მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე (სოფელი საბირკენდი) ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა რამდენიმე სისტემური ხასიათის დარღვევა დააფიქსირა.
• ამომრჩეველი უბანზე გამოცხადდა სხვისი პირადობის მოწმობით;
• სხვა მოქალაქის პირადობის მოწმობა გატეხილი იყო ორ ნაწილად და ამ მხრივაც იწვევდა ეჭვს, რომ ამომრჩეველს არ ეკუთვნოდა;
• კომისიის წევრი, საბინა ბაირამოვა დამკვირვებელს უმტკიცებდა, რომ ეს მამაკაცი მისი კლასელი იყო და პირადობის მოწმობა მას ეკუთვნოდა;
• თავმჯდომარესთან ფაქტის შეტყობინების და დამკვირვებლების პროტესტის გამო, ამომრჩეველი უბნიდან უჩუმრად გაიპარა;
• რამდენიმე საათის შემდეგ, ეს ამომრჩეველი უბანზე პასპორტით გამოცხადდა, კომისიის წევრებმა მას მაინც მისცეს უფლება, ხმა მიეცა.
• დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება, დაენახა, სწორად მოხდა თუ არა რეგისტრატორთან ამ ამომრჩევლის იდენტიფიცირება;
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის ინფორმაციით, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმების ფუნქციას ასრულებდა არაჯეროვნად. დღის განმავლობაში, დროის გარკვეულ მონაკეთებში, იგი ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, რის გამოც მოქალაქეები უბანზე ისე შედიოდნენ, რომ მათ არც უმოწმდებოდათ მარკირება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, დამკვირვებელი უბანზე შემოსულ მოქალაქესთან მივიდა, რათა ეკითხა ჰქონდა თუ არა მას ხმა უკვე მიცემული. ამ დროს შენიშნა, რომ მას ხელში ეჭირა პირადობის ორ ნაწილად გატეხილი მოწმობა, რომელზეც იყო სხვა ადამიანის ფოტო. დამკვირვებელმა კომისიის ერთ-ერთ წევრს აცნობა, რომ ამომრჩეველს არც მარკირება შეუმოწმეს და ასევე, სხვა ადამიანის პირადობით აპირებდა ხმის მიცემას. კომისიის წევრმა დამკვირვებელს განუცხადა, რომ ამომრჩეველი მისი კლასელი იყო, იცნობდა და ნამდვილად ის იყო პირადობის მოწმობაზე. დამკვირვებელმა ეს ფაქტი შეატყობინა კომისიის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირმა უბანი დატოვა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ იგი უბანზე დაბრუნდა პასპორტით და გაიარა ვერიფიკაცია. სამწუხაროდ, მაგიდების განლაგების გათვალისწინებით, ობიექტური დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო დანახვა, თუ რამდენად იყო ეს მისი საკუთარი პასპორტი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესზე გავლენა მოახდინა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა და დარღვევებმა, რაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოავლინეს: https://www.facebook.com/watch/?v=1229727348246520&rdid=LkOrjvCwt53j6Wiy