2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების და ძალადობრივი ინციდენტების გამომწვევები ხშირად იყვნენ ფსევდოდამკვირვებლები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე რეალურად პარტია „ქართული ოცნების” ნდობით აღჭურვილი პირებს წარმოადგენდნენ. ამასთან, ისინი ხელს უშლიდნენ დამკვირვებლებს საქმიანობის განხორციელებაში და მათდამი მტრულ დამოკიდებულებას იჩენდნენ.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი აღწერს სიტუაციას, როდესაც საარჩევნო უბანზე ობიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციების (ადამიანის უფლებათა ცენტრი, საია, საქართველოს მომავლის აკადემია) გარდა, იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ფსევდოდამკვირვებელი ორგანიზაციის - „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც კანონდარღვევით ხან ორნი ხან კი სამნი შედიოდნენ უბანზე, რაზეც საარჩევნო კომისიის წევრებს რეაგირება არ ჰქონდათ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართავდა მოთხოვნით, რათა გაეძევებინა კანონდამრღვევი პირები უბნიდან და ადგილზე დარჩენილიყო ორგანიზაციის მხოლოდ 1 წარმომადგენელი. თავმჯდომარე მათ გადასცემდა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნას, რის შემდეგაც საარჩევნო უბანს ტოვებდნენ კანონდამრღვევები, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ ბრუნდებოდნენ შენობაში. ამ ფსევდოდამკვირვებელი ორგანიზაციის ერთზე მეტი წარმომადგენელი, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა შენობაში, რაც საარჩევნო კანონის უხეში დარღვევაა.
ამასთან, საარჩევნო უბნის შენობაში მუდმივად იმყოფებოდნენ აკრედიტაციის არმქონე მამაკაცები, რომლებიც „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ წარმომადგენლებთან ერთად, ხელს უშლიდნენ დამკვირვებლებს დარღვევების იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებაში. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე არ მიმართავდა ზომებს აღნიშნულ პირთა გასაძევებლად.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წამოიწყეს ფიზიკური დაპირისპირება „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ წარმომადგენლებმა და შენობაში მყოფმა აკრედიტაციის არმქონე პირებმა ერთ-ერთი დამკვირვებლის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ამ ჯგუფმა დამკვირვებელი შენობიდან ძალით გაიყვანეს. გარდა ამისა, ისინი აგრესიას იჩენდნენ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამკვირვებლის მიმართ, რომელიც აფიქსირებდა შენიშვნებს და წერდა საჩივრებს უბანში მიმდინარე კანონდარღვევებთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შეიტანა შენიშვნები ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი.