კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების “ხელი” გამოსხივებას ვერ ფარავს

22 აგვისტო, 2005

ხელისუფლების “ხელი” გამოსხივებას ვერ ფარავს

 

ლილოს პოლიგონი მოსახლეობას კვლავ საფრთხეს უქმნის

“ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისთვის” სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის 29 დეკემბერს, ლილოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ნაღმზე აფეთქდა 2 მცირეწლოვანი ბავშვი.  ამას მოჰყვა შესაბამისი უწყებიდან გამნაღმველების გაგზავნა, მაგრამ მათი 30 წლის თანამშრომელიც ნაღმზე აფეთქდა. მან ცალი თვალი და ქვედა კიდური დაკარგა. ეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს არ გაუხმაურებია. ამავე წყაროდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ლილოში 1000 ჰექტარი მიწა დანაღმული და რადიაციულად დაბინძურებულია, რაც დიდი საფრთხის წინაშე აყენებს არამარტო გარემოს, არამედ მოსახლეობასა და მათ შთამომავლობას. ასევე დანაღმულია მცხეთაში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (16 ჰექტარი). ამ მხრივ დამამშვიდებელი სიტუაცია არც კახეთშია - საგარეჯოში ალინჯას ბაზის მიმდებარე ტერიტორია (102 ჰექტარიც) მსგავს მდგომარეობაშია.

საქართველოში არ ყოფილა რუსების მიერ მიტოვებული თითქმის არც ერთი სამხედრო ბაზა, სადაც არ ყოფილა აღმოჩენილი რადიაქტიური ნარჩენები. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონის თანახმად, ყველა რადიაციული ნარჩენი თუ ნივთიერება მკაცრად აღრიცხვის საგანი უნდა იყოს. ის ობიექტები, სადაც მათი შენახვა ხდება,  უშიშროებისა და შს სამინისტროების დაცვას უნდა ექვემდებარებოდეს, რაც საქრთველოში, სამწუხაროდ, არ ხორციელდება.

ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა ლილოს სიახლოვეს (სოფელ სააკაძესა და მარტყოფს შორის)მდებარე რადიაქტიური საცავი, რომელიც 1989 წლიდან 2004 წლის 16 ივნისამდე ფუნქციონირებდა. იგი დღესდღეობით დაკონსერვებულ საცავად ითვლება. აბსოლუტურად უყურადღებოდ მიტოვებულ საცავში კატასტროფული მდგომარეობაა.  არსებობს მისი მთლიანობის დარღვევის საშიშროება, რაც სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს. საუბარი იყო ამ პოლიგონის კონსერვაციისთვის მომზადების პროექტზე, თუმცა ეს წარსულში დარჩა.

შემაშფოთებელია გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველი კავშირის -“ლობოს” პრეზიდენტის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება: “ლილოს საცავი ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დაუცველია ისეთი ობიექტები, რომლებიც გასამხედროებულ დაცვას უნდა ექვემდებარებოდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შიგნით შესვლა. მის ეზოში უპრობლემოდ ხდება ცხოველების შეყვანა. ამ ტერიტორიას ერთი დარაჯიც კი არ იცავს”. თუმცა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო კაკუშაძე ლილოს საცავის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და საფრთხეს ვერ ხედავს.

სოსო კაკუშაძე დამაიმედებელ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, რომ  რადიაციის დონის მიხედვით, საშიში ზონა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ამ მხრივ საინტერესო ხდება ლილოს პოლიგონის შესწავლა რადიაქტიური ფონის დადგენის თვალსაზრისით,  რადგან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე წლების მანძილზე ხდებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნაპოვნია წყაროები, რომლებმაც გამოიწვია რამდენიმე ჯარისკაცის სერიოზული დასნებოვნება, საკმაოდ რეალურია, ვივარაუდოთ, ამ ბაზიდან გატანილ ნარჩენებს შორის მიზანმიმართულად ან შემთხვევით აღმოჩენილიყო რადიაქტიური გამოსხივების წყაროებიც. ამ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, შესაძლოა, ლილოში იყოს სხვადასხვა ტიპის რადიაქტიური გამოსხივების წყაროები.

ლილოს პოლიგონი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, და არა მარტო მათთვის, წარმოადგენს სერიოზული უარყოფითი ზეგავლენის მქონე ობიექტს. მასზე მხოლოდ მიწის მცირე საფარია მიყრილი, სადაც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების ხრწნის პროცესი. ექსპერტთა თქმით, გამოიყოფა მეთანი, ამიტომ შეიძლება მოხდეს მისი დაგროვება და აფეთქება. მეთანის აალების შედეგად წარმოშობილი მავნე ნივთიერებები გამოიყოფა გარემოში (ტოქსინები და კარცინოგენები), რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია და იწვევს ნაყოფის (შთამომავლობის) პათოლოგიებს. გამოდის, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა თითქმის ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, როგორც ამ პოლიგონის მოქმედების დროს.

აღსანიშნავია, ლილოს პოლიგონის დახურვის ფაქტი, რაც ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე განხორციელდა. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვა, ისევე როგორც მისი გახსნა, არ შეიძლება  გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ პოლიგონის ოფიციალურ დახურვასთან მიმართებაში მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. ქალაქის მუნიციპალიტეტმა უგულებელყო კანონის ეს მოთხოვნა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე დახურა ეს პოლიგონი.

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოში აუცილებელია  ისეთი თავდაცვითი ნაგებობის არსებობა, სადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები  ერთად იქნება თავმოყრილი, გაეწევა შესაბამისი კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი გაბნევა. თუმცა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციის თანახმად, სამარხების აშენება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, რადგან ამას სჭირდება ნაგებობის ასაშენებელი ტერიტორიის რამდენიმეწლიანი შესწავლა. გარემოს დაცვის სამინისტრო კი ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიების შერჩევას ახორციელებს, თუმცა ჩვენთვის ამ ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული აღმოჩნდა; მაგრამ სანამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ტერიტორიებს „ოლიმპიური სიმშვიდით“ არჩევს, ამასობაში დღითიდღე იზრდება დასნებოვნებულ ადამიანთა რაოდენობა. ხოლო თუ საფრთხის ხარისხისა და ხასიათის მიხედვით ვიმსჯელებთ, ზიანის მასშტაბების განსაზღვრა შეუძლებელია.

რუსუდან ჯამასპიშვილი

ახალი ამბები