კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანი: ბიჭი რომელიც (ოფიციალურად) არ არსებობს

25 თებერვალი, 2005

აზერბაიჯანი: ბიჭი რომელიც (ოფიციალურად) არ არსებობს


ახალი ამბების სამსახურის ფორუმი 18-ის ინფორმაციით, 18 თვის ლუკა აივაზოვი ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს იმ ბავშვებისათვის დაბადების მოწმობების გაცემაზე, რომელთაც ქრისტიანული სახელები აქვთ. „ჩვენ გვაქვს სოფლის მაცხოვრებელთა წერილები და მათი 98 პროცენტი ქრისტიანული სახელების რეგისტრაციის წინააღმდეგია“, განუცხადა ფორუმ 18-ს აიბენიზ კალაშოვამ, ადგილობრივი სამოქალაქო რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელმა. იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა მეჰმან სულთანოვმა კი ასეთი შეკითხვა დაუსვა ფორუმ 18-ს: „რატომ აირჩიეს რელიგიური სახელი?“ და შემდეგ აღნიშნა, რომ ბავშვს სახელი შეურჩია არა მშობლებმა, არამედ რომელიღაც რელიგიურმა სექტამ. ლუკას მამა, ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, რომ ბავშვები ღმერთის საჩუქარია და ფორუმ 18-თან საუბარში მან აღნიშნა: „ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ ადგილობრივი რეგისტრაციის განყოფილებას რათა გაგვერკვია თუ რა უფლება ჰქონდათ მათ ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში ჩარეულიყვნენ. მათ მიგვანიშნეს, რომ ისინი ზეწოლას განიცდიდნენ ზემოდან. როდესაც მათ მითხრეს შემერჩია ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ან მწერლის სახელი მე მათ ვუპასუხე, რომ ლუკა, როგორც სახარების ერთ-ერთი ავტორი კვლავაც ცნობილი იქნება მაშინ, როდესაც ყველა პოეტი და მწერალი დიდი ხანია დავიწყებას მიეცნენ“. ეს ის ბოლო შემთხვევაა, როდესაც უარს აცხადებენ ქრისტიანული სახელების რეგისტრაციაზე.

დაბადების მოწმობის გარეშე ადამიანს არ შეუძლია წავიდეს საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, არ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს საავადმყოფოში ან წავიდეს საზღვარგარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არსებობს, 18 თვის ლუკა აივაზოვი რეალურად არსებობის საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. 26 ნოემბერს ახალი ამბების სამსახურმა, ფორუმი 18 იხილა, თუ როგორ იცინოდა, ტიროდა და მშობლების ტელეფონით თამაშობდა პატარა ლუკა თავიანთ სახლში, სოფელ ალიაბადში, რომელიც მდებარეობს ზაქათალას ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში საქართველოს საზღვართან ახლოს. მიუხედავად ლუკას მშობლების (რომლებიც ბაპტისტური ეკლესიის მიმდევარნი არიან) მრავალგზის მცდელობისა, ადგილობრივი სამოქალაქო რეგისტრაციის განყოფილება გამუდმებით უარს ეუბნება მათ დაბადების მოწმობის გაცემაზე, რადგან არ სურთ ქრისტიანული სახელის მქონე ბავშვის რეგისტრაცია. „ჩვენ გვაქვს წერილები სოფლის მაცხოვრებლებისაგან და მათი 98 პროცენტი ქრისტიანული სახელების რეგისტრაციის წინააღმდეგია“,- განუცხადა ფორუმ 18-ს ზაქათალას რეგიონული ცენტრის ადგილობრივი სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისის თანამშრომელმა აიბენიზ კალაშოვამ 1 დეკემბერს.

„ეს სასაცილოა“,- აღნიშნა დედაქალაქ ბაქოს ქრისტიანული საზოგადოების წევრმა, რომელიც იურიდიულ სფეროში მუშაობს, როდესაც მან შეიტყო ზაქათალას რეგიონის პრობლემის შესახებ. „შეგიძლია შენს შვილს „კომუნისტი“ ან „ტრაქტორი“ დაარქვა“,- თქვა მან ფორუმ 18-თან ინტერვიუში 29 ნოემბერს. „რატომ არ შეიძლება ქრისტიანული სახელის დარქმევა?“ . სხვადასხვა რწმენის მიმდევრებმა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ადამიანებმა  ფორუმ 18-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ არა აქვთ რაიმე ინფორმაცია მსგავსი შეზღუდვების შესახებ აზერბაიჯანის ნებისმიერ სხვა ნაწილში, იმ რეგიონებშიც კი, რომლებშიც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

„ლუკა არ არის აზერბაიჯანული სახელი“,- უთხრა ფორუმ 18-ს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომლებმა მეჰმან სოლთანოვმა 1 დეკემბერს, “რატომ შეარჩიეს მშობლებმა ქრისტიანული სახელი?“. სოლთანოვმა, რომელმაც ლუკას მამას, ნოვრუზ აივაზოვს მისწერა წერილი 5 აპრილს იმასთან დაკავშირებით, რომ მან „შესაბამისი განკარგულება“ გასცა კალაშოვას ოფისში,  ფორუმ 18-ს უთხრა, რომ ბავშვის სახელი შეარჩიეს არა მშობლებმა, არამედ „რომელიღაც რელიგიურმა სექტამ“.

მართლაც, ნოვრუზ აივაზოვისადმი 1 მაისს გაცემულ პასუხში, რომელიც ფორუმ 18-მა იხილა, კალაშოვა ჩიოდა, რომ „1989-90 წლებში ქვეყანაში არსებული ქაოსისა და ანარქიის განმავლობაში სოფელ ალიაბადში ჩამოვიდნენ უცხოელი მისიონერები და სცადეს ჩაედინათ სუბვერსიული ქმედება და მოსახლეობაში გაევრცელებინათ ბაპტისტური სექტის ქრისტიანული რწმენა; სცადეს შეეცვალათ გვარები და სახელები ქართული და ქრისტიანული სახელებით, რითაც გააღვივეს სეპარატისტული გრძნობა და მოხდა ისე, რომ მეგობარი მეგობრის წინააღმდეგ განეწყო“. ის წერდა, რომ სოფლის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა ამ ქმედებების წინაღმდეგ. ის თხოვდა აივაზოვს „პატივი ეცა სოფელ ალიაბადის მკვიდრთა სურვილისათვის“.

კალაშოვამ უარი განაცხადა განემარტა ფორუმი 18-ისათვის, თუ რატომ უნდა მოეხდინა გავლენა სოფლის სხვა მაცხოვრებლების ჩივილს აივაზოვის უფლებაზე რეგისტრაციაში გაეტარებინა თავისი შვილი იმ სახელით, რომელიც მან და მისმა მეუღლემ შეარჩიეს. „რატომ ერევით აზერბაიჯანის შიდა საქმეებში?“- ჰკითხა მან ფორუმ 18-ს.

მეორე ინტერვიუს დროს, 1 დეკემბერს, სოლთანოვმა უთხრა ფორუმ 18-ს, რომ ის დაელაპარაკა ზაქათალას სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისის თანამშრომელ კალაშოვას, ლუკას მშობლები კიდევ ერთხელ უნდა წასულიყვნენ ოფისში და ისინი  მიიღებდნენ ბავშვის დაბადების მოწმობას. „ახლა მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ“, - აღთქმა დადო მან.

ბავშვების დაბადების რეგისტრაცია აზერბაიჯანში ხდება იმ ადგილზე, სადაც ბავშვის მშობლები ცხოვრობენ და არიან რეგისტრირებულნი. როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები და ალიაბადის რეგისტრირებული მაცხოვრებლები, აივაზოვების წყვილი შეეცადა ლუკას დაბადება რეგისტრაციაში გაეტარებინათ სოფლის ადგილობრივ ადმინისტრაციაში, სადაც პირველად მიიღეს უარი. იგივე პასუხი მიიღეს ზაქათალას რეგიონალურ ადმინისტრაციაშიც და აღნიშნული საკითხით მათ მიმართეს სოლთანოვს იუსტიციის სამინისტროში, ბაქოში.

“ჩვენ ვუთხარით ოფიციალურ პირებს, რომ გადავწყვიტეთ ჩვენი შვილისთვის ლუკა დაგვერქმია, მაგრამ მათ უარი განაცხადეს ამ სახელის რეგისტრაციაზე და მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩვენ ქრისტიანობას ვავრცელებდით”,- იხსენებს ნოვრუზ აივაზოვი. „ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ მათ, რათა გაგვერკვია თუ რა მოტივით ერეოდნენ ისინი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. მათ მიგვანიშნეს, რომ ისინი ზეწოლას განიცდიდნენ ზემოდან“.

ნოვრუზ აივაზოვი ამბობს რომ ბავშვი ღმერთის საჩუქარია. „როდესაც მითხრეს ბავშვისთვის ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ან მწერლის სახელი დამერქმია, მე ვუპასუხე, რომ ლუკა როგორც სახარების ერთ-ერთი ავტორი კვლავ ცნობილი იქნება მაშინ, როდესაც ყველა პოეტი და მწერალი დიდი ხანია დავიწყებულნი არიან“.

ფორუმ 18-თან საუბარში 27 ნოემებერს სოფლის ადმინისტრაციის ოფისში სოფლის ხელმძღვანელმა გასიმ ორუჯოვმა განაცხადა, რომ ქრისტიანული სახელების რეგისტრაციზე უარის თქმის პრობლემა მოგვარებულია. „სამოქალაქო რეგისტრაციის განყოფილებამ გამოასწორა სიტუაცია გასულ წელს“,- განაცხადა მან (რაც სიმართლეს არ შეესაბამება), „ეს უკვე აღარ არის პრობლემა“. როდესაც მას შევახსენეთ რომ ლუკა აივაზოვს არ აძლევდნენ დაბადების მოწმობას მან თქვა: „მოვიდნენ მისი მშობლები. მე  მივცემ მათ ამ მოწმობას“. მაგრამ როდესაც ნოვრუზ აივაზოვი მივიდა მის ოფისში 29 ნოემბერს ორუჯოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ზაქათალას რეგიონალურ ოფისს უნდა მიეღო.

აივაზოვების ოჯახი - ისევე როგორც ალიაბადის 10 000 მკვიდრთა უმრავლესობა - ინგილოთა, ეთნიკურ ქართველთა უმცირესობას მიეკუთვნება, რომლებიც რამოდენიმე საუკუნის წინ მოაქციეს ისლამის რჯულზე. სოფლის მეჩეთი არის ერთადერთი რეგისტრირებული რელიგიური საზოგადოება რამდენადაც არსებულ სამი პაბტისტური საზოგადოება რეგისტრირებული არ არის.

მას შემდეგ რაც ქრისტიანობამ ფეხი მოიკიდა სოფელში დაახლოებით ათი წლის წინ, ქრისტიანობის მიმდევრები ძლიერ ზეწოლას განიცდიდნენ სოფლის ხელისუფლებისაგან. თუმცა ის ეკლესია, რომელსაც აივაზოვების ოჯახი მიეკუთვნება არის ბაპტისტური ქსელის ნაწილი, რომელიც პრინციპულად აცხადებს უარს რეგისტრაცია გაიაროს ხელისუფლებაში ნებისმიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, სადაც კი იგი ფუნქციონირებს, ორ დანარჩენ ბაპტისტურ საზოგადოებას ალიაბადში გამუდმებით უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე.

„დაბადების მოწმობის გარეშე ლუკა ვერ შეძლებს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლას, ვერ შეძლებს საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს საავადმყოფოში ან იმოგზაუროს საზღვარგარეთ“,- უთხრა ფორუმ 18-ს 26 ნოემბერს ზაურ ბალაიევმა, ერთ-ერთი იმ ბაპტისტური საზოგადოების პასტორმა, რომელიც ცდილობს რეგისტრაციას. მან აღნიშნა, რომ ლუკას შემთხვევა არის უბრალოდ ერთ-ერთი ბოლო მსგავსი შემთხვევების დიდ ჯაჭვში, როდესაც მშობლებს უარს ეუბნებიან იმ ბავშვების რეგისტრაციაზე რომელთაც ქართული ან ქრისტიანული სახელი დაარქვეს.

ნოვრუზ აივაზოვმა თქვა, რომ როდესაც მესამე ბავშვი შეეძინა, მას 3 თვე დასჭირდა, რომ ბავშვის დაბადება დაერეგისტრირებინა სახელით მოისეი (მოსე).

მეორე ადგილობრივმა ბაპტისმა, რამიზ ოსმანოვმა აღნიშნა 27 ნოემბერს ფორუმ 18-თან საუბარში, რომ სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისში მის ვაჟს დანიელს (რომელიც ახლა სამი წლის არის) მხოლოდ მაშინ მისცეს დაბადების მოწმობა, როდესაც ის უკვე ექვსი თვის იყო. ოსმანოვმა თქვა, რომ ის იძულებული იყო მიემართა ოფიციალური პირებისათვის ბაქოში, რათა აეღო ბავშვის დაბადების მოწმობა. ბაპტისმა პასტორმა ჰამიდ შაბანოვმა უთხრა ფორუმ 18-ს, რომ სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისში უარი განაცხადეს მისი შვილიშვილის რეგიტრაციაზე, რადგან მშობლებს სურდათ ბავშვისთვის სამსონი დაერქმიათ. ბოლოს  მშობლებმა შეარჩიეს სახელი დაუდი (დავითი),  რადგან იცოდნენ რომ ვერასოდეს მიიღებდნენ ბავშვის დაბადების მოწმობას თუ მას სამსონს დაარქმევდნენ.

მეზობელი კახის რეგიონის ქართული მართლმადიდებლური უმცირესობის წევრებმა უთხრეს ფორუმ 18-ს კახის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 27 ნოემბერს, რომ მათ არ ექმნებათ პრობლემა ქართული რელიგიური სახელებით ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ალიაბადის ბაპტისტების მიხედვით, მსგავსი პრობლემები არ არსებობს არც ბალაქანის და არც ზაქათალას რეგიონში, რომლებშიც ასევე ცხოვრობს ინგილო უმცირესობა.

ბალაიევმა აღნიშნა, რომ მეზობელი საქართველოს აზერბაიჯანული დიდი უმცირესობის წარმომადგენელებს არ ექმნებათ პრობლემები და შეუძლიათ თავისუფლად შეარჩიონ თავიანთი ბავშვების სახელები.

ფელიქს კორლი, ახალი ამბების სამსახური, ფორუმი 18
სტატია დაიბეჭდა „ფორუმ 18“-ის მიერ 2004 წლის 1 დეკემბერს
http://www.forum18.org/Archive.php?article_id=466 

ახალი ამბები