კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ზვიადისტების“ მიმართ დევნა გრძელდება

10 თებერვალი, 2005

„ზვიადისტების“ მიმართ დევნა გრძელდება

პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს დღესაც იძიებს


საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს აღიძრა. მათ შორის არის  საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კვანტალიანი, რომელსაც ტერორიზმში, სახელმწიფოს ღალატსა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ. „ზვიადისტების“ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები „ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის“ შექმნის შემდეგ უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ როგორც თეიმურაზ კვანტალიანი აცხადებს, პროკურატურაში ამ საქმეების ძიება დღესაც არ შეწყვეტილა.  ლიტვაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარის თქმის შემდეგ, ახალი ხელისუფლების დაპირებების იმედით სამშობლოში დაბრუნებული კვანტალიანი კვლავ პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ იმყოფება.

1991-1992 წლებში საქართველოში განხორციელებული მოვლენები, რომლის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა და დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა და შექმნა იყო, გარეშე თუ შიდა სხვადასხვა ძალების მიერ ინსპირირებული დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების შედეგად სამოქალაქო ომში  და ერებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მრავალი ადამიანის სიკვდილითა და ქვეყნის დაყოფით, ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლების ხელდასმით დაიწყო ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების, მისი პოლიტიკური მოკავშირეებისა და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება და დევნა. ხშირად ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან „ზვიადისტების“ მიერ ჩატარებული აქციების, მანიფესტაციების დარბევას, მათ უკანონო დაპატიმრებებსა და სხვა უკანონო ქმედებებს. შევარდნაძის ხელისუფლების მმართველობის დროს ზვიად გამსახურდიას უახლოეს გარემოცვაში მყოფი არა ერთი ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის მიხედვითაც მის თანამოაზრეებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში დასდეს ბრალი, მათ შორის ტერორიზმსა და სახელმწიფოს ღალატში.

საზოგადოებაში წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირებისა და „ზვიადისტების შემორიგებისათვის“ 2001 წელს  „ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისის“ შექმნისა და „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ქვეყნის სათავეში მოსული ახალი ხელისუფლების დაპირებების შედეგად, „ზვიადისტების“ დევნა და მათი შევიწროვება უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, გაზეთ „რეზონანსში“ პირველი პრეზიდენტის მმართველობის დროს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გენერალური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, თეიმურაზ კვანტალიანის მიერ განთავსებული წერილის თანახმად, სიტუაცია უცვლელია და ექს-პრეზიდენტის მომხრეების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს პროკურატურა კვლავ იძიებს. 
 
ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა თავის წერილში აღნიშნა, რომ მის მიმართ აღძრული საქმე, სადაც მას ტერორიზმში, სახელმწიფო ქონების გატაცებასა და სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ, კვლავ ძიებაშია და ამის შესახებ 2004 წლის 17 ოქტომბერს საგამოძიებო ნაწილის უფროსმა პროკურორმა, იუსტიციის უფროსმა მრჩეველმა, ბატონმა რევაზ ზარანდიამ წერილობით შეატყობინა.

აღნიშნული წერილის თანახმად, 1992 წლის იანვრიდან პირველი პრეზიდენტის, მისი ერთგული პარლამენტისა და მთავრობის წევრების მიმართ არაერთი საქმე იქნა აღძრული, რომელშიც მათ, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული და ტერორიზმით დამთავრებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედებოდათ ბრალი. ამ სიაში აღმოჩნდა თეიმურაზ კვანტალიანიც და როგორც თვითონ აცხადებს წერილში, მხოლოდ იმიტომ, რომ კანონიერი პრეზიდენტის გვერდით ქალაქ გროზნოში იმყოფებოდა. პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ თეიმურაზ კვანტალიანი ლიტვის რესპუბლიკაში გადავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და რამოდენიმე წელი იქ განაგრძო ცხოვრება. ეროვნული შერიგების კომისიის თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის რჩევით, მის სახელზე ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა გამოგზავნა ლიტვაში საქართველოს წარმომადგენლობაში ოფიციალურად დამოწმებული განცხადება, სადაც ითხოვდა მის მიმართ არაკანონიერად აღძრული საქმეების 28-ე მუხლის საფუძველზე შეწყვეტას. შემდგომ, პირობის თანახმად, თეიმურაზ კვანტალიანმა უარი თქვა პოლიტიკურ თავშესაფარზე და საქართველოში დაბრუნდა. მაგრამ საზღვრის გადმოკვეთისთანავე მან შეიტყო, რომ უარი ეთქვა მის მიმართ აღძრული საქმეების შეწყვეტაზე და ძებნილად გამოაცხადეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურამ არანაირ ღონისძიებებს არ მიმართა მის დასაჭერად.

თეიმურაზ კვანტალიანი იმედოვნებდა, რომ ახალი ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებდა და მის მიმართ აღძრულ საქმეებს შეწყვეტდა, მაგრამ მისი იმედები საბოლოოდ გაქარწყლდა. იმედგაცრუება გამოიწვია პროკურატურის მოთხოვნამ, რომელიც კვანტალიანისგან მის მიმართ აღძრული საქმეების აღიარებას მოითხოვდა, როგორც მართებულად აღძრულს, ხოლო შეწყვეტდა ვითარების შეცვლის შემთხვევაში. თუმცა, საკმაოდ ბუნდოვანია „ვითარების შეცვლის“ ის შესაძლებლობა, რამაც  შეიძლება განაპირობოს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორიზმის მუხლით აღძრული საქმეების შეწყვეტა. 


  ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები