კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

23 თებერვალი, 2004

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

23 ნოემბრის შემდგომ განვითარებულმა რევოლუციურმა პროცესებმა ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების ჭრილში წარმოაჩინა, რასაც იმედით უყურებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის ჩვენც, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ყველა პროგრესულ ნაბიჯს და მზად ვართ თანამშრომლობისათვის კორუფციასთან ბრძოლისა თუ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში, თუმცა ვწუხვართ, რომ ბოლო ხანს ქვეყანაში სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა იმედგაცრუების მნიშვნელოვანი საფუძველი შეგვიქმნა.

აშკარაა, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ რეფორმებს არადემოკრატიული მეთოდებით ატარებს, ხოლო დანაშაულთან ბრძოლის სახელით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, აუცილებელია დანაშაულობის წინააღმდეგ მოწოდება, მაგრამ მიუღებელია ის განცხადებები და ქმედებები, რაც ამ მოწოდებებს თან სდევს. ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრდეს ცნობიერება იმისა, რომ შედეგის მისაღწევად მისაღებია ნებისმიერი ხერხი და საშუალება. ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლების  შეცვლის მიუხედავად დევიზი - „მიზანი ამართლებს საშუალებას“, უცვლელი რჩება. ხალხი, რომელიც დაიღალა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი უკანონობითა და დაუსჯელობის სინდრომით, სიხარულით ეგებება საქართველოს პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა თუ გენერალური პროკურორის მუქარით სავსე მოწოდებებს, მიმართულს დანაშაულობასთან ბრძოლის წინააღდეგ. ეს ყოველივე მოსახლეობის სწორედ ამგვარ რეაქციაზეა გათვლილი, მაგრამ ჩვენ, იურისტები ამ განცხადებების უკან ადამიანის უფლებათა დარღვევის არა მარტო უდიდეს საფრთხეს, არამედ უკვე დამდგარ ნეგატიურ შედეგებსაც ვხედავთ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ტენდენცია დღითიდღე სულ უფრო და უფრო საშიშ ხასიათს იძენს.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირთა მიმართ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, უდანაშაულობის პრეზუმციის აშკარა იგნორირების და ცილისწამების ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მასმედიის საშუალებით ღიად მოუწოდებენ ბრალდებულთა მიმართ დაუნდობელი მოპყრობისაკენ, საუბრობენ პატიმართა ადგილზე ლიკვიდაციაზეც კი, რაც გასული საუკუნის ავადსახსენებელ რეპრესიებს მოგვაგონებს. გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების დაცვა წარმოადგენს ნებისმიერი სახელწიფოს ვალდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ასევე გვსურს შევახსენოთ, რომ სასურველი შედეგების მიღწევა მხოლოდ კანონიერი გზებით არის გამართლებული.

ვშიშობთ, მეთოდებით, რომლითაც ხელისუფლება ხელმძღვანელობს, იგი „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე მთავარ და ღირებულ მონაპოვარს - ხალხის ნდობას დაკარგავს.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, ყოფილი ხელისუფლების მიმართ უკვე 34 სარჩელია შეტანილი. გულწრფელად არ გვსურს, სტრასბურგში, მოპასუხის რანგში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ხილვა და სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართულ სარჩელთა ხარჯზე, ჩვენი საქმეების რაოდენობის ზრდა. ამიტომ მოგმართავთ და მოგიწოდებთ:

.  არ დაუშვათ სახელწიფო მოხელეთა მხრიდან ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა.
.   განუხრელად დაიცვათ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა.
.   უზრუნველყოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
.    არ დაუშვათ პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები