კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'სიკვდილის ზონაზე' პასუხისმგებლობას თბილისის მერია და GWP დღემდე არ აღიარებენ 

16 ოქტომბერი, 2022
ნესტან ლონდარიძე

20 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვას დაუბრუნდება. სარჩელი საერთო სასამართლოებში ქალაქ თბილისის მერიის და წყლის გამანაწილებელი კომპანიის GWP-ს წინააღმდეგ 2017 წლიდან განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი.

ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის შვილი, ცოტნე ცქიტიშვილი თბილისის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ 2017 წლის 3 ივლისს დაიხრჩო. ტერიტორია ქალაქ თბილისის მერიის და წყლის გამანაწილებელი კომპანიის GWP-ს პასუხისმგებლობის ქვეშაა. იმ დროისათვის ამ სახიფათო ადგილზე, რომელსაც სამართლიანად „სიკვდილის ზონას“ უწოდებენ, არც ბარიერები და არც ბანაობის ამკრძალავი ან გამაფრთხილებელი ბანერები არ იყო გაკეთებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ალეკო ცქიტიშვილმა 2017 წლის დეკემბერში მიმართა, მოთხოვნით: ქალაქ თბილისის მერიას და GWP-ს მყარი ბარიერებით შემოეზღუდათ საფრთხის შემცველი ტერიტორია, სადაც ასევე უნდა განთავსებულიყო ბანაობის ამკრძალავი ბანერები. გარდა ამისა, ალეკო ცქიტიშვილის ოჯახმა მორალური ზიანის სახით 50 000 ლარი მოითხოვა.
 
თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მოპასუხის - წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-ს მიმართ სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ თავის განსჯადობაში დაიტოვა GWP-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი.  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმის განსახილველად პირველი სხდომა ორი წლის ლოდინის შემდეგ - 2022 წლის 30 მაისს ჩანიშნა და ამავე სხდომაზე შეწყვიტა საქმის წარმოება მოპასუხე GWP-ს მიმართ, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა არ წარმოადგენდა სამოქალაქო სასამართლოსათვის უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.   

თუმცა, ამასობაში, ვიდრე სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ამ საქმეს განიხილავდა, 2022 წლის გაზაფხულზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაირკვა, რომ მოპასუხე მხარემ დააკმაყოფილა სარჩელის და ასევე, ამ დროისათვის უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა - ადგილი შემოზღუდა მყარი ბეტონის და რკინის მესერით, რომელზეც გააკრა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები. თუმცა, პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერიიდან და GWP-დან ვერ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. ერთ-ერთ სხდომაზე კი GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ტერიტორია მათ შემოღობეს. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა.

რა ირკვევა საქმის მასალით: 2021 წლის 15  აპრილს  თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ GWP თბილისის ზღვის მიმდებარედ ახორციელებდა სანიტარული ზონის შემოღობვის სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიმართა GWP-ს - თქვენი პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვაში ჩამავალი არხის შემოღობვის სამუშაოები ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხრიდანაც აწარმოეთო.   

ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო, მოსარჩელე მხარემ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სამოქალაქო სარჩელში მოხსნა მოთხოვნა GWP-ს მიმართ თბილისის ზღვის მიმდებარედ სანიტარული ზონის შემოღობვის სამუშაოებთან დაკავშირებით. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: „დაევალოს GWP-ს,  საკუთრებაში არსებული ტერიტორია, საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით, შემოსაზღვროს 2.5 მ. სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი, ასევე დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომელზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა. ადგილზე განხორციელდეს დაცვის უწყვეტი ვიდეომონიტორინგი“.

მოსარჩელე მხარემ ადგილზე ვიზიტით დაადასტურა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ გასარკვევი იყო ადგილის უწყვეტი ვიდეომონიტორინგის საკითხი. კერძოდ, ადგილზე არსებობდა აბრა წარწერით - „მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი“, მაგრამ რეალურად სრულდებოდა ეს მოთხოვნა თუ არა, დასაზუსტებელი იყო. ასევე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე თავისუფლად ხვდებიან მეთევზეები, რაც არ გამორიცხავს არასრულწლოვანი პირების მიერ ამ ტერიტორიით კვლავ სარგებლობის შესაძლებლობას.

ამავე დროს, სამოქალაქო სარჩელის განხილვისას მოსარჩელე ვერ მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, ვინაიდან ეს მოთხოვნა განხილული ჰქონდა ადმინისტრაციული კოლეგიას.  ხოლო დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.

თბილისის მერიის პოზიცია თავიდანვე ხისტი იყო. მერია არც ერთ ნაწილში არ დაეთანხმა სარჩელს. თუმცა, თბილისის ზღვის სადავო ნაპირზე განათავსა ერთი საინფორმაციო აბრა, არც მეტი და არც ნაკლები - ქაღალდის, რომელიც მეორე კვირას ქარმა დაგლიჯა. 

მოსარჩელემ ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის განხილვისას თბილისის მერიას შესთავაზა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოკლე დროში უზრუნველყოფდა სადაო ტერიტორიაზე ბარიერების მოწყობასა და საინფორმაციო გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას. მერია მოსარჩელესთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ წამოვიდა და გააგრძელა დავა იმ თავდაჯერებული პოზიციით, რომ მხოლოდ მსხვერპლები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც თბილისის ზღვის ამ საშიშ ადგილას ხდება.

საბოლოოდ, სამოქალაქო სარჩელის განხილვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ უარი განაცხადა. 

ამ ეტაპზე დავა სააპელაციო სასამართლოში ისევ ადმინისტრაციული სარჩელით გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მოსარჩელის მთავარი მოთხოვნა - სახიფათო ტერიტორიაზე ბარიერების მოწყობისა და ამკრძალავი ბანერების დამონტაჟების თაობაზე დაკმაყოფილებული აქვს. ამავე დროს, სარჩელის შეტანიდან მეხუთე წელს, მოპასუხეებმა ეს მოთხოვნა შეასრულეს. რჩება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. მოსარჩელისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქ თბილისის მერიას და GWP-ს დაეკისროთ 50 000 ლარის გადახდა მორალური ზიანისთვის. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი, მოპასუხეებმა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახებისადმი, რასაც დღემდე არ აღიარებენ. ამავე დროს, ალეკო ცქიტიშვილი აპირებს, ეს თანხა მოხმარდეს თბილისში კეთილმოწყობილი პარკურის პარკის დაარსებას, რაც მისი გარდაცვლილი შვილის ოცნება იყო. 

ახალი ამბები