ლია ხუროშვილი, იურისტი
რამდენიმე დღეა საქართველოს მედიასაშუალებები 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ინტენსიურად აშუქებენ. დღეს ყველამ იცის, რომ ეს 14 წლის გოგო აითაჯ შახმაროვაა - გოგონა, რომელსაც ქმრად წოდებულმა მოძალადემ ხუთი ტყვია მხოლოდ იმიტომ დააჭედა ზურგში, რომ გოგონამ თავისი ბავშვობის დათმობაზე უარი არ თქვა და გააპროტესტა მისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ აითაჯის მკვლელობის გამო ბრალდება მის ახლო ნათესავებსაც წაუყენეს და იმასაც ხაზს უსვამენ, რომ მათი დიდი ნაწილი ეთნიოკურად აზერბაიჯანელია.
როგორც ამბობენ, ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეაო და მეც ვიხსენებ ჩვენ როგორები ვიყავით წლების წინ, საიდან მოვდივართ, რა და როგორ შეიცვალა ჩვენს შეხედულებებში და შესაბამისად - კანონმდებლობაში.
ცოტა შორიდან დავიწყებ - ჩემი ბებია-პაპების დროიდან. ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ ბებია რომ გარდაიცვალა. მახსოვს, როგორც ზღაპარს, ისე ვთხოვდი ხოლმე - მომიყევი, ბაბო, აბა, ქმარს როგორ გამოექეცი-მეთქი. ისიც მერამდენედ ყვებოდა, როგორ მიათხოვეს ჯერ კიდევ ბავშვი ვიღაც თავისზე უფროს კაცს მეზობელ სოფელში, როგორ არ სურდა იქ, იმ სახლში და ერთხელაც თიხის დოქით წყალზე რომ გააგზავნეს, როგორ გამოიქცა ტყე-ტყე თავის სოფელში. საბედნიეროდ, იმ კაცთან აღარ დააბრუნეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მიათხოვეს მასზე გაცილებით უფროსს და ომიდან დაბრუნებულ დაქვრივებულ პაპაჩემს. აბა, განათხოვარს სხვა ვინ ითხოვდა?! არც მეორე ბებიას ჰქონია კარგი ისტორია - დედინაცვლის ინიციატივით, 15 წლისა მიუთხოვებიათ პაპასთვის.
ასე რომ, საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყველასთვის ნორმად ითვლებოდა პატარა გოგოების გათხოვება. ამგვარი ისტორიებიც ბევრი ჩვენგანის ბებიას გადახდენია. არც მოტაცება ყოფილა უცხო ხილი. გატაცებული გოგოც უკან როგორ მობრუნდებოდა?! ხომ სახელი გაუტყდებოდა?! ვის დააჯერებდნენ, რომ თითი არავის დაუკარებია?!.. და ვეღარ გათხოვდებოდა სახელგატეხილი. ამიტომაც უნდა დარჩენილიყო ქმართან!
შემდეგ, სტუდენტობის პერიოდში, როცა სისხლის სამართლის კოდექსს ვსწავლობდით, სადაც გვქონდა ცალკე ასეთი მუხლი - ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით, მახსოვს არც სასჯელი იყო მკაცრი, პირობით სასჯელსაც ითვალისწინებდა. თუმცა, თუ იძულებით სქესობრივი კავშირი მოჰყვებოდა გატაცებას, მაშინდელი კანონმდებლობით ქმედებას დანაშაულთა ერთობლიობით აკვალიფიცირებდნენ - გაუპატიურებას და გატაცებას. რა თქმა უნდა, გაუპატიურებისთვის საკმაოდ მაღალი სასჯელი იყო.
შემდეგ? შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ გავიაზრეთ (გაგვააზრებინეს), რომ ქალის გატაცება ქორწინების მიზნით ეს ადამიანის გატაცებაა. არ აქვს მნიშვნელობა მიზანს, არც სქესს, ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაა და ეს ადამიანის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. და ჩვენც შევცვალეთ არა მარტო კანონი, არამედ ჩვენი მიდგომაც. ალბათ, მეც სწორედ მაშინ გავაანალიზე ჩემი ბებიის მაშინდელი განცდები, თუ რა გადაიტანა, ტყე-ტყე მალვით რომ მორბოდა თავისი სახლისკენ მისთვის უცხო კაცისგან, ცოლად რომ დაუსვეს.
ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში თანდათან იკლო გოგოების გატაცებამ ცოლად შერთვის მიზნით, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის (სსკ-ის 140 მუხლი) სტატისტიკაც თითქოს შემცირდა. თუმცა ეს უფრო ქართველებში. რა ხდება სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში ჩვენგან, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, იქ სადაც აითაჯი დაიბადა? იქ თითქოს სხვა სამყაროა და თითქოს საქართველოს კანონმდებლობა არ მოქმედებს. იქ ვხვდებით მშობლების, უფროსი თაობის, საჯარო მოხელეების ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს ეს ცვლილებები მათ არ ეხებათ. არ ვაჭარბებ.
მე ვიცავდი დაზარალებულ გოგოს, ეთნიკურად აზერბაიჯანელს, რომელსაც ქმარი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სასიკვდილოდ სცემდა, მაგრამ ამას ვერ ამჟღავნებდა, რადგან არ ჰქონდა არავისგან შველის იმედი. ნაცემი საავადმყოფოში როცა მოხვდა, საიდანაც პოლიციამ შეიტყო მისი მდგომარეობა, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ მაშინ აღიძრა. მოძალადე კი დაისაჯა, მაგრამ ნათესაობამ გოგო მაინც დაითანხმა მოძალადე ქმრის ოჯახში დაბრუნებაზე. მის დედას როცა შევეკამათე, რომ შესაძლებელი იყო მისი შვილი ერთხელაც მოეკლა მის ქმარს, მიპასუხა - ალბათ ასეთი იქნება ალაჰის ნებაო. ყურანი არ წამიკითხავს, მაგრამ არ მგონია ღმერთს ასეთი სურვილი ჰქონდეს - ქმრებმა ცოლები დახოცონ.
ძლიერი გოგონებიც შემხვედრია. სამი დღე ატარეს მოტაცებული გოგო სოფელ-სოფელ, მაგრამ მაინც არ ინდომა ქმრად მოძალადე. როგორ შეძლო რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ და მას თავისი ცხოვრება გაეგრძელებინა? ოჯახი და პირველ რიგში, მამა დაუდგა გვერდით! მან დაიცვა შვილის უფლებები. ის ვერ ჩატეხა თემმა. ის ვერ დაითანხმეს დაეთმო შვილის თავისუფლება. მნიშვნელოვანი იყო, რომ გოგონა ქართულ სკოლაში სწავლობდა. მამის დიდი სურვილი იყო შვილს განათლება მიეღო. ამაყობდა მისი წარმატებებით სკოლაში. მამას სულ სხვა გეგმები ჰქონდა შვილის მომავლისთვის და მან ეს მომავალი არ დათმო. მაშინ სამართალდამცავები მხოლოდ გამტაცებლების დასჯით რომ არ შემოფარგლულიყვნენ და ყველა ის ადამიანი დაესაჯათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ვინც იცოდა გოგონას მოტაცების ამბავი და არ შეატყობინა პოლიციას, ასევე - ყველა მსგავს შემთხვევაში დაესაჯა დამნაშავეები ამ მუხლით, შეიძლება დღეს აითაჯი ცოცხალი ყოფილიყო.
არის მომენტები, როცა ტრადიცია, რითაც დანაშაული იფუთება, მკაცრი მიდგომით უნდა აღმოიფხვრას. ასე შემცირდა გოგონების მოტაცების შემთხვევები. მკაცრი მიდგომით ვისწავლეთ ელემენტარული წესრიგი, თუნდაც ის, ღვედი რომ უნდა გვეკეთოს ავტომობილში.
თუ დაისჯება ყველა, ვინც აიძულებს შვილს გათხოვებას, თუ დაისჯება მასწავლებელი, რომელიც თვალს დახუჭავს, დანიშნული ბავშვი რომ უზის კლასში, თუ პასუხს აგებს სკოლის დირექტორი და ყველა, ვისაც რამე შემხებლობა აქვს ასეთ დანაშაულთან, ეს ტრადიციაც დავიწყებას მიეცემა. ნათქვამია ძალა აღმართს ხნავსო. ხოდა, ძალა სახელმწიფოა, მთელი თავისი პოლიცია-პროკურატურით და სისხლის სამართლით.
შეიძლება არაპოპულარულია და არაკომფორტული ხელისუფლებისთვის მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის გაღიზიანება, მაგრამ აუცილებლად შესაცვლელი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება ბავშვებს ხოცავდნენ, რატომ ჩემი ქმრობა არ გინდაო. კმარა სირაქლემის პოზაში ყოფნა! საკმარისია თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება. დროა შევცვალოთ ეს რეალობა, თორემ აითაჯი არ იქნება უკანასკნელი... და მერე კვლავ ძალიან გვიან იქნება.