კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს

3 თებერვალი, 2005

საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს

ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით არასამთავრობოებზე კონტროლს აძლიერებს

ხელისუფლება მართული არასამთავრობოთა ბირთვის შესაქმნელად ძალებს არ ზოგავს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფო კონტროლს კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე, 2004 წლის 26 ნოემბერს ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმადაც, ჩნდება დაინტერესებული პირი და მისი უფლებები კავშირისა და  ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. თუმცა, დაინტერესებული პირის ცნების შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის, რადგან კანონი მის განმარტებას არ მოიცავს.

სანამ თავად ცვლილებებს შევეხებოდეთ, გვინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ თვით კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე, მათ რეგისტრაციაზე, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე.

სამოქალაქო ნორმებით ხდება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, რომელთა სუბიექტებად გამოდიან არა მარტო ფიზიკური პირი ინდივიდუალურად, არამედ არაკომერციული იურიდიული პირებიც (იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი). საკუთრების ფორმის მიხედვით არსებობს საჯარო და კერძო იურიდიული პირები.

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, დღეს ყურადღებას შევაჩერებთ კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირებზე, რომელთაც განეკუთვნება: კავშირი, ფონდი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირები, რომელთა მიზანს არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდნენ როგორც კავშირები (ასოციაციები) და ფონდები. ამასთან, კავშირები ფონდები შეიძლება ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც დამხმარე ხასიათი აქვს და ემსახურება არა მოგების მიზანს, არამედ იურიდიული პირის საერთო მიზანს.

კავშირს, როგორც იურიდიულ პირს, რეგისტრაციაში ატარებს სასამართლო, ხოლო რაც შეეხება ფონდის რეგისტრაციას, მას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლში ცვლილებების შეტანამდე, ჩამოყალიბებულია, რომ სასამართლომ/იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლში 2004 წლის 24 ივნისს შესული ცვლილების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება გააუქმოს რეგისტრაცია. ანუ სასამართლოს ჩამოერთვა რეგისტრაციის უფლება და გადაეცა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს. ექსპერტ ლალი ბაქრაძის განცხადებით, ეს ცვლილება ანტიკონსტიტუციური იყო და ამიტომაც რეკომენდაციების შემდეგ, 2004 წლის 26 ნოემბერს კვლავ იქნა შეტანილი ცვლილება აღნიშნულ მუხლში შემდეგი რედაქციით: „1. კავშირის ან ფონდის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ მისი წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება, სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს კავშირის ან ფონდის საქმიანობის ან აკრძალვის საკითხს.
3.სასამართლოს მიერ კავშირის ან ფონდის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია“.

აქედან გამოიკვეთა ტენდენცია, რომ 2004 წლის 26 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, რომლის ამოქმედებაც მოხდება 2005 წლის 2 მარტიდან ისევ სასამართლოს მიენიჭა კავშირის ან ფონდის საქმინობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამ საკითხს სასამართლო იხილავს იუსტიციის სამინისტროს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე,  ე.ი. გაიზარდა დაინტერესებული პირის უფლებები კავშირისა და  ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, დაინტერესებული პირის ვინაობაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, კითხვით მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს, რომელიც რევოლუციის შემდეგ ამ ცვლილების მიღების აუცილებლობას არგუმენტირებულად ვერ მიიჩნევს. „თავად ამ ცვლილების შეტანის დრო, გვავარაუდებინებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, კონტროლის ქვეშ მოაქციოს არასამთავრობო ორგანიზაციები ანუ ხელისუფლებას ჰქონდეს მეტი ბერკეტები, ჩაერიოს არასამთავრობოების საშინაო საქმეებში რათა მოახდინოს ერთგვარი კონტროლი“.

ჩვენს კითხვაზე თუ ვინ შეიძლება იყოს კანონში მითითებული „დაინტერესებული პირი“, იურისტმა ლია მუხაშავრიამ, განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი, დამფუძნებელი და ასევე პირი, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან და არა ნებისმიერი პირი. თუმცა უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გაუგებარია ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი, რადგან კანონში არ ჩანს განმარტება და საკმაოდ ბუნდოვანია.

- შეიძლება ეს იყოს ხელისუფლების წარმომადგენელიც?

- რა თქმა უნდა, რადგან კანონში განმარტება არაა მოცემული, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი. ის პუნქტიც საკმაოდ გაუგებარი და საეჭვოა თუ რა იგულისხმება ორგანიზაციის მიზნების შეუსრულებლობაში. რადგან ეს ძალზედ სუბიექტური საკითხია. ვინ უნდა განსაზღვროს ესა თუ ის ორგანიზაცია ასრულებს თუ არა თავის მიზნებს? ეს საკმაოდ პირობითია. ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს აქტიური და პასიური პერიოდი იქიდან გამომდინარე თუ რა რესურსები აქვს და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს. ის არის ჩველებრივ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მსგავსი შეზღუდვების დაწესება, მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არა სამოქალაქო სექტორის განვითარებით, არამედ შეზღუდვით, შემდეგ უკვე კამპანიების აგორებით ცალკეული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც იქნებიან კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ და არ დახუჭავენ თვალს მათ დარღვევებზე. ხელისუფლება ცდილობს, რომ ჰყავდეს მართული არასამთავრობოთა ბირთვი, როლებიც სამწუხაროდ დიდ ნაწილს იკავებს უკვე საქართველოში.

აქვე უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა საქმე არც კი მივიდეს რეგისტრაციის გაუქმებამდე, მაგრამ ამის გამო, ორგანიზაციამ თავისი ენერგია და რესურსები უნდა დახარჯოს უაზროდ და ასევე ამან შესაძლოა იმოქმედოს საზოგადოებაში მის იმიჯზე ან/და მოერიდოს ხელისუფლებისგან ზეწოლას და შეცვალოს პოზიცია. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ჩადის დანაშაულს, ამისათვის არსებობდა და არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და ორგანოები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებენ.

ეკა წიკლაური
ნინო ღვედაშვილი

 

ახალი ამბები