კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული თეატრი აზერბაიჯანული წნეხის ქვეშ

28 ივლისი, 2005

ქართული თეატრი აზერბაიჯანული წნეხის ქვეშ


კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში განთავსებული თეატრი, რომელსაც 2005 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა დღესაც არ ფუნქციონირებს. დასს რეპეტიციების ჩატარების საშუალება არ ეძლევა. კულტსახლის ადმინისტრაცია და, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებისაგან უყურადღებოდ დარჩენილმა თეატრის დასის წევრებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და კულტურის სახლის დირექტორს ოფელია ანდრიაშვილს კულტსახლში შესასვლელი კარი აურაზეს. დასის წევრები სოფლის მოსახლეობასთან ერთად დღეიდან საპროტესტო აქციების გამართვას იწყებენ, რათა ამ გზით მაინც მიიპყრონ კომპეტენტური ორგანოების ყურადღება და წერტილი დაესვას მათი პრობლემის მუდმივ იგნორირებას. მიუხედავად რეალობისა, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ილგარ ჯაფაროვი ჩვენთან საუბრისას ცდილობდა არსებული პრობლემის დაფარვას და უარყოფდა იმ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანში ქართული თეატრი არ ფუნქციონირებს. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა აღნიშნული პრობლემა ადგილზე შეისწავლა, სადაც პირველწყაროსაგან მიღებული ინფორმაცია და რეალური სურათი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბ-ნი ჯაფაროვის დაჟინებულ მტკიცებას.

ეგრეთ წოდებული ქართული „სახელმწიფო თეატრი“ ამ სტატუტის მიღებამდე აზერბაიჯანის სახალხო თეატრის სტატუსითა და საქართველოს დაფინანსებით ფუნქციონირებდა. მოყვარულთა წრე ჩამოყალიბდა 1980 წლიდან, ხოლო 1985 წელს მათ მიიღეს სახალხო თეატრის სტატუსი.

2000 წლამდე სანამ სახალხო თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ დოლენჯაშვილი იყო, თეატრი ყოველ სეზონზე დგავდა ახალ სპექტაკლს და ხდებოდა გასვლები არა მარტო აზერბაიჯანში რაიონის მასშტაბით, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც კი.

მას შემდეგ კი, რაც თეატრმა მიიღო სახელმწიფო სტატუსი, თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა. საქმე იმაშია, რომ ეს კულტურის სახლთან არსებული თეატრია, ხოლო მისი დირექტორი ოფელია ანდრიაშვილი დასს თეატრში არ უშვებს. კახში  ვიზიტისას ჩვენ გავესაუბრეთ დასის წევრებს, რომლებიც არ მალავენ უკმაყოფილებას: „თეატრის დირექტორად უნდათ ოფელია ანდრიაშვილს დანიშვნა. ჩვენ კი ვითხოვთ, რომ დაინიშნოს ჩვენი დასის წევრი ლალი შიოშვილი. მას პროფესიული განათლებაც ხელს უწყობს“.

ისინი ოფელია ანდრიაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ სერიოზული მიზეზებს ასახელებენ: „თეატრის კედლებზე იყო აფიშები, რომლებიც მათ ჩამოხსნეს და დახიეს; არ გვიშვებს შენობაში არც ნაილი ცოქოლაშვილი და არც ოფელია ანდრიაშვილი. ისინი წარმოდგენის გამართვის უფლებას არ გვაძლევენ. ფორმალურად, მსახიობთა დასი იგივეა, მაგრამ საბუთები   განსხვავებულია, შტატები გაბერილია“.

საქართველოდან კახში ჩასული კათალიკოს-პატრიარქის დასახვედრად თეატრის დასს, მიუხედავად დელეგაციის თხოვნისა, არ მიეცა რეპეტიციების ჩატარების საშუალება და რაიმე სპექტაკლიდან ნაწყვეტის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ფოლად ბულ-ბულ ოღლს აგერ უკვე რამდენიმე კვირაა ამაოდ ელიან ქართული თეატრის მსახიობები. მათ იმედი აქვთ, რომ პირად შეხვედრაზე მაინც შეძლებენ  პასუხის მიღებას კულტურის მინისტრისაგან, რადგან მათი არაერთი წერილობითი მიმართვა დღემდე რეაგირების გარეშე რჩება.

თეატრის დასმა 10 ივლისს კარები აუჭედა კულტურის სახლის დირექტორს ოფელია ანდრიაშვილს. ისინი ამავე დღეს შეხვდნენ რაიონის გამგებელს, მის მოადგილეს და კულტსახლის უფროსს, რომელთაც განაცხადეს, რომ 3 თვე ვერ მოხსნიან თანამდებობიდან ოფელია ანდრიაშვილს. თუმცა, დროის  გაჭიანურების მიზეზს ვერ ხსნიან.

აზერბაიჯანში ქართული სულის შენარჩუნებით ანთებული თეატრის მსახიობები ხელისუფლებისაგან ზეწოლას არ ეგუებიან, ფარ-ხმალს არ ყრიან და ორივე ქვეყნის (აზერბაიჯანისა და საქართველოს) ხელისუფლებისაგან ერთდროულად ითხოვენ ყურადღების გამოჩენასა და მათი პრობლემების მოგვარებას. მათ წერილები გაუგზავნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ორივე ქვეყნის სახალხო დამცველებს.

ეკა დათუნაშვილი

ახალი ამბები