კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი წლის წინ მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის კვალი ყოველდღიურად ღრმავდება

15 აგვისტო, 2005

ნინოწმინდის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საფრთხეშია

ერთი წლის წინ მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის კვალი ყოველდღიურად ღრმავდება

საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა კვლავ განიცდის 2004 წლის 10 სექტემბერს ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფის სავალალო შედეგებს. გაზისა და ნავთობის ერთდროულად ამოფრქვევის შედეგად,  რაც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, განადგურდა დიდი რაოდენობით ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი, ნიადაგი, ამოფრქვეული გაზის შესუნთქვის შედეგად კი მოიწამლა მოსახლეობა, რომელთა შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბავშვები აღმოჩნდნენ. მათ სისხლში მომწამლავი ჩხირები აღმოაჩნდათ.

საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია თუ რა ტიპის მხუთავი გაზები ამოიფრქვა ნიადაგიდან და რა მომწამვლელ ნივთიერებებს სუნთქავდა მოსახლეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

2004 წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას ნავთის წვიმა თავს მოულოდნელად დაატყდა. ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილიდან, რომელიც კატასტროფამდე ბოლო რამოდენიმე თვე დალუქული იყო და მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მოხდა გაზისა და ნავთის ამოფრქვევა, რაც, ნავთობკომპანიის მენეჯერის თემურ გოგილაშვილის თქმით, მიწის ქერქში მიმდინარე ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია. ამოფრქვეული ნავთობის რაოდენობა კი დაზუსტებული არ არის.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობა, რომელნიც სამი დღის განმავლობაში გაოგნებულნი შესცქეროდნენ ქარისგან ღვარად მოტანილ ნავთობის წვიმას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი კატასტროფის პირველივე თვეებში ეწვია სოფელ ნინოწმინდას და ადგილზე გაეცნო სიტუაციას (დაწვრილებითი ინფორმაცია კატასტროფის შედეგების მაშინდელი მდგომარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.humanrights.ge/eng/stat50.shtml). კატასტროფიდან 11 თვის თავზე სიტუაცია დიდად არ გაუმჯობესებულა.

გარდა იმისა, რომ მოსახლეობამ სერიოზული მოწამვლა მიიღო, რაც განსაკუთრებით ბავშვებსა და ქალებში გამოვლინდა, ამოფრქვევის შედეგად დაბინძურდა სასმელი წყალიც. ნავთობკომპანიის მიერ რამდენჯერმე ჩატარებულმა წყლის ანალიზებმა არცერთხელ არ დაადასტურა წყლის მოწამვლა და ამოტომ მოსახლეობას ნება დართეს წყალი სასმელად გამოეყენებინათ. მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ, აკადემიკოს ფაღავას მიერ გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ წყალი მოწამლულია. მის მერ აღწერილ ანალიზში აღნიშნულია, რომ დასალევ ნორმასთან შედარებით წყლის დაბინძურება ორმოცდახუთჯერ მეტია. შედეგად დასნეულდა უამრავი ადამიანი. ამჯერად სოფელს წყალით სპეციალური მანქანებით ამარაგებენ.

სოფ. ნინოწმინდისა და წყაროსთავის საკრებულოს თავჯდომარის შიო შიოშვილის განცხადებით, მთელი მოსახლეობა ექიმთა ყურადღების ქვეშ იყო. თუმცა, ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დახმარების სახით დარიგებული პრეპარატები მხოლოდ იაფასიანი დამამშვიდებელი და ანტი-ალერგიული საშუალებებს წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც მოწამვლის ტიპისა და ხარისხის დასადგენად სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა იყო საჭირო და შემდგომში შესაბამისი მკურნალობის გაწევა. მოსახლეობის უმეტესობამ ვერ შეძლო გამოკვლევებისა და მკურნალობის საკუთარი ხარჯებით წარმოება. აქვე უნდა აღინიშნოს მოსახლეობის აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკირებული იყო ყველა ლაბორატორია, რათა არ მომხდარიყო სწორი დიაგნოზის დასმა. მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მცირეწლოვნების დედაქალაქში წაყვანა სამკურნალოდ, რომლებიც დღემდე მკურნალობის ქვეშ არიან. თუმცა, აღსანიშნავია ასევე, რომ ნავთობკომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ მოსახლეობის მოწამლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ტოქსიკურად მოწამლული არავინ ყოფილა. ნინოწმინდაში ჩასული იყო ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, რომელმაც დახმარება აღუთქვა მოსახლეობას, თუმცა ეს დაპირება მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

მიუხედავად ნავთობ კომპანიის მიერ აღმოჩენილი პატარ-პატარა დახმარებებისა (კერძოდ ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი 845 ათასი ლარისა, რომლისგანაც მხოლოდ 200 ათასი დარიგდა ხალხში), მოსახლეობის გულისტკივილი დღმდე არ ცხრება. ხალხი გულისტკივილს ვერ ფარავს, რომ მთავრობა ხალხის ინტერესებზე მაღლა კომპანიის ინტერესებს აყენებს და საზოგადოებისაგან ამ ფაქტის მიჩუმათებას ცდილობს. ის, რომ აღნიშნული ტრაგედიით დიდად არც მასმედია ინტერესდება, ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნის სერიოზული ეჭვისა და შეშფოთების საფუძველს. ფაქტი ერთია - მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღნიშნული ფაქტი ჩამოაშოროს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს.

კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ სოფლის მოსახლეობას სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები დაურიგა. თუმცა, აღნიშნული პოლისები მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევას ითვალისწინებს და მოსახლეობა პოლისების ფუნქციების გაზრდას მოითხოვენ.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რის გამოც ნინოწმიდელებმა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და „კანარგო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობისაგან კომპენსაციის სახით 28 მილიონ ლარს ითხოვენ.

სასამართლოში ეს სარჩელი 2004 წლის ნოემბერში იქნა შეტანილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ყველანაირი საბუთი ხელთ აქვს, სასამართლომ განხილვა უკვე რამდენჯერმე გადადო. როგორც გავარკვიეთ, საქმე კვლავ ძიებაში დაბრუნდა. ჩვენთან საუბარში მოსახლეობამ გამოთქვა ეჭვი, რომ სასამართლოსა და “კანარგო ჯორჯიას” პრეზიდენტს შორის გარიგებები მიმდინარეობს.

ნინოწმინდაში მომხდარ ფაქტს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი უკვე მეორედ ეხმაურება და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ეკოლოგიური კატასტროფის გამო. ცენტრი მოითხოვს ფაქტის მიუკერძოებელ გამოძიებას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და მოსახლებისათვის კომპენსაციის გადახდას.

თეა გვარაძე

ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები