02:31, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეკოლოგიური კატასტროფა ნინოწმინდაში

26.11.2004

ეკოლოგიური კატასტროფა ნინოწმინდაში

   

 საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა კვლავ განიცდის 2004 წლის 10 სექტემბერს ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფის სავალალო შედეგებს. გაზისა და ნავთობის ერთდროულად ამოფრქვევის შედეგად,  რაც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, განადგურდა დიდი რაოდენობით ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი, ნიადაგი, ამოფრქვეული გაზის შესუნთქვის შედეგად კი მოიწამლა მოსახლეობა, რომელთა შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბავშვები აღმოჩნდნენ. მათ სისხლში მომწამლავი ჩხირები აღმოაჩნდათ. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა აღნიშნული ფაქტიდან და ნინოწმინდის მოსახლეობა კვლავ სასმელი წყლის გარეშეა. მათ ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავს. კატასტროფის პირველ დღეებში კომპანიისაგან გაწეული დახმარება, რომელიც 100 – 150 ლარს შეადგენდა, ვერც მოსავალს უნაზღაურებს და ვერც ჯანმრთელობის აღდგენაში ეხმარება მოწამლულ ხალხს. არ ჩატარებულა ალტერნატიული ექსპერტიზა გარემოს გამოსაკვლევად, დღემდე უცნობია თუ რა ტიპის მხუთავი გაზები ამოიფრქვა ნიადაგიდან და რა მომწამვლელ ნივთიერებებს სუნთქავდა მოსახლეობა სამი დღის განმავლობაში. საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის დაფარვა და მოსახლეობის დაშინება გრძელდება. რატომ აყენებს მთავრობა ნავთობ-კომპანიის ინტერესებს ხალხის ინტერესებს მაღლა?..

ამა წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას ნავთის წვიმა თავს მოულოდნელად დაატყდა. ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილიდან, რომელიც კატასტროფამდე ბოლო რამოდენიმე თვე დალუქული იყო და მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მოხდა გაზისა და ნავთის ამოფრქვევა, რაც, ნავთობკომპანიის მენეჯერის თემურ გოგილაშვილის თქმით, მიწის ქერქში მიმდინარე ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია. „მიწის ქვეშ მიმდინარე კატაკლიზმების შემდეგ დაგროვდა გაზი, რამაც ამოიტაცა ნავთობი და მოხდა ამოფრქვევა. თუ რა რაოდენობით ნავთობი ამოიფრქვა, დაზუსტებული არ არის. ლიკვიდაცია კი ჩვენი ძალებით სამი დღის შემდეგ  მოვახერხეთ“,- განგვიცხადა გოგილაშვილმა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობა, რომელნიც სამი დღის განმავლობაში გაოგნებულნი შესცქეროდნენ ქარისგან ღვარად მოტანილ ნავთობის წვიმას. გარდა იმისა, რომ ამ მოულოდნელობამ ხალხი პანიკაში ჩააგდო, ბევრ მათგანს მოწამვლის საკმაოდ მძიმე სიმპტომები გამოუვლინდა: „დაგვეწყო ყელის წვა, მერე თვალები დაგვიწითლდა, შემდეგ კი გამონაყარი გაგვიჩნდა  და გულის რევის შეგრძნება, იგივე დაემართათ ბავშვებსაც. საავადმყოფოში რიგები იდგა“,- შემოგვჩივლა სოფელ ნინოწმინდის მოსახეობამ ჩვენი ვიზიტის დროს.

მათივე თქმით, კომპანიის მიერ მობილიზებული სამედიცინო დახმარებას არანაირი სარგებელი არ შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან „იმ წამალს არ გვაძლევდნენ რაც გვჭირდებოდა - ამბობდნენ, არ გვაქვსო და არც სწორ დიაგნოზს სვამდნენ“. მოსახლეობაში დახმარების სახით დარიგებული პრეპარატები მხოლოდ იაფასიანი დამამშვიდებელი და ანტი-ალერგიული საშუალებებს წარმოადგენდა. უმეტესობამ ვერ შეძლო მკურნალობის საკუთარი ხარჯებით წარმოება, მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მცირეწლოვნების დედაქალაქში წაყვანა სამკურნალოდ, რომლებიც დღემდე მკურნალობის ქვეშ არიან.

როგორც სოფელში აცხადებენ, პირველი სამი კვირის განმავლობაში შეუძლებელი იყო სინამდვილის დადგენა. ექიმები არ სვამდნენ რეალურ დიაგნოზს, რადგან, როგორც დაზარალებული ხალხი იძახის, მათზე ხდებოდა ზემოქმედება. მათივე განცხადებით, ბლოკირებული იყო ყველა ლაბორატორია, რათა არ მომხდარიყო სწორი დიაგნოზის დასმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვებს სისხლში მომწამლავი ჩხირები აღმოაჩნდათ.

ნავთობკომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ მოსახლეობის მოწამლის ფაქტს და აცხადებენ, რომ „ხალხმა მართალია შეისუნთქა გარკვეული რაოდენობით გაზი, რომელიც შეიცავდა მხუთავ ელემენტებს, რამაც გამოავლინა დაავადებები, მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც აწუხებდათ  გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, ალერგია და ფილტვები. როგორც ასეთი ტოქსიკურად მოწამლული არავინ ყოფილა და ჯანმრთელი ადამიანისთვის ის საშიშროებას არ წარმოადგენდა.“

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადგილზე არ ჩატარებულა გარემოს დაბინძურების ალტერნატიული ექსპერტიზა. ის დასკვნებიც კი, რომელიც კომპანიის მიერ მოწვეული ექპერტების მიერაა გაკეთებული, არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მონაცემებად, რადგან ძლიერი ქარის მეშვეობით ჰაერში არსებული მხუთავი გაზები, ჭაბურღილზე მომხდარი ამოფრქვევის ლიკვიდაციის შემდეგ, მალე გაიფანტა და კატასტროფიდან მეოთხე დღეს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ნაკლებად შეიძლება ასახავდეს დაბინძურების რეალურ სურათს.

მოსახლეობის გულისტკივილი არ ცხრება, დაბნეული და დაუცველი ადამიანები ვერც ნავთობკომპანიისგან და ვერც საკუთარი ხელისუფლებიდან გრძნობენ მხარდაჭერას. მთავრობა ხალხის ინტერესებზე მაღლა კომპანიის ინტერესებს აყენებს და საზოგადოებისაგან ამ ფაქტის მიჩუმათებას ცდილობს. ის, რომ აღნიშნული ტრაგედიით დიდად არც მასმედია ინტერესდება, ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნის სერიოზული ეჭვისა და შეშფოთების საფუძველს. ფაქტი ერთია - მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღნიშნული ფაქტი ჩამოაშოროს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ნინოწმინდაში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამო და მოითხოვს ფაქტის მიუკერძოებელ გამოძიებას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და მოსახლებისათვის კომპენსაციის გადახდას.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC