავებულმა უწოდა „აბსურდი“ და განაცხადა, რომ თუ ის მართლა არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, უნდა ყოფილიყო მის მიმართ გაფრთხილება, რათა შეეწყვიტა ხელის შეშლა, რაც არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოწოდება მოხვდებოდა მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეოკადრებში. სასამართლო პროცესზე კახა კუკავამ მიმართა მოსამართლეს, რომ ეს იყო სასამართლოსათვის უნიკალური შესაძლებლობა, თავად ეხილა გამოსახლების და დაკავების მთლიანი პროცესი, რაც მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეოკადრებში იყო ასახული, რის საფუძველზეც მოსამართლეს ობიექტურად შეეძლო შეემოწმებინა არა მარტო ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა  დაკავებულთა მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი, არამედ ემსჯელა რამდენად კანონიერი იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა ქმედება. დაცვის მხარის განმარტებით, არც დაკავების დროს და არც შემდგომ ეტაპზე პოლიციის წარმომადგენელებს დაკავებულთათვის არ განუმარტავთ საკუთარი უფლებები და დაკავების საფუძველი.

დაცვის მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გეგმავს მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.

ახალი ამბები