კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო „მაქინაციები“ აზერბაიჯანულ თეატრში

30 მარტი, 2005

უკანონო „მაქინაციები“ აზერბაიჯანულ თეატრში

ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ რამოდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში აზერბაიჯანული თეატრი დაარსდა, რომელშიც სპეციალურად მომზადებული აზერბაიჯანელი ეროვნების მსახიობების ნაცვლად, გამოუცდელი სტაჟიორები არიან, რომელთაც რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, საერთოდ არ იციან აზერბაიჯანული ენა. სამხატვრო ხელმძღვანელის არაპროფესიონალიზმით უკმაყოფილო აზერბაიჯანელი მსახიობები უარს ამბობენ თეატრში მუშაობაზე, ზოგ მათგანს კი უკანონოდ ათავისუფლებენ. საქართველოში აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრის დაარსების მიზანი, ერთის მხრივ, აზერბაიჯანული კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციების გაცნობას და მეორეს მხრივ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხისათვის საკუთარი თეატრის დაარსებას ითვალისწინებდა.

1998-2002 წლებში საქართველოს და აზერბაიჯანის ქვეყნების პრეზედენტებს შორის დადებული შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხებოდა 10 აზერბაიჯანელი სტუდენტი, რომლებიც უნდა მომზადებულიყვნენ აზერბაიჯანული თეატრის დაარსებისა და აზერბაიჯანული კულტურის აღორძინებისათვის. 2002 წელს აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა დაამთავრეს ქ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და 2004 წელს უნდა დაეწყოთ მუშაობა აზერბაიჯანულ თეატრში, რომელიც ამ პერიოდში დაარსდა.

ზემოთაღნიშნული ათი აზერბაიჯანელი სტუდენტიდან თეატრში მხოლოდ ოთხი მსახიობია ოფიციალურად მიღებული. თეატრის ჩამოყალიბების პერიოდში ერთ-ერთი აზერბაიჯანელი საზღვარგარეთ გაემგზავრა, ხოლო დანარჩენი მსახიობებიდან რამოდენიმემ უარი განაცხადა თეატრში მუშაობაზე იმის გამო, რომ სამხატვრო რეჟისორი არ იყო პროფესიონალი და მისი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა მის მიერ დაკავებულ თანამდებობას.

საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული დიასპორა კარგად იცნობდა ბატონ ანზორ დოლენჯაშვილს, რომელიც თავიდანვე მოიაზრებოდა აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს მიერ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა ირაკლი აზიკური, რომლის პროფესია (მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული) და კვალიფიკაცია, როგორც მსახიობები ამტკიცებენ, არ შესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ თეატრის დირექცია დანიშნულ იქნა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან, საქართველოს აზერბაიჯანულ ინტელიგენციასთან შეუთანხმებლად.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანული დიასპორის წარმომედგენლებმა 2004 წლის დეკემბერში განცხადებით მიმართეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, სადაც ირაკლი აზიკურის გათავისუფლებასა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანზორ დოლენჯაშვილის დანიშვნას ითხოვდნენ, რადგან დასის მსახიობები უკმაყოფილონი იყვნენ სამხატვრო ხელმძღვანელის არაპროფესიონალიზმით, რაც ხშირად განაპირობებდა კონფლიქტსა და უთანხმოებას მათ შორის. დაპირისპირების შედეგად, ხელმძღვანელობის მიერ სამსახურიდან გაათავისუფლებულ იქნენ თეატრალური დასის მსახიობები, ნამიგ გაჯიევი და ნამიკა მუსაევი, რომელთაც გათავისუფლების შესახებ ბრძანება თეატრის დირექტორის, ა. ჰასანოვის მიერ კანონის უხეში დარღვევით იქნა მიღებული. 

„ჩვენთვის მთავარია თეატრის დასი დაკომპლექტდეს პროფესიონალი ადამიანებით და თუ ვინ იქნება მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელისთვის, რაც ვფიქრობთ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი გახდა“, - განაცხადეს ნამიგ გაჯიევმა და ნამიკა მუსაევმა.

არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ თეატრის ხელმძღვანელობა ახორციელებს უკანონო ფინანსურ ოპერაციებს. კერძოდ, საქმე ეხება საშტატო უწყისში გაფორმებულ ადამიანებს, რომელთა ვინაობაც არავინ იცის. როგორც აზერბაიჯანელი მსახიობები აცხადებენ, მათ არაერთხელ მოითხოვეს საშტატო უწყისი, რათა გაერკვიათ შტატის შემადგენლობა, მაგრამ უარი განუცხადეს. „მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად დავდიოდით თეატრში მხოლოდ 15 ადამიანს ვიცნობთ, ვინც იქ მუშაობს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, თეატრი დაახლოებით 52 შტატისაგან შედგება“,- განაცხადეს გაჯიევმა და მუსაევმა, რომლებიც ითხოვენ, რომ ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმოს დოკუმენტები და გამოიძიოს თეატრში არსებული ფინანსური მდგომარეობა.
 
სამსახურიდან გათავისუფლებული აზერბაიჯანელი მსახიობები აპირებენ სასამართლოს გზით დაიცვან საკუთარი უფლებები და აღდგენილ იქნენ სამსახურში. მათ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და მათ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაიცავს.
 

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები