კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა იცვლება დევნილების მდგომარეობაში?

22 მაისი, 2004

რა იცვლება დევნილების მდგომარეობაში?

მართალია აფხაზეთის კონფლიქტის  შემდეგ ერთ დეკადაზე მეტი გავიდა და  ასიათასობით ადამიანი იქცა დევნილად, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ არ არსებობს ზუსტი ცნობა, რადგან არ მომხდარა საქართველოდან გასული დევნილების სრული აღრიცხვა. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მინიჭებული დევნილის სტატუსი, ეძლევათ ე.წ შემწეობები, რომელთა არა მარტო რაოდენობაა საგანგაშო, არამედ გაცემის პროცედურაც. გაიფლანგა მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის თანხა, რაიონში მცხოვრებ დევნილებს არა აქვთ შუქი და ვერც მინისტრამდე აღწევენ იოლად თავიანთი პრობლემების მის ყურამდე მისატანად. სამინისტროში ჩემი ვიზიტისას მრავალი დევნილი გაისტუმრეს უარით იმის გამო, რომ მინისტრს არ ჰქონდა მიღების დღე. დევნილები განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს და არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მოახდინოს მათი ინფორმირება იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტროში ყოველდღიურად უამრავი პიროვნება მოდის, რომლებიც ითხოვენ სხვადასხვაგვარ დახმარებას, ფულად შემწეობებს, ხშირად ჩივიან იმაზე, რომ თანხის მიღება გვიანდება. ჩივიან იმ საცხოვრებელ პირობებზე, სადაც მათ უხდებათ ცხოვრება, ითხოვენ ბინებს. ხშირად მოდიან მრვალშვილიანი დედები, რომლებიც მინისტრის კართან გროვდებიან და ითხოვენ მასთან შესვლას და საუბარს. სამინისტროში ჩემი ვიზიტების დროს დევნილებისგან  არაერთხელ  მომისმენია, თუ როგორ ჩივიან ისინი არაკეთილსინდისიერ მოპყრობასა  და არასათანადო ყურადღებაზე, ჩივიან, რომ ჰყავთ არასრულწლოვანი ავადმყოფი შვილები, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ან თავად ითხოვენ  თანხას მკურნალობისთვის. რაც შეეხება მათთვის განკუთვნილ მიზერულ  ფულად დახამარებას, იანვრის თვიდან  ისინი  შეუფერხებლად ღებულობენ, თუმცა მაინც უხდებათ რიგებში დგომა და ჯერჯერობით ჩვეულ ორომტრიალში უხდებათ  თანხის აღება, თუმცა სახალხო ბანკი მათ ჰპირდება  თანხის გაცემის წესის გამარტივებას და მომსახურების აქტივიზაციას.
  
სანამ სახალხო ბანკი აიღებდა  პასუხისმგებლობას  დევნილთა თანხების გაცემამდე, მანამდე ეს ფუნქცია საფოსტო ბანკს ჰქონდა დაკისრებული. დევნილთა  უკმაყოფილებაც სწორედ ამ ბანკის საქმიანობას უკავშირდება. ხშირი იყო  დაპირისპირება ბანკის  თანამშრომლებსა და დევნილებს  შორის, აგრეთვე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები  და რაც მთავარია დევნილები დროულად ვერ იღებდნენ  შემწეობებს. ცნობისთვის, დევნილთა სამინისტროში  განმიცხადეს, რომ  ქალაქ ზუგდიდში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ქ-ნ ეთერ ასტემიროვას სტუმრობის დროს დევნილებს არ ჰქონდათ ზუსტი ცნობა იმის თაობაზე, თუ  რა  რაოდენობის თანხა იყო მათთვის განკუთვნილი, ეს რა თქმა უნდა  კიდევ  ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ არ  გააჩნიათ   სათანადო ინფორმაცია.

სახალხო ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ  დევნილებისთვის თანხის გაცემის პროცესის გასაადვილებლად სახალხო ბანკი მათ შესთავაზებს სწრაფი ფულადი დახმარების სისტემას, პლასტიკურ ბარათებს,რომელთა მეშვეობითაც დევნილს შეეძლება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღოს აღნიშნული თანხა.სახალხო ბანკი საფილიალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოში, პრაქტიკულად ყველა რაიონში არის  მისი ფილიალები, ხოლო ზოგ რაიონში არის რამდენიმე  ფილიალი და სერვის ცენტრები, რაც უფრო ადვილს გახდის მომსახურებას. 
  
დევნილები ჩივიან  აგრეთვე ხელოვნურად  გაბერილ სიებზე, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდა ჩაწერილნი არიან არადევნილები, ადგილობრივი პირები, თბილისის მაცხოვრებლები,რომლებიც იღებენ დევნილებისათვის განკუთვნილ დახმარებას.  ცნობილია, რომ ხორციელდება  სიების კორექტირება, რომელიც წარმოებს დევნილთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. დევნილთა სამინისტროში ამ კითხვაზე უპასუხა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის  მოადგილემ მირზა ქოჩიაშვილმა, რომლის ინფორმაციით დღეს საქართველოში არსებობს დევნილის სტატუსის მატარებელი 262500 პირი(აფხაზეთი, სამაჩაბლო), თუმცა ეს რაოდენობა ზუსტად არ ასახავს კონფლიქტის ზონებიდან განდევნილ ადამიანთა რაოდენობას. კერძოდ, არის დევნილთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც ისე გადალახეს საქართველოს საზღვრები,რომ საერთოდ არ დარეგისტრირებულან საქართველოში დევნილთა სტატუსის მისაღებად. აღნიშნული პირები შესაბამისად არ ირიცხებიან სამინისტროს სიებში, რაც მიანიშნებს იმაზე, დევნილები,როგორც სამაჩაბლოდან, ასევე აფხაზეთიდან შესაძლებელია იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დღესდღეობით  არსებული 262500 დევნილის ოფიციალური სტატუსის მატარებელი პირი. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბ-ნ  მირზა ქოჩიაშვილი აცხადებს,ყველა დევნილს  აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა სიებში არის საეჭვო ჩანაწერები. ესენი არიან არადევნილები, აგრეთვე გარდაცვლილები, არასრულწლოვანი პირები და ასევე ადამიანები,  რომლებიც ფიქსირდებიან ბევრ სხვადასხვა ადგილას. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სიყალბის გამოსავლენად მიმდინარეობს მუშაობა, რომლის გამართულებელ ფაქტორად მიჩნეულია ის, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სტრუქტურებს, მერიებს, გამგეობებს არ გააჩნიათ ინფორმაცია  მათ რაიონებში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ.  სიების კორექტირებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ შემუშავებულ პირველ  მეთოდს წარმოადგენს არსებული მონაცემების  ანალიზური დამუშავება სხვადასხვა პარამეტრით. როგორც მირზა ქოჩიაშვილი აცხადებს  ამ მეთოდმა უკვე მათ მისცა ეჭვის საფუძველი. კერძოდ,  გამოვლინდა გაორებები და გარდაცვლილი პირები (მაგ, სიებში ფიქსირდება 1000–მდე 100 წელს მიტანებული და გაცილებით მეტი ხნის პირი. აღნიშნულის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში არსებული კანონდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, რომელიც უშუალოდ ჩაბმული იყო სიების ფორმირების პროცესში. რაც შეეხება სამინისტროს მიერ შემუშავებულ მეორე მეთოდს, ეს გახლავთ დევნილის მოწმობის შეცვლის კამპანია, რომელიც ყოველწლიური პროცედურაა. აღნიშნული კამპანია დაიწყება მაისის თვეში და გასტანს ერთ თვეს.

წლევანდელი მოწმობების გამოცვლის წესი განსხვავდება წინა წლებში არსებული წესისგან იმით, რომ მასში დამატებული არის მოთხოვნა, რომლის მიხედვით ახალი ნიმუშის მოწმობის ასაღებად უნდა გამოცხადდეს ყველა სრულწლოვანი პირი, რათა გამოირიცხოს როგორც გარდაცვლილების, ასევე არადევნილი მოქალაქეების სიაში კვლავ მოხვედრა. ამ მოთხოვნით დაზუსტდება ყველა პირი, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ისინიც, ვინც იმყოფებიან  ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

თუკი  დევნილი ოჯახის რომელიმე წევრი  იმყოფება  ქვეყნის  ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მიზეზით, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრი ავსებს განაცხადის ფორმას, რომლის საფუძველზეც აღნიშნული კამპანიის დამთავრების შემდეგ გამოცხადდება დამატებითი წესი, რომლითაც  უცხოეთში მყოფ დევნილებზე გაიცემა ახალი ტიპის მოწმობები ისე, რომ მათ არ ჩამოერთმევათ   და შეუნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეთა დადგენა სამინისტროს მისცემს იმის საშუალებას,  რომ კომუნალური თანხები, რომლებიც არასწორად იყოფა და იხარჯება ორგანიზებულ სექტორში ჩასახლებულ ამ კატეგორიის დევნილთათვის, აღირიცხოს და მოხმარდეს არა ელექტროენეერგიის, წყლის და სხვა კომუნალური მომსახურებას, არამედ შემწეობის გაზრდას.

რაც შეეხება მესამე მეთოდს აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა, ეს არის დევნილთა სრული ანკეტირების წარმოება. ამ პროექტს სამინისტრო განახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უშუალო დახმარებით (ამჟამად მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა). ამ პროცესში იგულისხმება თითოეულ დევნილზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის  მოპოვება, მათი ფოტოგრაფირება, რეალური განსახლების არეალის დადგენა. ამ პროცესის ჩატარება იგეგმება ამა წლის შემოდგომისათვის.

გაზეთ’’24 საათში“ აპრილის თვის ერთ– ერთ ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია დევნილებისთვის  ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, კერძოდ,“ბიუჯეტის მიხედვით,  სახელმწიფო დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში რიცხავს ელექტროენერგიის 24 საათიანი მოხმარების თანხას“. მირზა ქოჩიაშვილი აცხადებს, რომ გაჩნდა ეჭვი თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით, მაგ, იმ რეგიონებში სადაც ენერგიის მოხმარების თანხა სრულად ყოფილა გადაცემული, დევნილებს შუქი თვალით არ უნახავთ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სამინისტროში ჰქონიათ, მაგრამ ენერგოკომპანიებისგან კომპეტენტური  პასუხი ვერ მიიღეს.“ მირზა ქოჩიაშვილმა ჩემთან საუბარში დამატებით განაცხადა, რომ არსებული სიების უზუსტობა იწვევს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობას. კერძოდ ეს შეეხება, როგორც ელექტროენერგიით მომარაგებას, ასევე სხვა კომუნალურ საკითხებს. როგორც თბილისში, ასევე დანარჩენი რეგიონების იმ ობიექტებში, სადაც ორგანიზებულად არიან ჩასახლებული დევნილები, მათთვის  მიწოდებული ელექტროენერგიის ხარჯზე მიერთებული არიან როგორც არადევნილი მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა ტიპის მომსახურების  და სამრეწველო ობიექტები. ამას ემატება ისიც, რომ რეგიონების უმეტეს ნაწილში ძალზედ შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაცული მუხლის მიხედვით, ყოველთვიურად ირიცხება ელექტროენერგიის ღირებულება თითოეულ ორგანიზებულად ჩასახლებულ პირზე. კერძოდ, ეს თანხა  თბილისში შეადგენს ზამთარში 14 ლარს 6 თვის მანძილზე და ზაფხულში 10 ლარს 6 თვის განმავლობაში. რაც შეეხება რეგიონებს, ზამთრის პერიოდში 6 თვე 10 ლარს შეადგენს, ზაფხულში 6 თვე 6 ლარს.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსავალს ლტოლვილთა  და განსახლების  სამინისტრო ხედავს იმაში, რომ მოხდეს ყველა რეგიონში მრიცხველის მიხედვით დახარჯული ენერგიის აღრიცხვა და ფაქტურიდან (ლიმიტის ფარგლებში) ანგარიშსწორების მოხდენა. ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს 2თვეში, რაც საბიუჯეტო სახსრებს მნიშვნელოვან ეკონომიას გაუკეთებს, და მოხმარდება შემწეობების გაზრდას.

გარდა ამისა, მირზა ქოჩიაშვილი აცხადებს, რომ ლტოლვილთა სამინისტროს განზრახული აქვს, შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ისეთი მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ერთობლივ მოქმედებას. გარდა ამისა, სამინისტრო სთავაზობს ყველას, მონაწილეობა მიიღონ დევნილთა ახალი მოწმობების ფორმირების პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.

ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროში ჩემი ვიზიტის დროს ბევრმა დევნილმა უკმაყოფილება გამოხატა იმის თაობაზე, რომ მინისტრი, ქალბატონი ეთერ ასტემიროვა მათ მიღებას აწარმოებს მხოლოდ სამშაბათობით და ისიც 10–დან 1 საათამდე და ისინი ვერ ახერხებენ მასთან გასაუბრებას. ამ საკითხის გასარკვევად მივმართე ბატონ  მირზა ქოჩიაშვილს, რომელმაც ამას უსაფუძვლო ბრალდება უწოდა და განაცხადა, რომ შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროში არ არსებობს საშვთა ბიურო, ამიტომ ყველა დევნილი, რომელიც ცხადდება სამინისტროში, ავტომატურად ხვდება მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მისაღებში და ფაქტიურად მოქალაქეთა მიღება წარმოებს ყოველდღე. თუმცა ჩემი იქ ყოფნის პერიოდში (კერძოდ, არასამშაბათ დღეს დევნილებს მისაღებში ბევრჯერ უთხრეს უარი მინისტრთან  მიღებაზე იმ მიზეზით, რომ იმ დღეს  მიღების დღე არ იყო).

მირზა ქოჩიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს  ურთიერთობას დევნილებთან სისტემატიური ხასიათი აქვს, რაც ითვალისწინებს მათ ადგილებზე მონახულებას. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ამოქმედდება ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახური  და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მათთვის.

დევნილები მართლაც განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს, კერძოდ უმრავლესობამ არ იცის, თუ ვის უნდა მიმართონ კონკრეტული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს. ცნობილია, რომ ბევრი მათგანი სერიოზულად დაავადდა აფხაზეთის ცნობილი კონფლიქტის დროს, ხშირია  ფსიქიკური ტრავმის შედეგად წარმოშობილ დაავადებათა შემთხვევები, კერძოდ ვიცნობ ერთ დევნილ ქალბატონს, რომელიც თვეების მანძილზე იმყოფებოდა აფხაზების ტყვეობაში საკუთარ შვილებთან ერთად და დღეს უჩივის თვალის სერიოზულ პრობლემას (საგანგაშოდ აქვს დაქვეითებული მხედველობა და საჭიროებს ოპერაციას). მას სხვა განაცხადი დახმარების გაწევის თაობაზე შეტანილი აქვს სოციალური დახმარების ფონდში, რომელიც ახორციელებს შემოსული განცხადების განხილვას სამ კვირაში ერთხელ და ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე ავადმყოფი იღებს საგარანტიო წერილებს სრული, სანახევრო დაფინანსების შესახებ, ან საერთოდ უარს. სოციალური დახმარების ფონდში განმიცხადეს, რომ შემოსული განცხადებების განხილვის დროს უპირატესობა ენიჭებათ, ანუ პირველ კატეგორიაში თავსდებიან არასრულწლოვნები, დევნილები, უმწეონი, ინვალიდები, მარტოხელები, ანუ  დევნილის მოწმობის წარდგენა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა დევნილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება. მართალია, მე ჯერჯერობით არ ვიცნობ იმ დევნილს, რომელსაც ამ ფონდის მეშვეობით აღმოუჩინეს დახმარება, მაგრამ დაველოდები ამ ფონდის პასუხს დევნილი ქალბატონის მიერ შეტანილი განცხადების თაობაზე.

მაია თოდუა

ახალი ამბები