კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიტყვის თავისუფლება სულს ღაფავს: მას-მედიის პუტინიზაცია საქართველოში

4 აგვისტო, 2004

სიტყვის თავისუფლება სულს ღაფავს:
საქართველოში მას-მედიის პუტინიზაცია დაიწყო

დახურულ ჟურნალ-გაზეთებს, შეწყვეტილ პოპულარულ გადაცემებსა და დაყადაღებულ ტელევიზიებს შესაძლოა მალე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია შეემატოს. „ვარდების მიერ მოტანილი“ ხელისუფლება „ეკალს“ მორიგ მსხვერპლს - დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიას“ ასობს. 12 ათასი ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ორგანიზაციას ხუთი დღის შემდეგ ყადაღა დაედება. ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთაა.
 
იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის ბიუროს აღმასრულებლებმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობას დღეს გაფრთხილება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც, 12 ათასი ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ორგანიზაციას ხუთი დღის შემდეგ ყადაღა დაედება.

სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სტეფანე თუმანიშვილის განცხადებით, „კავკასიამ“ აღნიშნული თანხა საქტელერადიოკორპორაციის სასარგებლოდ, ანძის ექსპლუატაციისათვის უნდა გადაიხადოს.

როგორც ტელეკომპანის დირექტორმა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს განუცხადა, ტელეკომპანიას 23 ათასი ლარის გადახდა სასამართლომ დააკისრა და მოვალესა და კრედიტორს შორის შეთანხმების საფუძველზე თანხის გადახდა ყოველთვიური გრაფიკით ერთი წლის მანძილზე უნდა გაგრძელებულიყო, რაც შეუფერხებლად ხორციელდებოდა.

აღმასრულებელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც დაყრდნობილი იყო იმაზე, რომ ტელეკომპანიამ არ გადაიხადა დაკისრებული თანხა აპრილის თვეში, თანამშრომლებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მან აღმასრულებელს წარუდგინა იმის დამამტკიცებელი ქვითრები, რომ ეს თანხა ნამდვილად გადახდილია. „მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდის ყველა ქვითარი ვანახეთ, აღმასრულებელმა განგვიცხადა, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია და ვერ შეცვლიდა მას“,- განგვიცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა. 

ტელეკომპანიში ამ ჟესტს აღიქვამენ როგორც ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, რადგან მთავრობა ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ტელეკომპანიას. მათი განცხადებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ბევრი ბიზნესმენი ვერ ბედავს „კავკასიაში“ რეკლამის შემოტანას, ხოლო თავად ტელეკომპანიაზე არაერთხელ ჰქონია ადგილი სერიოზულ ზეწოლას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სათავეში ახალი ძალების მოსვლის შემდეგ ტელეკომპანია „კავკასიას“ გარკვეული დროით გაუთიშეს გადამცემი სადგური და დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როცა მათი ჟურნალისტები პრეზიდენტის ოფიციალურ ბრიფინგებზე არ შეუშვეს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას პოსტ-რევოლუციურ საქართველოში დამოუკიდებელი მას-მედიის წინააღმდეგ მიმდინარე არაჯანსაღი პროცესების გამო. ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის პრაქტიკა დამოუკიდებელ მედიაზე უკვე საგანგაშო მასშტაბებს იძენს, რასაც დახურული ჟურნალ-გაზეთებისა და გაუქმებული ტელევიზიების მზარდი ოდენობაც ადასტურებს. ცენტრი ხელისუფლებას საყოველთაოდ აღიარებული სიტყვის თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები