კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებზე თავდასხმები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

14 სექტემბერი, 2005

ჟურნალისტებზე თავდასხმები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება


6 სექტემბერს, გვიან ღამით, ტელეკომპანია „202“-ის გადაცემა „დებატების“ მორიგი წამყვანი ირაკლი კაკაბაძე ორმა დაუდგენელმა პირმა დააყაჩაღა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. ეს ფაქტი ერთგვარი გაგრძელებაა გორში მომხდარი ვანდალური აქტისა, როდესაც ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, რომ ძალადობამ ქართული მედიის საქმიანობაში სერიოზულად შეაღწია.

თბილისის პროკურატურის მიერ  ირაკლი კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული რამდენიმე ვერსია თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო. თავად დაზარალებული და მისი მეგობრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება შეგნებულ პროვოკაციას ეწევა. პროკურატურამ დაკითხა ამ საქმის ერთადერთი მოწმე ტელეკომპანია „202“-ის პროდიუსერი  ზაალ ბაიდაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დაკითხვების დროს, მასზე მორალური ზეწოლა ხორციელდებოდა. ტელევიზიით გასული ვიდეომასალა, რომლის ჩაწერაც მოწმის ნებართვის გარეშე მოხდა, სადაც იგი თითქოს სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს, დამონტაჟებულია. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ზაალ ბაიდაშვილი ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს და „ჰეროინის“ მოხმარების კვალიც „აღმოუჩინეს“.

პუბლიცისტი კაკაბაძე თვლის, რომ  ხელისუფლებას მისთვის ისეთივე სიბინძურის დაბრალება სურს, როგორიც, თავის დროზე, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დააბრალა: „ჩემი ჯიბიდან საფულე დაიკარგა. სამაგიეროდ, ჯიბეში ვიპოვე ორი ცალი პრეზერვატივი. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ჩემი მეგობრის, ზაალ ბაიდაშვილის სახლში სისხლიანი ზეწრები და დამტვრეული საწოლი იპოვეს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა სიბინძურეზე მიდის ხელისუფლება“.

ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტს საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების დაკვეთას უწოდებს. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს: კაკაბაძეს „დებატების“ აღდგენა არ აპატიეს: „ხელისუფლების მიზანი იყო, რომ დაეხურა ტელეკომპანია „202“ და გადაცემა „დებატები“. კაკაბაძემ მათ ამის საშუალება არ მისცა და შესაბამისი პასუხიც მიიღო. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არის ტერორი და ხელისუფლების ასეთი ქმედებების თაობაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს“.
„ყველა ეჭვი, რომელიც კაკაბაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩნდება, ხელისუფლებას უკავშირდება და მათ პასუხის გაცემა მოუწევთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ეჭვების გაბათილებას შეეცდებიან“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ირაკლი კაკაბაძის ცემის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.  იგი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები იღებს ტენდენციის სახეს და ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს.

ბოლო დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები საგრძნობლად გახშირდა, რომლებიც, რატომღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა  შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის.

თბილისის პროკურორი და თავად საქართველოს პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ ირაკლი კაკაბაძის საქმეს მალე აეხდება ფარდა. მაგრამ დაპირებული „მალე“ რა პერიოდს მოიცავს, ძნელი სათქმელია, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან აგერ უკვე შვიდ თვეზე მეტია გასული, პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტიდან კი „სულ რაღაც“ ორი თვე და დანაშაულის შემკვეთებიცა და აღმსრულებლებიც დაუსჯელები დადიან, რომ არაფერი ვთქვათ გიორგი სანაიაზე, რომელიც მართალ სიტყვას შეეწირა. ამ დროს კი ვოვა არუთინიანი კოსმოსიდან გადაღებული სურათით ამოიცნეს.


სტატია მომზადებულია რუსუდან ჯამასპიშვილის მიერ საინფორმაციო სააგენტოების „მედიანიუსისა“ და „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციებზე დაყრდნობით

ახალი ამბები