კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები(01.07.2024 - 31.10.2024)

15 ნოემბერი, 2024

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წამების მსხვერპლის სასარგებლოდ  50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 24 ივლისს ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მოქალაქის სასარგებლოდ. 

ბენეფიციარი – ლ.კ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავალი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ლ.კ 2017 წელს პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაზარალებულად არის ცნობილი. 

ლ.კ-ს საქმეზე ცენტრმა  2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2022 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.  გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

ლ.კ.-ს საქმეზე 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ). 

საქმე 2024 წლის ოქტომბრის თვეში გადაეცა სააღსრულებო ბიუროს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპულ სკოლას მასწავლებლისთვის 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2024 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო განცხადება. ევროპულ სკოლას თ.ბ-ს  სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი მასწავლებლის განთავისუფლების ბრძანება და ასევე ევროპულ სკოლას დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დისკრიმინაციის ნაწილში. თ.ბ-ს სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში  უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავს. 

შპს „ემბავუდს“ ყოფილი თანამშრომლისთვის 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2024 წლის სექტემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად ცნო გ. გ. -ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რომელიც კომპანიის ქარხანაში 10 წელზე მეტი მუშაობდა  და მოპასუხეს - შპს „ემბავუდს“ გ.გ-ს სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. 

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის სასამართლომ 67 000  ლარის გადახდა დააკისრა 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც დააკმაყოფილა უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება მოსარჩელის, ო. ს.-ის  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოებმა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა ო. ს-სთვის კომპენსაციის და  იძულებითი განაცდურის გადახდა 67 000  ლარის ოდენობით.

სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა

2024 წლის 18 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე ა.ბ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 2000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი და დადგენილება მართვის უფლების 3 წლის ვადით შეჩერების შესახებ. ბათილად იქნა ასევე ცნობილი ა.ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საპატრულო პოლიციის დადგენილება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების გამოცემა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით დევნილი ოჯახი  გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

2024 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დევნილი თ.გ.-ის ადმინისტრაციული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბრძანება დევნილი თ.გ-ის ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით. 

სასამართლომ ბათილად ცნო გორის მერის ბრძანება, რომლითაც მოქალაქეს მტიკცებულების გარეშე ჯარიმა დაეკისრა 

2024 წლის 3 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ნ.კ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად ცნო გორის მუნიციპალიტეტის მერის 31 ივლისის ბრძანება. მერის გასაჩივრებული ბრძანებით ნ.კ.-ს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით უკანონო მშენებლობის წარმოებისათვის.  

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილ ოჯახის საქმეზე, გარემოებების ხელახლა გამოკვლევა დაავალა

2024 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ცხინვალიდან დევნილი თ.ლ.-ს სააპელაციო საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო  სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება, რომლითაც დევნილ თ.ლ.-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ სააგენტომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაავალა ამავე სააგენტოს გამოიკვლიოს ეს გარემოებები და მიიღოს ახალი აქტი თ.ლ.-ს მიერ წარდგენილ განაცხადზე. 


ახალი ამბები