კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იცვლება ხელისუფლება – უცვლელია ხელ–კეტები

9 აგვისტო, 2004

   იცვლება ხელისუფლება – უცვლელია ხელ–კეტები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების თანახმად, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება; მსგავსი თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითაც ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ეზღუდებათ ხავერდოვანი რევოლუციის მიერ შობილი ხელისუფლების მიერ და მასზე დაქვემდებარებული სპეცრაზმელების ხელ-კეტებით.

საქართველოს მოსახლეობას მრავალჯერ უსარგებლია მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებით და მისი გამოყენების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარა ჩვენს ისტორიაში. ხალხმა კარგად დაინახა, მშვიდობიანი აქციები საუკეთესო საშუალებაა პრობლემისადმი ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. თუმცა, დღევანდელ საქართველოში, სამართლიან დემონსტრაციებს ძალადობა უპირისპირდება. სამართალდამცავები ყველას თვალწინ ლახავენ თითოეული ჩვენთაგანისათვის უმნიშვნელოვანესს - ადამიანის უფლებებს. პოლიცია ქალებსაც არ ინდობს. გამომსვლელთა წინააღმდეგ ხელ–კეტები აღმართეს თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლ საქართველოში. კანონს  მისივე დამცველები არღვევენ. ვინ არის პასუხისმგებელი სამართალდამცავების ვანდალიზმზე?

,,ვარდებისს რევოლუციის“ შემდეგ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა მასობრივი გამოსვლების დიდ ძალაში. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ თავისი მაშტაბებით ეს მართლაც უდიდესი აქცია, რომელმაც ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია, უსისხლოდ დამთავრდა. ამით ამაყობს დღევანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მთავრობის ცოდვებს ამ დემონსტრაციის დარბევა დიდად არ დაამძიმებდა, შევარდნაძემ მაინც არ გადადგა ეს ნაბიჯი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ვერც ერთი დემონსტრაცია ვერ გადაურჩა ხელ–კეტებს. ხელისუფლება პოლიციის ხელებით უსწორდება სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდგომის წვიმიან და ცივ ღამეებში რევოლუციონერთა გუნდს ზურგს უმაგრებდა და მაღალი ეშელონებიდან ჯოხს ურტყამენ. უკანონობას შეჩვეული სამართალდამცავები მალე ვერ მოიშლიან ამ ჩვევას. დღევანდელ კანონისდამცველთა მდგომარეობას კარგად ეხამება ძველი ქართული გამოთქმა: მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ. თუმცა ახალი მთავრობა ირწმუნება, რომ ყველა ღონეს იხმარს და უკანონობას აღმოფხვრის, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ის ზოგჯერ ბოროტმოქმედებისკენ უბიძგებს პოლიციას. არც ისე დიდი ხნის წინ პრეზიდენტი არ მოერიდა ისეთი მწვავე განცხადების გაკეთებას, როგორიც იყო ,,საჭიროების“ შემთხვევაში პოლიციელების მიერ იარაღის გამოყენების ბრძანება პატიმრების წინააღმდეგ. მსგავსი მოწოდებებით ხელისუფლება უკანონო მოქმედებისაკენ უბიძგებს სამართალდამცავებს.

ნოემბრის დემონსტრაციების შემდეგ სხვადასხვა მშვიდობიანი მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ხალხი, შემოდგომის აქციებისაგან განსხვავებით დარბეული იქნა პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმების მიერ. ასეთი შემთხვევების გასახსენებლად მეხსიერების დაძაბვა საჭირო არ არის. მაგალითად 1 ივლისს მერიის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, რომელსაც თემურ  მღებრიშვილი ხელმძღვანელობს, დარბეული მშვიდობიანი აქციაც კმარა. ამ გამოსვლას კოოპერატიული მშენებლობისა და მიწისძვრისაგან დაზარალებულები სამი დღის განმავლობაში მართავდნენ დაზარალებული ოჯახებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარის - საჭირო თანხის მხოლოდ ნახევრის, გამოყოფის მოთხოვნით. ეს თანხა თავდაპირველად 375 ათასამდე შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ სეკვესტრირებულ იქნა. აქციის მონაწილეებს ხელ–კეტებით გაუსწორდნენ. დაშავებულთა შორის იყვნენ ქალებიც. 

აშკარაა, თემურ მღებრიშვილმა და მისმა რაზმმა უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საერთაშორისო ნორმებიც. მაგრამ მომხდარზე პასუხი დღემდე არავის უგია და არც პროკურატურაში აღძრულა საქმე. დამნაშავეებმა მხოლოდ ,,შენიშვნა“ მიიღეს. რამდენად წაადგება დემოკრატიული ქვეყნის შენებას კანონის დამრღვევთა ,,დატუქსვა“? მით უმეტეს თუ კი საქმე „გამოცდილ“ თანამშრომელს ეხება. თემურ მღებრიშვილი ხომ ახალბედა არ არის ამ საქმეში და ჩვენი კონსტიტუციაც გადაფურცლული უნდა ჰქონდეს. მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინციდენტი ერთადერთი არ არის მღებრიშვილის პრაქტიკაში. მას მშვიდობიანი გამოსვლების დარბევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ 2004 წლის 28 იანვარს გარემოვაჭრეებმა თბილისში გამართეს აქცია. ის მიმართული იყო მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ქალაქის მერიამ გარე მოვაჭრეებს შესთავაზა გადასულიყვნენ ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე, მაგრამ ეს შეთავაზება მათთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა. საბოლოოდ დემონსტრაცია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, ისევ და ისევ თემურ მღებრიშვილის ხელმძღვანელობით დაარბია. მანვე სასტიკად სცემა ერთ–ერთი დემონსტრანტი ქალი. სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. კიდევ სამი დემონსტრანტი კი საერთოდ დააპატიმრეს. არც ამ ინციდენტზე უგია პასუხი ვინმეს. დემონსტრაცია, რომელიც იგივე მოთხოვნებით გაიმართა სახელმწიფო კანცელარიის წინ ასევე დარბეულ იქნა 31 იანვარს.

სამწუხაროდ, ეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის მთლიანი ნუსხა არ არის,  რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში მოხდა. პოლიციამ დაარბია სხვადასხვა მიზეზით გამართული მშვიდობიანი აქციები. 2004 წლის 11 იანვარს, სამართალდამცავებმა ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს ჭიათურაში გამართული აქცია. იმავე წლის 28 იანვარს, პოლიციის სპეციალურმა დაჯგუფებამ ასევე ძალის გამოყენებით დაარბია ქ. თბილისის ქუჩის მოვაჭრეები. ძალადობის განსაკუთრებულ ფორმას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 12 მარტს, განკვეთილი მღვდლის  ბასილ მკალავლიშვილის  დაკავებისას. 2004 წლის 9 ივნისს კი პოლიციამ მეტისმეტი სისასტიკით დაარბია სოფელ კრწანისში გამართული საპროტესტო აქცია და დააპატიმრა 2 დემონსტრანტი. დარბევებისაას მრავალი ადამიანი დაზარალდა. არც ამ შემთხვევებში უგია ვინმეს პასუხი 

როგორც ვხედავთ, ადამიანის უფლებათა დამრღვევები მათივე ,,დამცველები“ არიან. ამქვეყნად პოლიცია იმისთვის არსებობს რომ წესრიგი და ხალხი დაიცვას. საქართველოში კი კანონისდამცველთა სახელი დიდ ხანია რაც უკანონობასთან ასოცირდება და ბოროტმოქმედების სინონიმად იქცა. ხელმძღვანელობის ყოველი ოდნავ გაუაზრებელი ნაბიჯიც კი პოლიციელებს ისედაც არასახარბიელო რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად ულახავს. ყველა შემთხვევა გვიჩვენებს, რომ სამართალდამცავები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხი ბრბო არ არის. ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები და აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მათი შემლახველის პასუხისგებაში მიცემა. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მისი თანამდებოებრივი სტატუსისა, იმიტომ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანნი ვართ. ასე რომ, დროა ყველა დაფიქრდეს თუ რას სჩადის. დროა ხელ–კეტები, ნიღბები გვერდზე გადავდოთ და ერთმანეთის უფლებებს პატივი ვცეთ.

ნანა ნასყიდაშვილი 

ახალი ამბები