კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ სდევნის თურქეთი თავის მოქალაქეს?!

14 ივლისი, 2005

 რატომ სდევნის თურქეთი თავის მოქალაქეს?!

2005 წლის 2 თებერვალს თბილისის აეროპორტში საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს  ქურთი ეროვნების თურქეთის მოქალაქე დურსუნ ალი ქუჩუკი. თურქეთის მოთხოვნას მისი ექსტადიციის შესახებ, საქართველოს მხარემ დასაბუთებული უარი განუცხადა და იგი დღესაც ორთაჭალის N1 საპყრობილეში იმყოფება.

დურსუნ ალი ქუჩუკი ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო ქურთების განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ის მათი სულიერი ლიდერი იყო. მისივე განმარტებით, გარკვეული კავშირები ჰქონდა ოჯალანთან, თუმცა იგი მათ ჩამოშორდა, რადგან წინააღმდეგი იყო ტერორისტული აქტებისა და დივერსიებისა.

ამის გამო, დურსუნ ალი ქუჩუკი ორმაგი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ერთის მხრივ თურქეთის სახელმწიფო დასდევდა დასაჭერად მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ხოლო მეორეს მხრივ, ქურთების ნაწილი ეძებდა მოსაკლავად, იმის გამო, რომ მიატოვა მათი მოძრაობა და ტერორისტული აქტების  წინააღმდეგი იყო.

თურქეთისთვის ეს პიროვნება მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც 1977 წელს დურსუნ ალი ქუჩუკი დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ რეალური ბრალდებები ვერ წაუყენეს, 16 წელი იჯდა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ 1993 წელს უსაფრთხოების გამო იძულებული გახდა თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა. დურსუნ ალი ქუჩუკმა და მისმა მეუღლემ სონგულ ქუჩუკმა გერმანიას შეაფარეს თავი. მათ გერმანიაში მოითხოვეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. გერმანიამ საფუძვლიანად მიიჩნია მათი მოთხოვნა და მიანაჭა ლტოლვილის სტატუსი.

დურსუნ ალი ქუჩუკი გერმანიაშიც განაგრძობდა იდეოლოგიურ საქმიანობას. თუმცა, იმის გამო, რომ გერმანაში საკმაოდ ძლიერი იყო თურქული დიასპორა, რომელიც აგრძელებდა მის დევნას, იგი, უსაფრთხოების მიზნით, იძულებული გახდა გერმანიაც დაეტოვებინა. სახელმწიფომ გაუფრთხილებლად წასვლის გამო ლტოლვილის სტატუსი მოუხსნა. ამის შემდეგ ქუჩუკი მთელი 10 წლის განმავლობაში თურქეთ-ერაყის ტერიტორიებზე საქმიანობდა.

2005 წლის იანვარში მან გადაწყვიტა გერმანიაში ჩასვლა, რადგან დიდი ხანი მეუღლე არ ჰყავდა ნანახი. ამიტომ ქუჩუკი ჯერ სომხეთში ჩავიდა, სადაც პასპორტის არქონის გამო გააკეთა ყალბი პასპორტი, რათა საქართველოს გავლით მოეხერხებინა გერმანიაში ჩასვლა.

თუმცა, თბილისის აეროპორტში 2005 წლის 2 თებერვალს ქართველმა სამართალდამცავებმა დურსუნ ალი ქუჩუკი დააკავეს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ყალბი პასპორტის გამო. მან აღიარა დანაშაული. ქუჩუკმა უთხრა სამართალდამცავებს, რომ იყო თურქეთის მოქალაქე. გამოძიებამ დაბალი სანქციის მიუხედავად დააკავა და ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთის მხარეს შეატყობინეს ამ პიროვნების დაკავება.

დურსუნ ალი ქუჩუკის ადგილსამყოფელის გაგების შემდეგ, თურქეთის მხრიდან იქნა გამოგზავნილი მოთხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი ექსტრადიციის შესახებ, რაზეც გამოძიებამ მოტივირებული დადგენილებით უარი უთხრა. თურქეთი უფრო აქტიურდება და იგივე მოთხოვნას უშვებს საქართველოს ინტერპოლში, საიდანაც ასევე უარს იღებს.

იმ შემთვევაში, თუ ქუჩუკი საქართველოში მოიპოვებდა ლტოლვილის სტატუსს, ექსტადიციას აღარ დაექვემდებარებოდა, ამიტომ დურსუნ ალი ქუჩუკმა და მისმა ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ თხოვნით მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამავე მოთხოვნით მიმართეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს. გაერომ მხარი დაუჭირა და 2005 წლის 16 მაისს მიანიჭეს ლტოლვილის მაძიებლის სტატუსი. მოიგვიანებით კი იგივე სტატუსი მიიღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან. აღსანიშნავია, რომ მაძიებლის სტატუსს გააჩნია 4 თვიანი ვადა, რომლის ხელახალი განხილვის შემდეგ გადაწყვება საბოლოოდ მიენიჭოს თუ არა ლტოლვილის სტატუსი.

დურსუნ ალი ქუჩუკის ადვოკატი აცხადებს, რომ „მაძიებლის სტატუსის მიღების შემდეგ დაბალი სანქციის გამო შესაძლებელი იყო გაეთავისუფლებინათ ქუჩუკი“, თუმცა იგი დღესაც პატიმრობაში იმყოფება.

ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა: “მე წერილობითი თხოვნით მივმართე სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ნოზაძეს, რომ მალე ჩატარდეს სასამართლო პროცესი, რადგან ამ პიროვნების ციხეში ყოფნას აზრი დაეკარგა. კანონში, რომელიც საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ითვალისწინებს, იქვე შენიშვნაა, რომ ბრალდებული რომელიც კანონით დადგენილი წესით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი ის თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან“.

ეკა დათუნაშვილი

 

ახალი ამბები