კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნების დევნა გრძელდება -საქართველოს „ხარკი“ რუსეთს

17 სექტემბერი, 2004

ჩეჩნების დევნა გრძელდება -საქართველოს „ხარკი“ რუსეთს

ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები აღშფოთებულნი არიან ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ განახლებული უკანონო დაკავებების გამო. 24 აგვისტოს საპატრულო პოლიციამ თბილისში ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე სამი ჩეჩენი დააკავა. სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულნი უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ეს ეჭვი არ დადასტურდა. ანზოროვი საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა ქართულ მართლმსაჯულებას და ციხეში პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ხელიგნობისათვის მოხვდა. პოლიციელთა მიერ ნაცემი ანზოროვი დღეს წინასწარი სამთვიანი პატიმრობის განაჩენს თბილისის #1 საპყრობილეში იხდის. არასამთავრობო ორგანიზაციათა მტკიცებით, არსებობს ანზოროვის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემის დიდი საშიშროება.

24 აგვისტოს საპატრულო პოლიციამ თითქოსდა ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე რუსტამ ანზოროვი, ადამ ბაისუევი და ისლამ დონაევი დააკავა.  ორი უკანასკნელი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ხოლო რუსტამ ანზოროვი კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი ადვოკატის ტარიელ ჩოჩიშვილის განცხადებით, ანზოროვს სამართალდამცავები ბანდიტურად დაესხნენ თავს, ავტომატის მუქარითა და იძულებით გადმოათრიეს მანქანიდან. იმის გამო, რომ ანზოროვი არის ჩეჩენი, არ ესმის ქართული და ნაკლებად ესმის რუსული, პოლიციის თანამშრომლებმა ვერ განუმარტეს მას თუ რატომ აკავებდნენ, რასაც მოჰყვა რამოდენიმე წუთიანი გაუგებრობა. შემდეგ ძალით დააკავეს და ამ დაკავებისას ავტომატის ტარიც უთავაზეს თავში რამოდენიმეჯერ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც, როგორც მისი ადვოკატი ირწმუნება, გაგრძელდა მისი ცემა-წამება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

ანზოროვის ცემის ფაქტს დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ სხეულზე აღინიშნული სისხლნაჟღენთები და დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. მისი დასკვნით, დაზიანების ხარისხი მსუბუქია, მაგრამ ნერვოპათოლოგის შემოწმების შემდეგ (თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის შემთხვევაში) შესაძლოა იგი შეიცვალოს და დაამძიმოს შემდგომ დაზიანების ხარისხი.

27 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ რუსტამ ანზოროვისათვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა დაცვის მხარემ საოლქო სასამართლოში მეორე დღესვე გაასაჩივრა. ანზოროვის ადვოკატის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გადაგზავნილიყო საჩივარი სასამართლოში, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მათ გააჭიანურეს, ფაქტიურად დაბლოკეს აღნიშნული საჩივარი და დაყოვნდა მისი განხილვა, ხოლო ანზოროვი ამ პერიოდში იყო უკანონო პატიმარი. საბოლოოდ, სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს შედგა, რომელმაც ანზოროვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შესახებ ძალაში დატოვა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა უშიშროების სამინისტროს. „მოგეხსენებათ, ხულიგნობა და მით უმეტეს წინააღმდეგობის გაწევა არ არის უშიშროების ქვემდებარე. ჩვენთვის გაურკვეველია, რა მიზეზით მოხდა ამ საქმის უშიშროებისთვის გადაცემა“,-აცხადებს ტარიელ ჩოჩიშვილი და ამტკიცებს, რომ ანზოროვის დაკავება პოლიციის თვითმიზანს წარმოადგენდა. გელა ნიკოლაიშვილი („ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“) მიიჩნევს, რომ  ჩეჩნების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემის არაერთი ფაქტი არსებობს და შესაძლოა ანზოროვიც რუსეთში ექსტრადირებულთა რიცხვში მოხვდეს. „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე კიდევ ერთხელ ახსენებს ხელისუფლებას იმ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს აღებული ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ. მათ საქართველოს ხელისუფლებამ მისცა ლტოლვილის სტატუსი და მათი რუსეთისათვის გადაცემა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ძველი ინერციით აგრძელებს ჩეჩენი ლტოლვილების დევნა-შევიწროებას და ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისათვის გადაცემული ჩეჩნების რიცხვი უკვე შვიდამდე გაზარდა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ჩეჩნების უფლებების დარღვევების გახშირების გამო. ხელისუფლება არათუ ვერ უზრუნველყოფს ლტოლვილთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, არამედ თვითონ ატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს ჩეჩნების წინააღმდეგ. ამა წლის თებერვალში სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებული 2 ჩეჩენის “გაუჩინარება“, უშიშროების სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში (როდესაც 14 ლტოლვილი ქალი სასტიკად სცემეს და 19 ადამაინი დააკავეს), და ბოლოს, ჩეჩნების უკანონო დაკავებები თბილისში აშკარად მოუთითებენ ახალი ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე ჩეჩნეთთან მიმართებაში, რომლის მსხვერპლი მრავალი უდანაშაულო ადამიანი ხდება.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში ჩეჩნების უფლებების დაცვის საკითხებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები