კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამება გრძელდება - ახალი მთავრობა, ძველი მეთოდები

6 ივნისი, 2004

  

წამება გრძელდება - ახალი მთავრობა, ძველი მეთოდები

საქართველოში დღემდე არ არსებობს შესაბამისი გარემო მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მოქალაქეთა წამების ფაქტების გახშირებული ოდენობა. გ. ლ-სა და ვ. კ_ს პოლიციელები აკავებენ  და მოითხოვენ ბინის ქურდობის აღიარებას; აღიარების მიღების მიზნით კი, მათ საშინლად აწამებენ. ლ_მ წამებას ვერ გაუძლო და ენა მოიკვნიტა. ამ შემზარავ პროცესში მონაწილე პოლიციელთათვის პასუხი არავის მოუთხოვია, თავად მსხვერპლნი კი შიშისა და უნდობლობის გამო დუმილს ამჯობინებენ.ისინი ამჟამად თბილისის მეხუთე საპყრობილეში იხდიან სამთვიანი წინასწარი პატიმრობის სასჯელს.

2004 წლის 22 აპრილს თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან სრულიად მოულოდნელად გ. ლ_ს, ვ.  კ_ს და მათ მესამე მეგობარს თავს დაესხა 5-6 პისტოლეტიანი მამაკაცი, რომელთაც ისინი  სადარბაზოსთან მიწაზე დააგდეს, ცემეს და სამივე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.  თავდამსხმელები, რომლებიც პოლიციელები აღმოჩნდნენ, გამეტებით ურტყამდნენ წიხლებს და ავტომატის კონდახებს. პოლიციელები აცხადებენ, რომ ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაკავებულებს მოსთხოვეს, ეღიარებინათ ბინის ქურდობა. უარის მიღების შემდეგ ლ. და კ. გადაიყვანეს შსს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც ისინი სასტიკად აწამეს ელექტროდენით.

ქურდობა, რომელშიც ლ-სა და კ-ს ადანაშაულებდნენ, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მოხდა. როგორც ლ-ს ადვოკატი აცხადებს, დაკავებულებს არ აღმოაჩნდათ არც ერთი მოპარული ნივთი და არც იარაღი. ეჭვმიტანილები უარყოფდნენ დანაშაულს, რის გამოც ისინი აწამეს ჯერ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში და შემდეგ შსს პოლიციის მთავარ სამმართველოში.

ადვოკატის თქმით, ლო-ს ორ სადენს ცალ-ცალკე უერთებდნენ ორივე ფეხის ცერა თითზე, რომლებზედაც წინასწარ ასხამდნენ წყალს. იგი გრძნობდა კანკალს, დაჭიმულობას მთელს სხეულში. ყურებზე ახვევდნენ სადენებს, რომლის დროსაც იგი გრძნობდა მხედველობის დაბინდვას, გაორებას. გონების დაკარგვის დროს ასულიერებდნენ ნიშადურის სპირტით. აიძულებდნენ, მარჯვენა ხელით დაეწერა მათთვის სასურველი ჩვენება; აღსანიშნავია, რომ ლ. ცაციაა და მარჯვენა ხელით ვერ წერს. მან აუტანელი ტკივილის გამო ენა მოიკვნიტა, რის გამოც დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში ენას ვერ ამოძრავებდა და ვერ იკვებებოდა. გარდა ამისა, საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარება არავის აღმოუჩენია. როგორც ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ამბობს, ლ_მ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა, რადგან იყო ნაწამები და ვერ საუბრობდა. მას უჭირდა მეტყველება და ადვოკატს მხოლოდ ჟესტებით, დახურული პირით გამოცემული მარცვლებით უხსნიდა მომხდარ ფაქტს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის  მაია ნიკოლეიშვილის დასკვნიდან (რომელიც ადვოკატის მოთხოვნით 2004 წლის 27 აპრილს ჩაუტარდა წამების მსხვერპლს) ირკვევა, რომ ლობჟანიძის სხეულზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილი უნდა იყოს სწორედ იმ გარემოებებში, რომლებზეც თავად დაკავებული მიუთითებს.
 
იმავე ექსპერტის დასკვნით, დაზიანებები ლ-სა და კ-ს მიყენებული აქვს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით; ამასთანავე, კ-ს ყურის მიდამოებში აღენიშნება ელექტროდენის მოქმედების კვალი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წამების მხვერპლნი გაჩუმებას არჩევენ სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო. მათ ეშინიათ და უნდობლობას უცხადებენ სამართალდამცავებს, რადგან სამართალს სწორედ ისინი არღვევენ და პასუხსაც არავინ სთხოვთ.

ახალი ამბები