კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში უმუშევრობის დონე ერთი ორად გაიზარდა

28 იანვარი, 2005

საქართველოში უმუშევრობის დონე ერთი ორად გაიზარდა

ხელისუფლება წარმატებებზე საუბრობს მაშინ, როცა საჯარო ხელისუფლებაში მასობრივი შემცირებები კანონდარღვევით განხორციელდა

სახელმწიფო უწყებებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მასობრივი საკადრო შემცირებით მიმდინარეობს. რეორგანიზაციის დროს უხეშად შეილახა სამსახურიდან გათავისუფლებული არაერთი მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებები. საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებს სამსახურიდან ისე ათავისუფლებენ, რომ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. შედეგად, საქართველოში უმუშევრობის დონე კატასტროფულად გაიზარდა და სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვმა კიდევ უფრო მოიმატა. 

საქართველოში რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა და სახელმწიფოს თითქმის ყველა  უწყებაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ათი ათასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. ხელისუფლება ამ პროცესს ბუნებრივად მიიჩნევს და მას ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით ხსნის. შესაძლოა, ეს პროცესი გარდაუვალი და აუცილებელიც კი არის, მაგრამ სავალალოა ის ფაქტი, რომ საჯარო ხელისუფლებიდან მოქალაქეთა დათხოვნა მნიშვნელოვანი დარღვევებით განხორციელდა და გათავისუფლებული მოქალაქეების შრომითი უფლებების უხეში ხელყოფა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან და საჯარო მოსამსახურეები სამსახურიდან დათხოვნის შესახებ თვის ბოლოს, გასამრჯელოს მიღების დროს გებულობდნენ. გარდა ამისა, შემცირებაში მოყოლილ ადამიანებს დასაქმების თაობაზე არავითარი დაპირება არ მიუღიათ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში სამსახურებიდან მოქალაქეთა უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებს და მოითხოვს სამთავრობო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა უწყებიდან თანამშრომელთა გათავისუფლებისას დაშვებულ კანონდარღვევებს და დაიცავს დაზარალებულთა შრომით და სოციალურ უფლებებს. „მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ძვრებისა, რაც აისახა ხელფასების გაცემაში, ძველი დავალიანებების გასტუმრებასა და პენსიების ზრდაში, მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების დროს უხეშად ირღვევა ადამიანის შრომითი უფლებები,“- აცხადებს ირაკლი ტუღუში.

პროფკაშირების წარმომადგენლები ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 თებერვლიდან საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ შემცირების პარალელულად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განხორციელებულიყო და მათი აზრით, სამუშაო ადგილების შემცირების ტემპმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპს მნიშვნელოვნად გაუსწრო.

ეკონომიკური ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს სამუშაო ადგილების შემცირება თვითმიზანი არ უნდა იყოს. „სამინისტროების რეორგანიზაცია ერთობლივად დაიწყო, რაც იწვევს კომპეტენტური კადრების გადინებას. ეს პროცესი მექანიკურად მიმდინარეობს და თვითმიზანის ხასიათს ატარებს. ხელისუფლება ვალდებული იყო სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამა შეეთავაზებინა“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო სამსახურებიდან დათხოვილი ხალხისათვის შრომითი უზრუნველყოფის საკითხი მოეგვარებინა და მათთვის კომპენსაცია მაინც გაეცა. ტყემალაძე შეშფოთებას ვერ მალავს მასობრივი გათავისუფლების გამო და მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფომ წინასწარგანზრახულად განახორციელა, რათა კომპენსაციების გაცემისაგან თავი აერიდებინა.

მომზადებულია ნინო ბესტავაშვილის მიერ „მედია-ნიუსის“
ინფორმაციაზე დაყრდნობით

 

ახალი ამბები