კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას

10 ივლისი, 2004

ღია წერილი ხავიერ სოლანას,

ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს და უსაფრთხოებისა და ერთიანი საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში მისიის „კანონის უზენაესობა“ შესახებ დაწყებასთან დაკავშირებით

2004 წლის 9 ივლისი, პარიზი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განვითარებული მოვლენების გამო. 

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეშფოთების საგანს წარმოადგენს ბოლოდროინდელი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ქვეყანაში ძალთა რესპუბლიკური ბალანსი. პარლამენტის მიერ 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი.  შემდეგი ცვლილების მიხედვით კი, პრეზიდენტს ენიჭება უფლება დანიშნოს და დაითხოვოს მოსამართლეები, რითაც გაიზარდა მისი გავლენა სასამართლოზე, რომელიც უკვე აშკარად განიცდის დამოუკიდებლობის შეზღუდვას. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად განახორციელა კონსტიტუციური ცვლილებები ისე, რომ არ მოუხდენია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნება საზოგადოებრივი განხილვისათვის, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები სამართალდამცავების მიმართ სულაც არ მიუთითებენ ადამიანის უფლებების დაცვას. წერილში მოყვანილია ციტატები მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიდან, როდესაც ის სამართალდამცავთა უმაღლეს წარმომადგენლებს მოუწოდებდა იარაღის გამოყენებისაკენ ციხეში ბუნტისა თუ ციხის გარეთ კრიმინალებთან ბრძოლის დროს. FIDH-ს და HRIDC-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ზედმეტად მწვავე განცხადებები ხელს უწყობს შიშისა და ძალადობის კლიმატის შექმნას საქართველოში და შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების და პოლიციის მხრივ განხორციელებული ძალმომრეობა, რასაც უკვე მრავალი წელია გმობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

წერილში ასევე მოყვანილია პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის სხვადასხვა ფაქტები, მათ შორის 2004 წლის 11 იანვარს, სამართალდამცავებმა ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს ჭიათურის მკვიდრ  ე.წ. ,,კანონიერი ქურდის’’ - ზაზა ამბროლაძის დაკავების წინააღმდეგ გამართული აქცია, რომლის დროსაც დემონსტრაციის მონაწილეები სასტიკად იყვნენ ნაცემები. იმავე წლის 28 იანვარს, პოლიციის სპეციალურმა დაჯგუფებამ ასევე ძალის გამოყენებით დაარბია ქ. თბილისის ქუჩის მოვაჭრეები. ძალადობის განსაკუთრებულ ფორმას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 12 მარტს, განკვეთილი მღვდლის  ბასილ მკალავლიშვილის  დაკავებისას. 2004 წლის 9 ივნისს კი პოლიციამ მეტისმეტი სისასტიკით დაარბია სოფელ კრწანისში ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია და დააპატიმრა 2 დემონსტრანტი. ამასთან ერთად, 1 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა დაარბიეს კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და მიწისძვრის დროს დაზარალებული პირები. მოშიმშილეეების მთავარი მოთხოვნა იყო ქალაქის ბიუჯეტიდან მათთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა. სამართალდამცავებმა ხელკეტებით სცემეს აქციის მონაწილენი, მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული დაზიანებებით მოათავსეს საავადმყოფოში.

FIDH და HRIDC შეშფოთებას გამოთქვამს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე უკანონო დაკავებათა გამო. ასეთი ფაქტები კი ძალიან ბევრია, ასე მაგალითად, 2003 წლის 20 დეკემბერს, პოლიციელთა მხრიდან ცუდი მოპყრობის  შედეგად  გიორგი ინასარიძე  იძულებული გახდა თავი ჩამოეხრჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში. იყო შემთხვევა, როცა დაკავებულებს სასტიკად აწამებდნენ  და აშინებდნენ რომ სხულის დაზიანებანი არავისთვის გაემხილა. 24 წლის ახალსოფელის მკვიდრი აიძულეს ეღიარებინა იარაღის უკანონო ტარება. 2004 წლის 22 აპრილს, გია ლობჟანიძე და ვალერი კურტანიძე  ელექტროდენის მავთულებით სასტიკად აწამეს იმ მიზნით, რომ მათ ბინის ქურდობა აეღოთ საკუთარ თავზე. ადგილი ჰქონდა სხვა მსგავს უკანონო ქმედებებს უდანაშაულო ადამიანთა მიმართ.

FIDH-ისა და HRIDC-ის განცხადებით სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ბოლო დროს საქართველოში პიროვნებათა  მოულოდნელი გაუჩინარებანი. ასე მაგალითად, ცნობილია თბილისის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ვაჟა შენგელიას, ასევე ორი ჩეჩენის - ისლამ ხაშიევის და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარების ფაქტები.

შეშფოთების საფუძველს იძლევა ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2003 წლის დეკემბერში, როცა  პირველ არხზე დაიხურა ნატო ონიანის საავტორო პროგრამა ,,ტაიმ აუტი,’’ რისთვისაც ქალბატონი ნატო მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ცნობილია ასევე, რომ 2004 წლის 19 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ დახურა კომპანია ,,ომეგა ჯგუფის’’ ოფისები, მათ შორისა სატელევიზიო კომპანია ,,იბერია,’’ ახალი ამბების სააგენტო ,,მედია ნიუსი’’ და გაზეთი ,,ახალი ეპოქა.’’ პროკურატურამ ისინი სიგარეტის უკანონო შემოტანასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ხელისუფლების ზეწოლის შედეგია ისიც, რომ ერთდროულად გაუქმდა ორი სატელევიზიო ,,თოქ შოუ:’’  ,, ღამის მზერა’’ და ,,ღამის კურიერი. ’’ უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს ისიც, რომ 2004 წლის აპრილში გაურკვეველი მიზეზების გამო მაუწყებლობა შეწყვიტა სატელევიზიო კომპანია ,,მეცხრე არხმა.’’ ოპოზიციური ფრაქციები ამ ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

უფრო მეტიც, FIDH და HRIDC  სასტიკად გმობს ადამიანის უფებათა დამცველების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობის ფაქტებს, ასე მაგალითად 4 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის -  ,, ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის’’ რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი ლევან სახვაძე სასტიკად სცემეს უცნობმა თავდამსხმელებმა.

ძალზე შემაშფოთებელია ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობა საქართველოში, სადაც ისინი განიცდიან ჰუმანიტარული დახმარების ნაკლებობას და ხშირად  ექმნებათ სახიფათო  პირობები, მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანაში არსებობს გაეროს სპეციალური წარმომადგენლობა ლტოლვილთა უფლებების დასაცავად.

და ბოლოს, FIDH-ისა და HRIDC-ის შეშფოთების საგანს წარმოადგენს დაძაბული ურთიერთობანი თბილისსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის. ისინი იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ადამაინის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით იმოქმედოს. 

ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ელოდება რომ  საქართველოში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმ მიზნის მისაღწევად, რომ მიღწეულ იქნას კანონის უზენაესობა.

წერილი სრული სახით ინგლისურ ენაზე იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.humanrights.ge/eng/stat24.shtml

ახალი ამბები