21:28, Tuesday, 11.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყაჩაღობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

25.07.2005
ყაჩაღობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?!



მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “თეთრი სახლის” სიახლოვეს ავტომობილით მიმავალ ხაშურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 8 ნიღბოსანმა განახორციელა. აღნიშნული ფაქტის გამო მწვავე განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. „ჩემთვის ცნობილია, რომ ვალერი გელაშვილს დაახლოებით ორი კვირის წინ ტელეფონით დაემუქრნენ. მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. მართალია, გელაშვილმა ბოდიში მოიხადა, მაგარამ მუქარა მაინც აღასრულეს”.- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა თინა ხიდაშელმა. დაზარალებულის ორივე ყბა მოტეხილი აქვს და აღენიშნება სახის მძიმე დაზიანება.

დღის 2 საათზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “თეთრი სახლის” სიახლოვეს ავტომობილით მიმავალ ხაშურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას თავს დაახლოებით 8 ნიღბიანი დაესხა. მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ დაცვის წევრი მალხაზ ცხაკაია და გელაშვილის მამიდაშვილი, სამშენებლო ფირმა “ევრას” დირექტორი მეგი ლომიძე. მძიმედ დაშავდა თავად გელაშვილი, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაშია დაცვის წევრი. ქალბატონისთვის თავდამსხმელებს შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მას იარაღის მუქარით ერთ ადგილზე გაჩერება მოსთხოვეს, როდესაც გაქცევა დააპირა. ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2 “ოპელ-ომეგას” მარკის ავტომობილი პარლამენტარის მანქანას წინ გადაუდგა. თავდამსხმელებმა თან წაიღეს მეგი ლომიძის ხელჩანთა და გელაშვილის პირადი საბუთები.

მიუხედავად იმისა, რომ თავად დაზარალებული და მისი თანაპარტიელები გამორიცხავენ დაყაჩაღების ფაქტს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა ლევან ბეროძემ მომხდარი ფაქტიდან ერთ საათში, რამდენიმე მოწმის დაკითხვის შემდეგ, განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვას. გამოძიება სწორედ ამ ვერსიაზე აგრძელებს მუშაობას. თუმცა, ალბათ ბევრმა ნახა ის კადრები, სადაც დაფიქსირებულია, რომ საავადმყოფოში მყოფ ვალერი გელაშვილს მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა. თუ ეს ყაჩაღობა იყო, საინტერესოა, ქურდებს ჯაჭვის ბზინვარებამ თვალი არ მოსჭრა?

გელაშვილი 14 ივნისს, მეუღლის მანქანით მოძრაობდა, რადგან მისი დაჯავშნული ავტომობილი დილით არ დაიქოქა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 13 ივნისს გელაშვილი პატრულმა გააჩერა და შეამოწმა, რამდენი კაცი იყო მის პირად დაცვაში და რა იარაღი ჰქონდათ დაცვის თანამშრომლებს. დაზარალებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი სპეცსამსახურის ნამუშევარი იყო. იგი მომხდარს თავის სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებს უკავშირებს. მან თავდამსხმელებში შსს მეშვიდე განყოფილების ოპერი ამოიცნო.

ვალერი გელაშვილს სამ სართულიანი ფეშენებელური სახლი გააჩნია ავლაბარში, ალვანის 5 ნომერში, პრეზიდენტის მშენებარე რეზიდენციასთან. როგორც გაირკვა, აღნიშნული სახლი მან ხელისუფლებას გადასცა და სანაცვლოდ 4 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. სახელმწიფო დაკისრებულ ვალდებულებას თავს არიდებს. თუ სააკაშვილი დეპუტატის მოთხოვნას არ გაითვალიწინებს, გელაშვილი სახლის აუქციონის წესით გაყიდვას აპირებს. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, გელაშვილი ერთ-ერთი გაზეთის ინტერვიუში  შეურაცმყოფელი ფრაზებით ამკობდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირად ცხოვრებას.

აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციური პარტიების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიას შეეხება, რომლის წევრიც 2 თვის წინ გახდა ბიზნესმენი გელაშვილი. “მომხდარზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს” - სატალევიზიო ინტერვიუში განაცხადა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა. ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე უფრო ღიად  ადანაშაულებს მთავრობას: “ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი”.

ნიშანდობლივია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის კომენტარი, რომელიც მან “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მისცა: “ჩემთვის ცნობილია, რომ ვალერი გელაშვილს დაახლოებით ორი კვირის წინ ტელეფონით დაემუქრნენ. მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. მართალია, გელაშვილმა ბოდიში მოიხადა, მაგარამ მუქარა მაინც აღასრულეს”.

საგანგებო ბრიფირგი გამართეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა: გიგა ბოკერიამ და გიორგი არველაძემ. “ჩვენთვის ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მეტად პრინციპულია. სამართალდამცავი ორგანოებისგან ამ საქმის ბოლომდე გამოძიებას მოვითხოვთ‚ მითუმეტეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხელისუფლებისკენ ავტომატურად გამოიშვირეს ხელი”‚ – „მედიანიუსს“ განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ. პარლამენტარი გიორგი არველაძე ხელისუფლების კრიმინალიზაციის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს “ბინძურ განცხადებებს” უწოდებს: “ოპოზიცია მიზნად ისახავს‚ რომ ნებისმიერ საკითხზე ხელისუფლებას ჩირქი მოსცხოს. ეს მათი არჩევანია. ოპოზიციას შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს და ასეთი უსინდისო განცხადებები გააკეთოს‚ რასაც ჩვენ შევეჩვიეთ. ვიმედოვნებთ‚ რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.” (მედიანიუსი)

საავადმყოფოში დაზარალებული მმართველი პარტიიდან მხოლოდ   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მოინახულა. “როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინვე დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს. შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული უმოკლეს დროში გაიხსნას. მართლაც, აღმაშფოთებელია, როდესაც დეპუტატს შუადღისას ქუჩაში სცემენ. უფრო უარესი შეიძლება დაემართოს უბრალო მოქალაქეს”, - განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბრისას ნინო ბურჯანაძემ.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გელაშვილი თავდაპირველად წმინდა მიქაელის საავადმყოფოში მოათავსეს. მას ორივე ყბა მოტეხილი აქვს, აღენიშნება სახის მძიმე დაზიანებაც. ამჟამად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცემი დეპუტატი სპეციალური ავიარეისით ვილნიუსში გადაიყვანეს. ის გამოჯანმრთელების შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.

რუსუდან ჯამასპიშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC