კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის რწმუნებულის ზღვარგადასული ქმედებები

10 ივნისი, 2005

შიდა ქართლის რწმუნებულის ზღვარგადასული ქმედებები


 
რწმუნებული ხელისუფლებას იმიჯს ულახავს, საზოგადოებაში - ნდობას კარგავს

შიდა ქართლი მედიისა და პრესის თავისუფლების მხრივ სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება. ყოველი მასალა, რომელსაც გორში ჟურნალისტები ამზადებენ პრესისა თუ ტელევიზიისათვის ცენზორის - მიხეილ ქარელის ხელში „იწმინდება“. ის ჟურნალისტები კი, რომლებიც ცდილობენ ობიექტურად  გააშუქონ რეგიონში არსებული მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში არ ერიდებიან ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის მიხეილ ქარელის კრიტიკას, მუქარების, გაფრთხილებებისა და ზეწოლის მსხვერპლნი ხდებიან და ხშირად სამსახურს კარგავენ. შიდა ქართლის რწმუნებულის ქმედებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, როდესაც მან „ახალი ვერსიის“ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა.
 
შიდა ქართლში თვითცენზურაა გამეფებული და  ჟურნალისტების გარკვეული კატეგორია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის, რაც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიხატება სამსახურიდან დათხოვნით, მუქარებითა თუ სხვა ფორმით. რეგიონში აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასურველ და არასასურველი ჟურნალისტებად დაყოფისა. არასასურველ ჟურნალისტთა რიცხვს მიეკუთვნებიან „რუსთავის 2“-ის კორესპონდენტი გოგა აფციაური, მისი მეუღლე ტელეკომპანია მზის კორესპონდენტი, ნათია ომაძე, გაზეთ „ახალი ვერსიის“ ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი, ასევე „ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტები და სხვ.  

„ახალი ვერსიის“ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილსა და შიდა ქართლის რწმუნებულს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნდა სერია სტატიებისა, რომელშიც ის შიდა ქართლის რწმუნებულს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სტატიები ეხებოდა მიხეილ ქარელის ბიზნეს ინტერესებს კონტრაბანდული საქონლის ბიზნესში, სადაც ჟურნალისტმა გააშუქა ინფორმაცია, რომ სოფელ ტყვიავში მიხეილ ქარელისა და ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავები კონტრაბანდული საქონლის ბიზნესს ვერ იყოფენ, რამაც მათ შორის სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.

ჟურნალისტმა გააშუქა მასალები რწმუნებულის ფონდში ჩარიცხული თანხების საეჭვო წარმომავლობის შესახებ, სადაც კოლოსალური თანხებია წარმოდგენილი, რომელსაც სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირი მიუხედავად მათი ფინანსურად არც თუ სახარბიელო მდგომარეობისა, რწმუნებულის ფონდში სოლიდურ თანხებს რიცხავდნენ. ჟურნალისტი სვავდა კითხვებს თუ რა იყო ამ ფირმების  მოტივაცია თანხების შემოწირულობების სახით ჩარიცხვისას; ხომ არ აქვს ადგილი ზეწოლასა და დაშანტაჟებას?!

„მიხეილ ქარელი შიდა ქართლში მცირე მეწარმეებს არეკეტებს და მუქარისა და შანტაჟის გზით ავსებს საკუთარ ფონდს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ანგარიშწორებით ემუქრება, მათ შორის დაპატიმრებითაც. ვინც გადაიხადა ფული ფონდში იმას შეუნარჩუნეს საწარმო, ხოლო ვინც უარი განაცხადა - მას აპატიმრებდნენ“, - განაცხადა საბა წიწიკაშვილმა და დაამატა, რომ ის პირადად იცნობს გორის ბაზრის დირექტორს ჯემალ წიკლაურს, რომელიც 4 თვე წინასწარ პატიმრობაში  იმყოფებოდა, რადგან უარი განაცხადა რწმუნებულისთვის ბაზრის გადაცემაზე.

მიხეილ ქარელის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ რწმუნებული პირადად ურეკავდა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს და ემუქრებოდა, რომ შეეწყვიტა მასზე წერა. ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ რედაქტორის თანამდებობიდან საბა წიწიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ, რასაც ჟურნალისტი რწმუნებულს უკავშირებს, შიდა ქართლის რწმუნებული საერთოდ ტელეარხიდან მის გათავისუფლებას ითხოვდა და რედაქციაშიც რეკავდა ამის თაობაზე. „ახალი ვერსიის“ რედაქციაში იგივე მოთხოვნით დაუკავშირდა გაზეთის ხელმძღვანელობას, თუმცა მის წინააღმდეგ არსებული მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები ვერ გააბათილა და რედაქციამ უარი განაცხადა ჟურნალისტის გათავისუფლებაზე.

დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია სოფელ უფლისციხეში, როდესაც იქ მომხდარი წყალდიდობებისა და სოფელში არსებული მდგომარეობის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტს რწმუნებულმა საბა წიწიკაშვილს არ მისცა სოფელში გადასვლის საშუალება და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დაცვამ მანქანიდან იძულებით გადმოიყვანა, რისი თვითმხილველები იქ მყოფი მოსახლეობა და ჟურნალისტები იყვნენ.

როგორც ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი აცხადებს, არასასურველი ჟურნალისტების ჩამოცილება ხდება ადგილობრივ ტელეკომპანიებშიც, გაზეთებში, რასაც მიხეილ ქარელი უშუალოდ ახორციელებს სატელეფონო ზარების მეშვეობით. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს არასასურველი და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ჩამოსცილდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას. წიწიკაშვილის თქმით, ჟურნალისტებს დაბრკოლებები ექმნებათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საკუთარი ფუნქციების შესრულებისას - რთულდება საჯარო ინფორმაციის მიღება და არის მცდელობები ჟურნალისტების სრულ იზოლაციაში მოხვედრისა.

შიდა ქართლის რწმუნებული მიხეილ ქარელი არ მალავს აღშფოთებას და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების მექანიზმებს იყენებს  ჟურნალისტების მიმართ, თუ მათ მიერ გაშუქებული ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ან პრესაში განთავსებული სტატია მისთვის არასასურველია ან რწმუნებულის კრიტიკას ეხება.

„რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი გოგა აფციაური ტელეკომპანიაში მას შემდეგ აღარ მუშაობს, რაც მის მიერ პირდაპირ  ეთერში გაშუქებულმა ინფორმაციამ შიდა ქართლის რწმუნებულის გაღიზიანება გამოიწვია. საქმე ეხება რამოდენიმე თვის წინ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საჩუქრის სახით სასუქის გადაცემას, როდესაც ოსურმა მოსახლეობამ უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებისგან აღნიშნულ დახმარებაზე, რაც გაშუქდა „რუსთავის 2“-ის ეთერში აღნიშნული ჟურნალისტის მიერ. რწმუნებულმა უშუალოდ გააკრიტიკა ჟურნალისტის მიერ გაკეთებული რეპორტაჟი და პირადად განუცხადა თავისი უკმაყოფილება. 

ზეწოლა განხორცილდა ასევე ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტ ნათია ომაძეზე, როდესაც მან პირდაპირ ეთერში ჩართო თავისი მეუღლე, გოგა აფციაური, რომელმაც შიდა ქართლში კონტრაბანდული საქონლის მოძრაობის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „მზის“ შიდა ქართლის ბიუროს დახურვა  მოხდა მასშემდეგ, რაც ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიერ გადაღებულ იქნა მასალა, რომელიც ეხებოდა გორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში აღმოჩენილ კონტრაბანდულ საქონელს და რომელიც მიხეილ ქარელის ნათესავებს ეკუთვნოდათ. ვიდეომასალაში გამახვილებული იყო ყურადღება აღნიშნულ საკითხში შიდა ქართლის რწმუნებულის ბიზნეს ინტერესებზე, რამაც მიხეილ ქარელის გაღიზიანება და მოგვიანებით „მზის“ შიდა ქართლის ბიუროს დახურვა განაპირობა.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები