კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსული ჯარისკაცები ქვეყნის მოღალატეებად შეირაცხნენ

29 დეკემბერი, 2004

საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსული ჯარისკაცები ქვეყნის მოღალატეებად შეირაცხნენ

19 დეკემბერს 72 ჯარისკაცმა მუხროვანის სამხედრო ნაწილში არსებული აუტანელი სოციალური პირობების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა დისლოკაციის ადგილი და თბილისში გამოემართა. ჯარისკაცებისთვის ნაწილში ყოფნა იმდენად აუტანელი იყო რომ ისინი თანახმა იყვნენ ციხეში წასულიყვნენ ოღონდ არ დაბრუნებულიყვნენ მე-8 პოლკში. როგორც ჯარისკაცებმა სამხედრო ომბუდსმენს შესჩივლეს, გარდა აუტანელი სოციალური პირობებისა, ჯარისკაცები ფიზიკური შეურაცხყოფისა და ხელმძღვანელობის მხრიდან დამცირების მსხვერპლნი იყვნენ, რამაც სერიოზულად გაამწვავა ხელმძღვანელობასა და ახალწვეულებს შორის ურთიერთობა. ჯარისკაცები მზად იყვნენ ციხეში წასულიყვნენ ოღონდ არ დაბრუნებულიყვნენ ნაწილში და რამოდენიმე მათგანი თვითმკვლელობითაც კი დაიმუქრა. სამხედრო მოსამსახურეს იცავს სახელმწიფო და მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება დაცულია კანონით, მაგრამ ხელისუფლება უგულებელყოფს კანონით გარანტირებულ ამ ცნებებს და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია სახალხო დამცველის ოფისმა უარი განაცხადა ჯარისკაცების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვაზე და მათ მოღალატეებიც კი უწოდა, მიუხედავდ იმისა, რომ მის  უშუალო ფუნქციაში შედის  ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების ხელყოფისაგან.

72 ჯარისკაცის მიერ მუხროვანის სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებამ სერიოზულად შელახა ქვეყნის მთავრობის იმიჯი და ფარდა აეხადა საქართველოს შინაგან ჯარში არსებულ რეალურ ვითარებას. 19 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე შინაგანი ჯარის 72 ჯარისკაცმა პროტესტის ნიშნად დატოვა დისლოკაციის ადგილი და მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან  თბილისისაკენ გამოემართა. ჯარისკაცებმა  დაახლოებით 25 კილომეტრი იარეს ფეხით ლილოს ტერიტორიამდე, შემდეგ ტრანსპორტით კანცელარიისკენ გამოემართნენ, სადაც სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ჯარისკაცები იმ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის. ჯარისკაცების ამგვარი ქმედება გამიზნული იყო იმისთვის, რომ  შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ესაუბრათ ჯარში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი, იმ აუტანელი პირობების შესახებ, რომელსაც გამოექცნენ და რომელშიც უხდებოდათ ყოფნა. ეს იყო არასრულფასოვანი კვება, არასაკმარისი ტანსაცმელი, სიცივე, მიუხედავად რემონტისა და ნაწილის შიდა ინტერიერის გაუმჯობესებისა, ჯარისკაცები უწყლობის გამო ვერ ახერხებდნენ დაბანას, რის შედეგადაც დაესიათ მკბენარები და ტილები. სამხედრო ნაწილები სრულფასოვნად მარაგდება საკვები პროდუქტებით, მაგრამ რიგით ჯარისკაცს ორ თვეში მხოლოდ 2 ან 3-ჯერ აჭმევენ ხორციან კერძს. და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია ჯარისკაცების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან გაისმოდა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი გამონათქვამები, ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტებსაც და როგორც თვითონ ჯარისკაცები აცხადებენ, არასამხედრო მიზნებისთვის ხდებოდა სხვადასხვა სამუშაების შესრულება ახალწვეულთა მიერ.

მუხროვანის ნაწილში იმდენად აუტანელი გახდა ყოფნა, რომ ჯარისკაცები ყველაფერზე იყვნენ თანახმა, ციხეში წასვლაზეც კი, ოღონდ ბატალიონში არ დაბრუნებულიყვნენ , რამოდენიმე მათგანი სამხედრო ომბუდსმენთან საუბრისას თვითმკვლელობითაც კი იმუქრებოდა.

ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეს კანონმდებლობის თანახმად, ეკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა, სამხედრო ომბუდსმენმა, ირაკლი სესიაშვილმა დაარწმუნა ჯარისკაცები გადასულიყვნენ სახალხო დამცველის ოფისთან და იქ განეგრძოთ აქცია.

აქციის შემდეგ, იმავე საღამოს ჯარისკაცები უშიშროების სამინისტროში გადაიყვანეს და იქ ფიზიკური ანგარიშწორების მუქარით, ფსიქოლოგიური და ძალისმიერი ხერხებით გადაათქმევინეს ნაწილში მძიმე სოციალური პირობების არსებობის შესახებ თავიანთი ჩვენებები. მეორე დღეს სამხედრო ომბუდსმენი შეეცადა მე-8 პოლკში შესვლას, რის უფლებასაც მას სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი აძლევდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი არ შეშვება ისჯებოდა კანონით, ირაკლი სესიაშვილი მე-8 პოლკში არ შეუშვეს და უფრო მეტიც, სახალხო დამცველმა ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ და სახალხო დამცველის აპარატის უმოქმედობამ  სამხედრო ომბუდსმენის, ირაკლი სესიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება განაპირობა. “ჩემი გადადგომის მთავარი მიზეზი იყო, ის რომ ხელისუფლებამ მოახდინა არასწორი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ დაესაჯა ის ხელმძღვანელები, რომელთაც უშუალო ბრალი მიუძღვის  ჯარისკაცების ასეთ აუტანელ პირობებში ყოფნისა, უნდათ ჯოხი ჯარისკაცებზე გადატეხონ და მთელი პასუხისმგებლობა მათ დააკისრონ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამგვარი ფაქტის შემდეგ გამოძიების დაწყებამდე გაათავისუფლებდნენ ბრიგადის მეთაურს, ჩამოაქვეითებდნენ შტაბის უფროსს, სასტიკ საყვედურს გამოუცხადებდნენ როგორც მინისტრს, ისე შინაგანი ჯარის მეთაურს და იმ ადამიანების, ვის გამოც ასეთ მძემე პირობებში იმყოფებოდნენ ჯარისკაცები. მაგრამ როგორც დავინახეთ, ამგვარ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან სულ სხვა რეაგირება მოჰყვა - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მუხროვანში მომხდარმა შემთხვევამ ეჭქვეშ დააყენა სახალხო დამცველის აპარატის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მოქმედება, რადგან იმის მაგივრად რომ დაეცვათ ჯარისკაცების უფლებები, გაერკვიათ თუ რა იყო პროტესტის მიზეზი, სახალხო დამცველის ოფისმა სრული უმოქმედობა გამოიჩინა და უფრო მეტიც, სახალხო დამცველის მოადგილე, ბაჩო ახალაია  რატომღაც პროკურორად მოგვევლინა, ჯარისკაცებს დეზერტირები და სამშობლოს თითქმის მოღალატეებიც კი უწოდა. მან ჯარისკაცებს მოუწოდა დაეტოვებინათ სახალხო დამცველის მიმდებარე ტერიტორია.

„სოზარ სუბარი კარგად ხედავს რეალურ სიტუაციას და იცის, რომ უნდა დაეცვა ჯარისკაცების უფლებები, თუმცა სამწუხაროდ, ალბათ ვერ გაუძლო ხელისუფლების წნეხს და არაადეკვატურ მოქმედებაში მე დამადანაშაულა“, - განაცხადა ყოფილმა სამხედრო ომბუდსმენმა.

დღეისათვის ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სამხედრო ნაწილს სოციალური პირობების გაუმჯობესების მოლოდინში. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. სესიაშვილი აცხადებს, რომ აღძვრის შემთხვევაში ის და მისი ადვოკატები მზად არიან დაიცვან მათი უფლებები.

 

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები