კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ლტოლვილთა უფლებები დაუცველია

17 აგვისტო, 2005

საქართველოში ლტოლვილთა უფლებები დაუცველია

ჩეჩენ ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში გადასვლის უფლებას არ აძლევენ


უკვე სამი კვირაა, რაც პანკისის ხეობის სოფელ დუისში ორი ჩეჩენი ქალბატონი შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც ახმეტის რაიონის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მოშიმშილეები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისაგან მესამე ქვეყანაში გადაყვანის დაპირების შესრულებას მოითხოვენ, თუმცა, მიუხედავად მათი პროტესტისა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  ჩეჩენთა მოთხოვნებზე რეაგირებას არ ახდენს და არც ოფიციალური უარის დამადასტურებელ დოკუმენტს აძლევს მათ.

პანკისის ხეობაში უკვე სამი კვირაა ორი ქალბატონი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა, რომ გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა მესამე ქვეყანაში გადასვლის ნება დართოს. სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოს უფროსმა ბექა მინდიაშვილმა, რომელმაც პირადად მოინახულა მოშიმშილე ჩეჩნები, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მოშიმშილე ქალბატონი ზოლა ოზუევა ოფიციალურ დოკუმენტს მოითხოვს, რომლის თანახმად, მას მესამე ქვეყანაში გადასვლის უფლება არ აქვს. როგორც თავად ქ-ნი ოზუევა აცხადებს, მას ორი თვის განმავლობაში მესამე ქვეყანაში უპრობლემო გადასვლას ჰპირდებოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ მის მიღებაზე უარს ამბობდა სამი ქვეყანა (ჰოლანდია, ირლანდია და კანადა). შესაბამისად, იგი ოფიციალურად მოითხოვს ამ უარის  დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ქ-ნი ოზუევა აცხადებს, რომ  ოფიციალური წერილის მიღების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას. რაც შეეხება მეორე მოშიმშილეს, ქ-ნ ხალიფად ოკუევას, მან რამდენიმე ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ახმეტის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ის საყოფაცხოვრებო პირობები, რომელიც დუისშია, მას არ აკმაყოფილებს და რადგანაც მესამე ქვეყანაში გადასვლაზე უარი განუცხადეს, თბილისში გადმოსვლა სურს.“

აღსანიშნავია, რომ ჩეჩენი ლტოლვილები უნდობლობას უცხადებენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატს და მას კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი გადმოცემით, ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მესამე ქვეყანაში გადაჰყავდათ არა ჩეჩენი ლტოლვილები, არამედ ქართველები, როგორც ჩეჩნები.

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის იურიდიული სამსახურის უფროსს ქ-ნ ურარა ფურუკავას, რომელმაც განაცხადა, რომ მოშიმშილეთათვის წერილობითი დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლებელია, რადგან მათ ამის რესურსები არ გააჩნიათ. ვინაიდან აღნიშნული თავის გასამართლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, მან განაცხადა, რომ მესამე ქვეყნის სახელით ვერ ილაპარაკებდა, რაც ჩეჩენ ლტოლვილებში კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ გადაგზავნილა ზემოაღნიშნულ ქვეყნებში.

ვითარების გასარკვევად ქ-ნი ურარა ფურუკავა ჩასული იყო პანკისში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაუკავშირდა ქ-ნ ფურუკავას, რომელმაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და ზოგადად გაგვცა პასუხი: „ისეთ შემთხვევაში თუ ლტოლვილები იმყოფებიან ნორმალურ გარემოში განსაზღვრულ ქვეყანაში  გადასვლა არ შეუძლიათ, მაგრამ თუ ეს მათ გაერთიანებაზე მოახდენს გავლენას, ლტოლვილს შეუძლია მოითხოვოს იმ ქვეყანაში გადასახლება სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.“

მიუხედავად ქ-ნი ფურუკავას პანკისში ვიზიტისა, ლტოლვილთა მოთხოვნები ჯერ-ჯერობით დაკმაყოფილებული არ არის და ისინი კვლავ განაგრძობენ შიმშილს, რის გამოც, გამორიცხული არაა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.


ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები