კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ISFED ცესკოს წევრების შერჩევის პროცესით უკმაყოფილოა

6 ივნისი, 2005

ISFED ცესკოს წევრების შერჩევის პროცესით უკმაყოფილოა

ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკლია სიცხადე და გამჭვირვალობა
 

ISFED (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის) გამოთქვამს შეშფოთებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევით გამოწვეული საზოგადოებრივი უნდობლობისა და დაპირისპირების გამო. აქ ჩვენ გამოვყოფდით ორ ძირითად პრობლემას:
 
შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე:
 
საქართველოს ერთიანი საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2005 წლის 25 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება #401 ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებას არ მიეცა საკმარისად საჯარო სახე და საზოგადოებამაც არ იცოდა, ვინ იყვნენ კომისიის წევრები.
 
პროცესის გაუმჭვირვალობა ძირითადად საკონკურსო კომისიის საქმიანობას უკავშირდება.
 
კომისიას არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია თავისი სხდომების დროისა და ადგილის შესახებ, რასაც შეეძლო, ხელი შეეშალა დაინტერესებული სუბიექტებისათვის, განსაკუთრებით კი კანდიდატებისა და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისათვის, დასწრებოდნენ მათ სხდომებს და დაკვირვებოდნენ პროცესს.
 
უცნობი რჩება საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატების ოფიციალური რაოდენობა და სახელები, რადგანაც არც კომისიამ და არც პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არ გამოქვეყნებულა არც პრეზიდენტისათვის წარდგენილი და არც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის ნომინირებული კანდიდატების ბიოგრაფიები.
 
გაურკვეველია შერჩევისას გამოყენებული კრიტერიუმები.
 
ყოველგვარი გაურკვევლობა კანდიდატთა შერჩევისას გამოყენებული კრიტერიუმების თაობაზე გამოწვეულია ერთიანი საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლებით. 
 
პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია შედგება 5 წევრისაგან: სამი მათგანი წარმოადგენს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ორი კი – სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, საარჩევნო კოდექსი არ განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის წევრთა შესარჩევ კრიტერიუმებს. გაუგებარია, რომელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია პრეზიდენტმა კომისიის წევრები, რადგან მათ უმრავლესობას არა აქვს სათანადო საარჩევნო გამოცდილება, რაც საშუალებას მისცემდა კომისიას, შეერჩია ცესკოს წევრობის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატები.
 
საკონკურსო კომისიამ ბევრი განცხადება მიიღო: 483 კანდიდატი იყო წარდგენილი ცესკოს წევრების და 32 _ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ უპარტიო მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, აქვს მინიმუმ სამი წლის შრომითი გამოცდილება და სარგებლობს დადებითი რეპუტაციით საზოგადოებაში, შეეძლო ცესკოს წევრობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა. კანდიდატების წარდგენის ვადა 24 მაისს ამოიწურა.
 
კანონით დადგენილი ზოგადი კრიტერიუმები კანდიდატთა დიდმა რაოდენობამ დააკმაყოფილა. კომისიას არ განუსაზღვრავს, ან თუ განსაზღვრა, არ გამოუცხადებია უფრო დეტალური კრიტერიუმები და შიდა პროცედურები, რომლებიც, შესაძლოა, კანდიდატების შესარჩევად ყოფილიყო გამოყენებული. კომისიას შეეძლო, მაგალითად, განემარტა, რა იგულისხმება “საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობაში,” რის ახსნასაც საარჩევნო კოდექსი არ იძლევა. კომისიას რომ განესაზღვრა და გამოექვეყნებინა ეს კრიტერიუმები და პროცედურები, საზოგადოების ნდობა მოცემული პროცესისადმი უფრო მაღალი იქნებოდა.
 
გარდა ამისა, იმის გამო, რომ პრეზიდენტს 29 მაისს უნდა წარედგინა პარლამენტისათვის ცესკოს წევრობის კანდიდატები, საკონკურსო კომისიას მხოლოდ 4 დღე ჰქონდა კანდიდატების შესარჩევად და პრეზიდენტისათვის წარსადგენად.  ჩვენი აზრით, დროის სიმცირემ უარყოფითი გავლენა იქონია კომისიის მუშაობაზე. გაურკვევლი რჩება, როგორ შეძლო კომისიამ 4 დღეში 515 განაცხადის შესწავლა და ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს წევრთა კომპეტენტური შერჩევა, როგორიც ცესკოა.   
 
გარდა ამისა, ბუნდოვანია საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან რომელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია პრეზიდენტმა პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი 13 კანდიდატი _ იყო ეს მათი საარჩევნო გამოცდილება, შრომითი გამოცდილება თუ “დადებითი რეპუტაცია საზოგადოებაში.” რაც შეეხება ამ უკანასკნელს, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არცერთი კანდიდატი არ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის.
 
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, 2005 წლის აპრილში ერთიან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სათანადოდ რომ განეხილა ISFED-ის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და კომენტარები. უფრო მეტიც, იურიდიულმა კომიტეტმა დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი და არც კი განიხილა ISFED-ის საკანონმდებლო წინადადება ცესკოს დაკომპლექტების წესის შესახებ. იმის გამო, რომ არ იქნა გათვალისწინებული ბევრი საგულისხმო რეკომენდაცია და, შესაბამისად, არ იქნა უზრუნველყოფილი ცესკოს კანდიდატთა შერჩევის პროცედურული გამჭვირვალობა, განხორციელებულმა შერჩევამ გამოიწვია დიდ უნდობლობა და დაპირისპირება საზოგადოებაში. ყველაფერ ამის გამო კი საფრთხის ქვეშ დადგა მომავალი არჩევნების სამართლიანობა საქართველოში.   

ISFED, 3 ივნისი, 2005 წ.

ახალი ამბები