კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრობა -

13 სექტემბერი, 2004

პატიმრობა - "ჯილდო" ინფორმაციის ობიექტურად გაშუქებისთვის

 

ქართული მედიისათვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა კვლავაც აქტუალურია და ამჯერად საქართველოს ფარგლებს სცდება. ქართველ ჟურნალისტებს თავისუფალი სიტყვა უხეშად ჩამოერთვათ ბესლანში და არ მიეცათ იქ მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქების საშუალება. ჩრდილოეთ ოსეთში პროფესიული ვალის მოსახდელად გამგზავრებული ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე ალბათ ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ ოსი ბავშვების მსგავსად თვითონაც დატყვევებულნი აღმოჩნდებოდნენ; ოღონდ ამჯერად არა ტერორისტების, არამედ რუსული სპეცსამსახურების წყალობით. ხუთდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები თავისუფლები არიან. თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს ქართული მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას - ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ ტელეკომანია „მზის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ დვალი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბესლანიდან გააძევა.

ამა წლის პირველ სექტემბერს ბესლანში განხორციელებული ტერაქტის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის გავრცელებიდან რამოდენიმე საათში ქართველი ჟურნალისტები ბესლანში ჩავიდნენ საზოგადოებისათვის ობიექტური და დროული ინფორმაციის მისაწოდებლად, მაგრამ რუსეთის ფედერალურმა სამსახურებმა არ მისცეს მათ თავიანთი პროფესიული ვალის ბოლომდე მოხდის საშუალება. ობიექტური ინფორმაციისათვის მათ ჯილდოდ პატიმრობა ერგოთ.

4 სექტემბერს დაკავებული ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის წევრების, ჟურნალისტ ნანა ლეჟავასა და ოპერატორ ლევან თეთვაძის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით აღძრა. მათ ბრალი ოფიციალურად 6 სექტემბერს წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმე ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ დანაშაულის არარსებობის გამო შეწყვიტა, თუმცა გათავისუფლებამდე ქართველმა ჟურნალისტებმა ორი დღე ვლადიკავკაზის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სამი - ფედერალური უშიშროების სამსახურის იზოლატორში გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის სასამართლო პროცესი გასაიდუმლოებულ ვითრებაში, რატომღაც არა სასამართლოს შენობაში, არამედ რუსეთის ფედერალური უშიშროების ვლადიკავკაზის განყოფილებაში ჩატარდა. დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს თავდაპირველად ადვოკატის აყვანაზე უარი ეთქვა და სასამართლო პროცესზე მათ ინტერესებს უშიშროების სამსახურის მიერ დანიშნული ადვოკატი იცავდა. გარდა ამისა, რუსეთის მხარემ უხეშად დაარღვია რომის კონვენციის 36-ე მუხლი - ქართველ კონსულს უფლება არ მიეცა შეხვედროდა საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა ამის უფლება კონვენციით ჰქონდა მინიჭებული.

ფედერალური უშიშროების სამსახურმა მათ ბრალი საზღვრების უკანონო გადაკვეთისათვის წაუყენეს. საქართველოსა და რუსეთს შორის  არსებობს ოქმი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, სადაც ყაზბეგის რაიონში ჩაწერილ  მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, პასპორტში ჩადებული ბარათის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს, ვიზის გარეშე გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი. 10 დღის განმავლობაში მათ აქვთ უფლება, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე.  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, ნინო ლეჟავასა და ლევან თეთვაძეს პასპორტები სრულ წესრიგში ჰქონდათ, რადგან ყაზბეგში აქვთ ჩაწერა. რუსეთის ტერიტორიაზე თავისუფლება მათ სულ სამი დღე დასცალდათ, ამის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ქართველი ჟურნალისტები უკანონოდ იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

ქართველი ჟურნალისტების ინკომუნიკადო დაკავებას მათზე ზეწოლაც მოჰყვა. დაკავებიდან რამოდენიმე საათში ნანა ლეჟავას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, ხოლო შემდგომ უცნობი პრეპარატით გათიშეს (ყავაში ჩაუყარეს) და ისე წაიყვანეს უშიშროების იზოლატორში. თბილისში დაბრუნებულ ნანა ლეჟავას ჩაუტარდა ორდღიანი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ლეჟავას ორგანიზმში აღმოაჩნდა ძლიერი ფსიქოტროპიული, მომწამვლელი ნივთიერებები და თავის ტვინის დიფოზიური ცვლილებები. 

რუსეთის სპეცსამსახურებს შედარებით ადვილად ტელეკომპანია „მზის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ზურაბ დვალი გადაურჩა. ამჯერად, ქართველი ჟურნალისტის სასჯელი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისათვის მისი ბესლანიდან გაძევება აღმოჩნდა საკმარისი.
 
7 სექტემბერს სატელევიზიო ჩართვის შემდეგ ზურაბ დვალის ვინაობით არამარტო ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ ოსი სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ. ეროვნების დადგენის შემდეგ, მას სასტუმროში მიაკითხეს, სადაც პირადი ნივთები და აკრედიტაცია ჩამოართვეს. მოგვიანებით ოსმა სამართალდამცავებმა თავად გადაიყვანეს ზურაბ დვალი ვლადიკავკაზში საიდანაც იგი მოსკოვში დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, ტყვეობას დაღწეული რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არ აპირებენ მათ მიმართ განხორციელებული დარღვევის უპასუხოდ დატოვებას და ევროსასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ახალი ამბები